EMA: AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის იშვიათ ფორმებს შორის შესაძლო კავშირი იკვეთება, თუმცა ვაქცინის სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შესაძლო რისკი

7 აპრილს, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) AstraZeneca-ს ვაქცინასა და სისხლის შედედების ძალიან იშვიათ ფორმას შორის შესაძლო კავშირის შესახებ განაცხადა. სააგენტოს შეფასებით, ვაქცინის სარგებელი, შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკებს კვლავ აღემატება.

ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) დასკვნით, AstraZeneca-ს ვაქცინის (იგივე Vaxzevria) ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებს შორის - თრომბის (სისხლის კოლტების) წარმოქმნა, რომელსაც თან თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი ახლავს, უნდა იყოს შეყვანილი. EMA-ს უსაფრთხოების კომიტეტმა (PRAC) დასკვნის გამოტანისას, ყველა არსებული მტკიცებულება გაითვალისწინა, მათ შორის, ექსპერტთა დროებითი ჯგუფის რჩევებიც. სააგენტომ თრომბის წარმოქმნის 86 შემთხვევა გააანალიზა, რომლიდანაც 18 ფატალურად დასრულდა.

EMA-ს უსაფრთხოების კომიტეტი (PRAC) აღნიშნავს, რომ თრომბი ვენებსა და ტვინში [ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზი], ასევე, მუცლის არეში და არტერიებში წარმოიქმნება, სისხლში თრომბოციტების დაბალი მაჩვენებლითა და ზოგჯერ სისხლდენით.

EMA-ს რეკომენდაციით, ვაქცინირებულმა პირებმა და მედპერსონალმა უნდა გაითვალისწინონ თრომბის ძალიან იშვიათი შემთხვევების ალბათობა, სისხლის თრომბოციტების დაბალ დონესთან ერთად, ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევათა უმეტესობა 60 წლამდე ასაკის ქალებში ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში გამოვლინდა. თუმცა ამჟამინდელი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ კონკრეტული სქესი ან ასაკი აღნიშნული გართულებების რისკჯგუფს წარმოადგენს.

გართულებების თავიდან ასაცილებლად, ვაქცინირებულმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ აქვთ შემდეგი სიმპტომები: ჰაერის უკმარისობა, მკერდის ტკივილი, ფეხის შეშუპება, მუდმივი ტკივილი მუცლის არეში, ნევროლოგიური სიმპტომები - როგორიცაა მწვავე და მუდმივი თავის ტკივილი ან მხედველობის დაბინდვა, ინექციის ადგილას პატარა ლაქები კანქვეშ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ COVID-19-ის რისკები ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილთან არის დაკავშირებული. ვაქცინაციის შემდგომ დაფიქსირებული თრომბისა და დაბალი თრომბოციტების კომბინაცია ძალიან იშვიათია. შესაბამისად, ვაქცინის საერთო სარგებელი COVID-19-ის პროფილაქტიკაში გვერდითი მოვლენების რისკს აღემატება.

ბრიტანეთის მარეგულირებლის (MHRA) მიმოხილვის თანახმად, დიდ ბრიტანეთში 20 მილიონ დოზაზე თრომბის სულ 79 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 19 გარდაცვალება. ანუ, ვაქცინაციის შემდეგ - ერთი მილიონიდან 4 შემთხვევაში არის თრომბის განვითარების რისკი და ერთი მილიონიდან 1 შემთხვევაში გარდაცვალების.

ევროპის მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, შესაძლოა „შემაშფოთებლად“ გამოიყურებოდეს, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი - თუ ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი დადასტურდება, რისკი წარმოუდგენლად მცირეა - 0.0004% თრომბის განვითარების და 0.0001% გარდაცვალების. COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში სისხლის შედედების რისკები გაცილებით მაღალია. COVID-19-თ ინფიცირებული ადამიანების 7.8% ფილტვის ემბოლია, ხოლო 11.2% ღრმა ვენის თრომბოზი უვითარდება. შესაბამისად, ვაქცინის სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შესაძლო ზიანი.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი