დეზინფორმაცია: დოქტორი დერეკ კნაუსი ამტკიცებს, რომ COVID-19 გამოგონილი ვირუსია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში COVID-19-თან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერეკ კნაუსი, ადასტურებს, რომ COVID-19 გამოგონილი ვირუსია. პოსტში ნათქვამია, რომ დოქტორმა 1500 კოვიდ-დადებითი ტესტი ლაბორატორიულად გადაამოწმა. მათ აბსოლუტურ უმრავლესობაში არა COVID-19, არამედ A ან B ტიპის გრიპის ვირუსი აღმოჩნდა. კნაუსი ასევე ირწმუნება, რომ ამერიკაში COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანები, რეალურად, სხვა დაავადებებით იყვნენ დასუსტებულნი, რომელთა გარდაცვალებაც, საბოლოოდ, გრიპმა გამოიწვია. როგორც პოსტებშია აღნიშნული, კნაუსმა COVID-19-ის ცოცხალი ნიმუშები ვერ მოიპოვა, რადგან ისინი არ არსებობს. აღნიშნული პოსტები არაერთ დეზინფორმაციულ ჯგუფში და გვერდზე გაზიარდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). 2021 წლის 21 აპრილის მონაცემებით, პოსტებს ჯამურად 2000-ზე მეტი გაზიარება, 1000-ზე რეაქცია და 500-ზე მეტი კომენტარი აქვს.

სინამდვილეში, ვირუსოლოგი და იმუნოლოგი, დოქტორი დერეკ კნაუსი, არ არსებობს, ის გამოგონილი პიროვნებაა. დეზინფორმაცია, რომელიც მან ვიდეოს მეშვეობით გაავრცელა, სოციალურ ქსელში იდენტური სახით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გავრცელდა. თუმცა მაშინ ტექსტის ავტორად ჯერ დოქტორი რობერტ ოსვალდი, შემდეგ კი დოქტორი ენდრიუ ვეი სახელდებოდა.

დოქტორი რობერტ ოსვალდი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ციტატა მას არ ეკუთვნის. ოსვალდი კორნელის უნივერსიტეტის ვეტერინარიის კოლეჯის მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტში მუშაობს და ვირუსოლოგიაში დოქტორის ხარისხი არ გააჩნია. მისი სახელით გავრცელებული დეზინფორმაცია თავადვე უარყო. საინფორმაციო სააგენტო USA Today-სთან ოსვალდმა განაცხადა, რომ მთლიანი ციტატა ყალბია და მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მეტიც, ოსვალდმა აღნიშნა, რომ COVID-19 რეალურია და ხალხს პირბადის ტარების, სოციალური დისტანციისა და ვაქცინის მიღებისკენ მოუწოდა. აღნიშნული ამბის სიყალბის შესახებ ფაქტების გადამოწმების არაერთი ავტორიტეტული პლათფორმა წერდა (Politifact, Snopes, Leadstories, Healthfeedback).

რაც შეეხება დოქტორ ენდრიუ ვეის, ეს მეცნიერიც, დოქტორ დერეკ კნაუსის მსგავსად, გამოგონილია. ციტატა ენდრიუ ვეის სახელით ესპანურ სოციალურ სივრცეში გავრცელდა. ფაქტების გადამოწმების ესპანური პლატფორმების (Efe, Open online) თანახმად, ამ სახელით კალიფორნიის უნივერსიტეტში არც ვირუსოლოგი და არც იმუნოლოგი არ იძებნება. ანალოგიური ვითარებაა დერეკ კნაუსთან მიმართებითაც - ვირუსოლოგი და იმუნოლოგი არც მსგავსი სახელით არსებობს, ხოლო გავრცელებული ციტატა 2021 წლის დეკემბერში რობერტ ოსვალდს მიწერილი ყალბი ციტატის ანალოგია.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დოქტორი დერეკ კნაუსი ადასტურებს, რომ COVID-19 გამოგონილია, ყალბია. მსგავსი პიროვნება ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის სფეროში არ იძებნება, ხოლო იდენტური ტექსტი 2020 წლის დეკემბერშიც გავრცელდა. გარდა ამისა, ტექსტში მოყვანილი მტკიცებებიც გამოგონილი და ყალბია.

მაგალითად, პოსტში მოყვანილი ლაბორატორიული კვლევა, რითაც 1500 კოვიდ-დადებით ნიმუშში გრიპის A და B ტიპის ვირუსი აღმოჩნდა, არარეალურია. ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით, COVID-19-ისა და გრიპის ვირუსის ნიმუშებს შორის განსხვავების დადგენა შეუძლებელია (ლინკი 1, ლინკი 2). ყალბია მტკიცებაც, თითქოს ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) კნაუსს COVID-19-ის ნიმუშები არ მიაწოდა. ნიმუშები მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომია, რის შესახებ ინფორმაცია CDC-ის ვებგვერდზეც ღიად დევს.

რაც შეეხება COVID-19-ის გრიპის ვირუსთან გაიგივებას, ახალი კორონავირუსის გამოჩენისთანავე მისი გაიგივება სხვა, აქამდე არსებულ და ხშირად გაცილებით სუსტ ვირუსებთან, აქტიურად დაიწყო. გრიპის და COVID-19-ის სიმპტომები მსგავსია. ორივე ვირუსი რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. ორივე ვირუსი ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა. შესაბამისად, მსგავსია ჯანდაცვის ზომებიც - ხელების ჰიგიენა, პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცირება. თუმცა სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მათი ერთმანეთთან გაიგივება, არ შეიძლება, რადგან ისინი ორ სხვადასხვა ვირუსს წარმოადგენენ. ვრცლად გრიპისა და COVID-19-ის განსხვავების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი