გოდერძი კუბლაშვილი: ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ თუ ჩემთან წააგებდა სასამართლო დავას, დატოვებდა თანამდებობას...

ვერდიქტი: „ფაქტ–მეტრის“ დასკვნით, გოდერძი კუბლაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: გოდერძი კუბლაშვილმა 2020 წელს ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიას სასამართლოში უჩივლა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ კომისიამ მას უარი უთხრა იმ ნაკვეთის დაკანონებაზე, რომლითაც წლებია სარგებლობს და რომელიც მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ახლოს მდებარეობს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხე მხარეს საკითხის ხელახალი განხილვა დაავალა. კუბლაშვილი ასევე ითხოვდა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე მამუკა ბუიღლიშვილი, რომელიც, პარალელურად, იმ დროს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. როგორც ბუიღლიშვილმა „ფაქტ-მეტრთან“ განმარტა, მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, მან ორივე თანამდებობა 2021 წლის თებერვალში დატოვა. ახლა ის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.

ანალიზი: ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის ოლქში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა გოდერძი კუბლაშვილმა 2021 წლის 8 მარტს განაცხადა, „ადიგენის მერიის აღიარების კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც, ამავე დროს, ქონების მართვის სამსახურის უფროსიც იყო და რამდენიმე დღეა კომისრად დააწინაურეს, პირობა დადო, რომ თუ ჩემთან წააგებდა სასამართლო დავას, დატოვებდა თანამდებობას... ორი ინსტანცია წააგო...“

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

გოდერძი კუბლაშვილი დაბა ადიგენში, არტემ ბალახაშვილის ქუჩაზე, 9 555 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის აღიარების კომისიისგან მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 2 467 კვ.მ-ის დაკანონებას ითხოვდა. ამ ნაკვეთით ის უკვე წლებია, რაც სარგებლობს. კომისიამ კუბლაშვილს მიწის ნაკვეთის აღიარებაზე თანხმობა არ მისცა. როგორც თავად ირწმუნება, მას უარი პოლიტიკური შეხედულებების გამო უთხრეს. ამიტომ კუბლაშვილმა 2020 წლის 17 იანვარს საჩივრით ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა. მოსარჩელემ აღიარების კომისიის იმ განკარგულების (2019 წლის 18 დეკემბრის N99-ე განკარგულება) გაუქმება მოითხოვა, რომლის საფუძველზეც მას მიწის დაკანონებაზე უარი ეთქვა.

კუბლაშვილი ასევე კომისიის თავმჯდომარისა და წევრების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

მამუკა ბუიღლიშვილმა 2020 წლის 6 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ ის მზად იყო, დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეწერებოდა, რომ კომისიამ კუბლაშვილს მიწის ნაკვეთი აუცილებლად უნდა უღიაროს.

„სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ, თუ სასამართლო მე დამავალებს, ვუღიარო კუბლაშვილს მიწის ნაკვეთი და თუ ვიქნები გამტყუნებული მაგ საქმეში, მე ჩავატარებ სხდომას, აღვასრულებ სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმ დღესვე დავტოვებ თანამდებობას“, ¬¬- განაცხადა ბუიღლიშვილმა და დაამატა, რომ სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ ბუიღლიშვილს, მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარეობის პარალელურად, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

თითქმის ცხრათვიანი მსჯელობის შემდეგ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა და გოდერძი კუბლაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ, კომისიამ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი უთხრა.

„სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 05 დეკემბრის N13 სხდომის ოქმი, ასევე ამავე კომისიის 2019 წლის 18 დეკემბრის N99 განკარგულება“, - წერია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიწის აღიარების კომისიას, გოდერძი კუბლაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ადიგენის მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, როგორც გოდერძი კუბლაშვილი და ადიგენის მუნიციპალიტეტის იურისტი, თამარ მაჭარაშვილი აცხადებენ, სააპელაციომ ახალციხის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

„იმიტომ გავასაჩივრეთ სააპელაციოში, რომ ერთადერთი მტკიცებულება [ნოტარიულად დამოწმებული მოწმეების ჩვენებები] ჰქონდათ და ისიც პროცესზე თავად მოწმეებმა უარყვეს. სასამართლო პროცესზე დაიბარეს ეს მოწმეები და ჩვენდა გასაკვირად, გადათქვეს და განაცხადეს, რომ არ ვიცით ეს მიწის ნაკვეთი სად მდებარეობსო. ერთ-ერთმა თქვა, რომ გოდერძი კუბლაშვილი ჩემთან მოვიდა და რადგან ჩემი თანამშრომელის შვილია, ხელი მოვუწერეო.

აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ ეს იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება და სააპელაციოში გავასაჩივრეთ. იმიტომ, რომ აზრი არ აქვს, ხელახლა განხილვას [თუ კუბლაშვილი ახალ დამადასტურებელ დოკუმენტებს არ მოიტანს] იგივე შედეგი დადგება. გოდერძი კუბლაშვილმა ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთს 2007 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა“, - განაცხადა „ფაქტ-მეტრთან“ ადიგენის მუნიციპალიტეტის იურისტმა, თამარ მაჭარაშვილმა.

თამარ მაჭარაშვილი ვარაუდობს, რომ ხელახალ განხილვაზეც, თუ გოდერძი კუბლაშვილი დამატებით მტკიცებულებებს არ წარადგენს, იგივე შედეგი დადგება. აღიარების კომისიის სხდომა მას შემდეგ ჩატარდება, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდებათ.

გოდერძი კუბლაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ხელახალ განხილვაში მამუკა ბიუღლიშვილი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რადგან იგი 2020 წლის თებერვლიდან სხვა პოზიციაზე დაასაქმეს. „ფაქტ-მეტრის“ კითხვას, უკავშირდება, თუ - არა ეს გადაწყვეტილება 2020 წლის 6 ოქტომბერს „სამხრეთის კარიბჭესთან“ გაკეთებულ კომენტარს, მუნიციპალიტეტის იურისტი კატეგორიული უარით პასუხობს. ამ კავშირს თავად ბიუღლიშვილიც გამორიცხავს და აცხადებს, რომ ორივე თანამდებობა მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო დატოვა და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გოდერძი კუბლაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი