შალვა პაპუაშვილი: 20 ივნისის მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარლამენტის შენობაზე იყო შტურმი, რაზეც პოლიციას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი

რეზიუმე: დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეთაგან ზოგიერთმა ძალით სცადა პარლამენტში შეღწევა, რაც განსხვავდება შალვა პაპუაშვილის ინტერპრეტაციისგან, რომ პარლამენტის შენობაზე შტურმი მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატის ინტერპრეტაცია, მოვლენის რეალურ აღწერას ამძიმებს და ფართო მასშტაბს სძენს.

გარდა ამისა, გარკვეულწილად დამახინჯებულად და არასრულად ინტერპრეტირებს პაპუაშვილი დეპარტამენტის აღწერას პოლიციის საპასუხო ქმედებებზე, თითქოს, ანგარიშის თანახმად, შტურმზე პოლიციას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. 2019 წლის ანგარიშში წერია, რომ მაშინ, როცა სამართალდამცავთა უმრავლესობას საკუთარი პოზიციები ეკავა, ზოგიერთმა მათგანმა დემონსტრანტებს ახლო მანძილიდან ესროლა რეზინის ტყვიები, რამაც სერიოზული დაზიანებები გამოიწვია, მათ შორის, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. შესაბამისად, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედის ფაქტორში“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „20 ივნისის [1] მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარლამენტის შენობაზე იყო შტურმი, რაზეც პოლიციას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა“.

დეპუტატს არ დაუზუსტებია, რომელი წლის ანგარიშს გულისხმობდა, შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 და 2020 წლის ანგარიშები გადაამოწმა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება პაპუაშვილის განცხადება სიმართლეს.

დეპარტამენტის 2019 ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ

ანგარიშის დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევების შესაძლო ფაქტების გამოსაძიებლად, თუმცა ნაკლოვანებები კვლავ დარჩა. მათ შორის - „ანგარიშვალდებულების ნაკლებობა იმ არასათანადო საპოლიციო ძალის გამო რომელიც გამოყენებულ იქნა 20-21 ივნისის პროტესტისას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ...“.

ანგარიშში 20 ივნისის პროტესტი „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების“ ნაწილშია აღწერილი.

ნათქვამია, რომ 20 ივნისს რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტში ყოფნასა და სპიკერის ადგილის დაკავებას, რუსული ოკუპაციის ფონზე, 10 000-ზე მეტი ადამიანის პროტესტი მოჰყვა. „პროტესტი მიმდინარეობდა მშვიდობიანად მანამ, სანამ მონაწილეთაგან ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალით სცადა პარლამენტში შეღწევა. მაშინ, როცა სამართალდამცავთა უმრავლესობას საკუთარი პოზიციები ეკავა, ზოგიერთმა მათგანმა დემონსტრანტებს ახლო მანძილიდან ესროლა რეზინის ტყვიები, რამაც სერიოზული დაზიანებები გამოიწვია, მათ შორის, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

იქვე წერია, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანახმად, მიუხედავად ზოგიერთი დემონსტრანტის ძალადობრივი ქმედებისა, პოლიციის მხრიდან გამოყენებულ იქნა არაპროპორციული და გადამეტებული ძალა, რამაც ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, რომ მათ დემონსტრანტთა დასჯა უნდოდათ.

აღსანიშნავია, რომ ამავე ანგარიშში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობებზე 20-21 ივნისის პროტესტის დროს დაუსაბუთებელ დაკავებებსა და დაკავებების დროს შესაბამისი წესების დარღვევების შესახებ (დაკავებულების ფიზიკური შეურაცხყოფა, ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის არმიწოდება და ა.შ), მედიის წარმომადგენლების გამიზნულად დაზიანებაზე.

იქვე ვკითხულობთ, რომ არაერთმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ აქციის დროს პოლიციის მიერ ჟურნალისტების მიმართ გამოყენებული ძალა მკაცრად გააკრიტიკა და ასეთი ინციდენტების გამოძიება მოითხოვა.

დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ

20-21 ივნისის და მის თანმდევ მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშიც ეხება.

ანგარიშში ნახსენებია სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობები პოლიციის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის შესახებ იმ დარღვევებისთვის, რაც მათ 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციისას ჩაიდინეს. იქვე მოყვანილია სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, რომ პოლიციამ სპეციალური საშუალებები დემონსტრანტების წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე გამოიყენა და გამოყენებული ძალა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული პროპორციულად.

ანგარიშში „დაუსაბუთებელი დაკავებების“ ნაწილში ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების დაკავება, რის შესახებაც სახალხო დამცველის ანგარიში მიუთითებდა და აღწერდა, რომ დარღვევების შინაარსი და დაკავების ოქმები იყო „ძირითადად იდენტური და ფორმალური“. ასევე, მოყვანილია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ ივნისის პროტესტის მონაწილეთა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება პროკურორების ბანალური, აბსტრაქტული და, ხშირ შემთხვევაში, იდენტური შუამდგომლობების საფუძველზე მიიღო.

ამავე ანგარიშში ივნისის აქციის დროს დაშვებული ჟურნალისტების შესახებაც არის საუბარი.

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია ისიც, რომ ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით 17 დემონსტრანტს წარედგინა ბრალი, ხოლო სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის სამივე ოფიცერი, რომელთაც ამავე მოვლენებთან დაკავშირებით წარედგინათ ბრალი, გირაოთი გაათავისუფლეს.

დასკვნისთვის შეიძლება ითქვას, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი, ვინაიდან ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ტექსტს არასრულად და დამახინჯებულად ინტერპრეტირებს.

2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეთაგან ზოგიერთმა ძალით სცადა პარლამენტში შეღწევა, რაც განსხვავდება შალვა პაპუაშვილის ინტერპრეტაციისგან, თითქოს პარლამენტის შენობაზე შტურმი მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატის ინტერპრეტაცია, მოვლენის რეალურ აღწერას ამძიმებს და ფართო მასშტაბს სძენს.

გარდა ამისა, პაპუაშვილი დამახინჯებულად ინტერპრეტირებს და არასრულად გადმოსცემს დეპარტამენტის აღწერას პოლიციის საპასუხო ქმედებებზე, თითქოს, შტრურმზე პოლიციას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. 2019 წლის ანგარიშში წერია, რომ მაშინ, როცა სამართალდამცავთა უმრავლესობას საკუთარი პოზიციები ეკავა, ზოგიერთმა მათგანმა დემონსტრანტებს ახლო მანძილიდან ესროლა რეზინის ტყვიები, რამაც სერიოზული დაზიანებები გამოიწვია, მათ შორის, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

[1]შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის მოვლენებში იგულისხმება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქცია და მისი დარბევა, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოში ჩამოსვლასა და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას მოჰყვა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი