ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ინვესტიციები ბოლო 20 თუ 15 წლის განმავლობაში მინიმუმზეა დასული, ინვესტიციებს აღარ დებს არავინ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2020 წელს 619.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელია. 2020 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-ს 3.9%-ს შეადგენდა, რაც აგრეთვე, 2001 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სამართლიანობისთვის, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ 2020 წელს, პანდემიური ვითარება საინვესტიციო სფეროსთვის კატასტროფული - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის აღმოჩნდა. გაეროს პროექციით, პუი მსოფლიოში დაახლოებით 42%-ით შემცირდა და პერსპექტივა ნეგატიურად რჩება. ერთი შეხედვით, უშუალოდ 2020 წელთან მიმართებით საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს, პოლიტიკოსის განცხადება კი სწორედ მთავრობის მიმართ კრიტიკის კონტექსტში გაკეთდა. თუმცა, ინვესტიციების დინამიკა საქართველოში პანდემიამდელ პერიოდშიც პრობლემური იყო. აგრეთვე, 2009 წელს, პოსტსაომარი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები 2020 წლის მონაცემებს აღემატებოდა.

2020 წლის განმავლობაში, ინვესტიციების არსებული დონე, 619.9 მლნ აშშ დოლარი, ძირითადად რეინვესტირებაზე მოდიოდა. რეინვესტირების მაჩვენებელი მაღალი იყო 2019 წელსაც და მთლიანი ინვესტიციების დაახლოებით 50%-ს შეადგენდა. რეინვესტირების მაღალი წილი პუი-ს სტრუქტურაში მიანიშნებს ახალი ინვესტიციების შემოსვლის დაბალ მაჩვენებელზე, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის უარყოფით მოვლენას წარმოადგენს და პოლიტიკოსის მიერ დასმულ აქცენტს ხაზს უსვამს.

ანალიზი:

პოლიტიკური პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, „TV პირველის“ ეთერში განაცხადა: „ინვესტიციები ბოლო 20 თუ 15 წლის განმავლობაში მინიმუმზეა დასული, ინვესტიციებს აღარ დებს არავინ“.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2020 წელს 619.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელია. 2020 წლის IV კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების გამავალი ნაკადები შემომავალ ნაკადებს აჭარბებდა. კვარტალურ ჭრილში, უარყოფითი პუი 1995 წლის შემდეგ (არსებული სტატისტიკის ფარგლებში) პირველად დაფიქსირდა. (ინვესტიციების უარყოფითი დინამიკის შესახებ, იხილეთ სტატია) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დეტალური სტატისტიკა 2000-2020 წლებში, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.

აბსოლუტურთან ერთად, მნიშვნელოვანია ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობითი მაჩვენებლის განხილვაც. ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. თუმცა, აქვე უნდა დავძინოთ, რომ 2010 წლამდე და 2010 წლის შემდეგ მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება შეიძლება მხოლოდ საორიენტაციო სახის იყოს, ვინაიდან 2010 წლის შემდეგ, საქსტატის მიერ მშპ-ს მაჩვენებლის გამოთვლა ახალი მეთოდოლოგიით მოხდა, რამაც აღნიშნულ პერიოდში, მშპ-ს მაჩვენებლის ზრდა მოყვა (აღნიშნულთან დაკავშირებით, იხ სტატია). 2020 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-ს 3.9%-ს შეადგენდა, რაც 2001 წლის შემდეგ, ყველაზე მცირე მაჩვენებელია.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2000-2020 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სამართლიანობისთვის, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ 2020 წელს, პანდემიური ვითარება საინვესტიციო სფეროსთვის კატასტროფული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის აღმოჩნდა. გაეროს პროექციით, პუი მსოფლიოში დაახლოებით 42%-ით შემცირდა და პერსპექტივა ნეგატიურად რჩება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს. თუმცა, ინვესტიციების დინამიკა საქართველოში პანდემიამდელ პერიოდშიც პრობლემური იყო. აგრეთვე, 2009 წელს, პოსტსაომარი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მაჩვენებლები 2020 წლის მაჩვენებელს მაინც აღემატებოდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ინვესტორების სააქციო კაპიტალი, განხორციელებული რეინვესტიციები და სავალო ვალდებულებები.

ცხრილი 2: პუი-ს სტრუქტურა და ფარდობა მშპ-თან, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წლის განმავლობაში, სააქციო კაპიტალის ნაკადები პრაქტიკულად ნულს მიუახლოვდა, რაც ძირითადად, პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისით იყო გამოწვეული. იმავე პერიოდში ინვესტიციების არსებული დონე, 619.9 მლნ აშშ დოლარი, ძირითადად რეინვესტირებაზე მოდიოდა. რეინვესტირების მაჩვენებელი მაღალი იყო 2019 წელსაც და მთლიანი ინვესტიციების 50%-ს შეადგენდა. რეინვესტირების მაღალი წილი პუი-ს სტრუქტურაში მიანიშნებს ახალი ინვესტიციების შემოსვლის დაბალ მაჩვენებელზე, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის უარყოფით მოვლენას წარმოადგენს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ მიერ დასმულ აქცენტს ხაზს უსვამს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი