გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ კრისტინ ლაგარდის გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

რეზიუმე:

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ აქვეყნებს სტატიას, სათაურით - „სიცოცხლის ხანგრძლივობის მომატება საფრთხეა. უნდა შევამციროთ მოსახლეობა“. სტატიაში „ევროპის ცენტრალური ბანკის“ (ECB) პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ (IMF) დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხოსე ვინიალსის, განცხადებებია წარმოდგენილი. ლაგარდის ციტატა - „მოხუცები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ. ეს საფრთხეა მსოფლიო ეკონომიკისთვის, რაღაც უნდა ვიღონოთ“ - ყალბია. ECB-ის თანახმად, მას აღნიშნული განცხადება არასდროს გაუკეთებია. ლაგარდისა და ვინიალსის სხვა ციტატები კი, რაც სტატიაშია გამოყენებული, არ ამბობს, რომ მოსახლეობა უნდა შეამცირონ.

ანალიზი:

2021 წლის 10 მარტს გაზეთმა „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით - „სიცოცხლის ხანგრძლივობის მომატება საფრთხეა. უნდა შევამციროთ მოსახლეობა“. სტატიას თან „ევროპის ცენტრალური ბანკის“ (ECB) პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის, ფოტო ახლავს შემდეგი შინაარსის წარწერით - „მოხუცები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ. ეს საფრთხეა მსოფლიო ეკონომიკისთვის, რაღაც უნდა ვიღონოთ“. ავტორი „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ (IMF) კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხოსე ვინიალსის, განცხადებებსაც განიხილავს. სტატიის მიზანი „ევროპის ცენტრალური ბანკისა“ და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ დისკრედიტაცია და მათი ისე წარმოჩენაა, თითქოს ინსტიტუტები მოსახლეობის შემცირებას ისახავენ მიზნად. „საქართველო და მსოფლიოს“ აღნიშნული სტატია რუსულ ენაზეც აქვს გამოქვეყნებული, რაც სხვა რუსულ სააგენტოებში გავრცელებული სტატიების იდენტურია (ბმული 1, ბმული 2).

ფაქტების გადამოწმების ესპანური პლატფორმის - Chequeado - თანახმად, ლაგარდის ფოტო გაყალბებული ციტატით სოციალურ ქსელში დაახლოებით 300-ჯერ გავრცელდა. აღნიშნული ციტატა სხვადასხვა დროს სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენეს. 2020 წელს ის COVID-19-ის პანდემიას დაუკავშირეს და კრისტინა ლაგარდი ვირუსის შემქმნელად მოიხსენიეს.

სინამდვილეში, არცერთ ღია წყაროში კრისტინ ლაგარდის აღნიშნული ციტატა არ იძებნება. ფაქტების გადამოწმების კიდევ ერთი ესპანური პლატფორმის - Maldita - ცნობით, ციტატა ყალბია. Maldita „ევროპის ცენტრალური ბანკის“ პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ კრისტინა ლაგარდის განცხადება, თითქოს „მოხუცები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ. ეს საფრთხეა მსოფლიო ეკონომიკისთვის, რაღაც უნდა ვიღონოთ“, - არასდროს გაუკეთებია.

კრისტინ ლაგარდი „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ ყოფილი დირექტორიცაა. სავარაუდოა, რომ გაყალბებული ფრაზა ფონდის მიერ გაკეთებული განცხადებების დამახინჯებული ვერსიაა. 2016 წელს ლაგარდიმ დემოგრაფიულ ცვლილებებსა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ისაუბრა. მან ნამდვილად აღნიშნა, რომ „მოსახლეობის დაბერება“ საყოველთაო პრობლემაა და მის მიერ გამოწვეული პრობლემების გასამკლავებლად სხვადასხვა ღონისძიებაა გასატარებელი. თუმცა ტერმინით - „მოსახლეობის დაბერება“ - არა მოხუცების ხანგრძლივად ცხოვრების პრობლემა, არამედ საზოგადოების დემოგრაფიული მდგომარეობა აღინიშნება.

„მოსახლეობის დაბერება“ - მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 65 წლის და ზედა ასაკის ადამიანთა ხვედრითი წილის ზრდას ნიშნავს. ზრდის მიზეზი, ერთი მხრივ, შობადობის შემცირება, მეორე მხრივ კი, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაა. „მოსახლეობის დაბერებას“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესება, მედიცინისა და სოციალური მომსახურების პირობების ზრდა განაპირობებს. სპეციალისტების უმეტესობა, მათ შორის, ლაგარდი, თანხმდება, რომ შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების გატარების გარეშე „მოსახლეობის დაბერებისას“ ქვეყნებს აღარ შესწევთ უნარი, ხანდაზმული მოსახლეობა სოციალურად უზრუნველყოს. ამავდროულად, ხანდაზმულთა წილის ზრდა მოსახლეობაში შრომისუნარიანი პირების რაოდენობის კლებას იწვევს, რაც საშემოსავლო გადასახადების შემცირებაზე პირდაპირ აისახება.

„მოსახლეობის დაბერებით“ გამოწვეული პრობლემების მოგვარების რამდენიმე გზას „საქართველო და მსოფლიოც“ სწორად აყალიბებს: შეღავათების შემცირება, პენსიაზე გასვლის ასაკის გაზრდა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ გამოსავლად ასევე ხანდაზმული მოსახლეობის შრომისუნარიანობის, პროდუქტიულობის გაზრდის წახალისებასა და სათანადო ფისკალური პოლიტიკის გატარებას ასახელებს.

ამრიგად, „საქართველო და მსოფლიოს“ მტკიცება, თითქოს კრისტინ ლაგარდი საფრთხეს მოხუცების ძალიან დიდხანს ცხოვრებაში ხედავს, ყალბია. მით უფრო ყალბია სტატიის სათაური - „სიცოცხლის ხანგრძლივობის მომატება საფრთხეა. უნდა შევამციროთ მოსახლეობა”. მოსახლეობის შემცირებაზე საუბარი არც „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ და არც „ევროპის ცენტრალური ბანკის“ მხრიდან არ ყოფილა.

რაც შეეხება „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ (IMF) კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხოსე ვინიალსის, განცხადებებს, ის 2012 წელს, გლობალური ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის კონფერენციაზეა გაკეთებული. მან „მოსახლეობის დაბერებაზე“ ნამდვილად ისაუბრა და აღნიშნა: „პრობლემის საფუძველი ისაა, რომ წარსულში არ იყო შეფასებული, თუ რამდენ ხანს ცხოვრობდა ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვთანხმდებით, რომ დიდხანს ცხოვრება კარგია, ეს ფინანსურ საფრთხეებსაც ატარებს“. ვინიალსიმაც, ლაგარდის მსგავსად, „მოსახლეობის დაბერებით“ გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ახლავე უნდა დაიწყოს. მას არც ამ და არც სხვა გამოსვლებზე არ უთქვამს, რომ პრობლემა უშუალოდ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაა და ამის გამო მოსახლეობა უნდა შემცირდეს.

ამრიგად, „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატია მეტწილად მცდარია. მასში მოყვანილი განცხადებების ნაწილი რეალობას შეესაბამება, თუმცა სათაურთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს „ევროპის ცენტრალური ბანკი“ და „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ მოსახლეობის შემცირებას გეგმავენ. ამასთან ის კრისტინა ლაგარდის ყალბ ციტატას შეიცავს, რომლის მიზანიც აღნიშნული ინსტიტუტების მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.

წყაროს შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი