დეზინფორმაცია: რიონის ხეობაში თურქული სპეციალური დანიშნულების რაზმები შევიდნენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 6 აპრილს, Facebook-მომხმარებელმა დავით ნემსაძემ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის გამოეხმაურა რიონის ხეობაში 4 აპრილს განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლება თურქული ინტერესების გატარებასა და თურქეთის სპეციალური დანიშნულების ჯგუფების შემოყვანაში დაადანაშაულა.

ნემსაძე ვიდეოში აცხადებს, რომ: „თურქეთის სახელმწიფომ, ნამახვანჰესთან დაკავშირებით შემოიყვანა თავისი სპეციალური ძალები. ესენი, დღეს, რო იცოდეთ აღჭურვილები არიან ე.წ. რობოკოპების ტიპის ეკიპირებით. ეს გააკეთეს იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან და ქართულ საზოგადოებასთან არ მოხდეს მათი დანდობა და ესეთი სისასტიკით გაუსწორდნენ ხალხს... და თურქები ამის გამკეთებლები არიან დამიჯერეთ“.

ნამახვანის ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოში თურქეთის სპეციალური დანიშნულების რაზმების შემოყვანა არც ერთი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ არ დასტურდება და არც ვიდეოს ავტორს წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება საკუთარი ბრალდების გასამყარებლად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 აპრილს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რიონის ხეობაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები იყვნენ ადგილზე მობილიზებულნი.

ნემსაძე, რომელიც ყოფილი სამხედროა და წარსულში თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებში მუშაობდა, ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და თავს პოლიტიკურ დევნილს უწოდებს. იგი ქსენოფობიური და განსაკურებით ანტითურქული რიტორიკითა და პროპაგანდით გამოირჩევა. ხშირად ავრცელებს დაუსაბუთებელ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფოსა და მასთან „დაკავშირებული“ ქართული ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების შესახებ. ნემსაძე ნამახვანჰესთან დაკავშირებით ანტითურქულ გზავნილებს აქამდეც აჟღერებდა.

ნემსაძე პრორუსულ „ქართულ მარშთან“ და მის ლიდერთან, სანდრო ბრეგაძესთან დაახლოებული პირია და მისი ძმა, ასევე ყოფილი სამხედრო, ერმალო ნემსაძე, ამ პოლიტიკური პარტიის აქტიური წევრია. შეგახსენებთ, რომ ერმალო ნემსაძე რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებდა,ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასა და „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას ლიკვიდაციისთვის, საქართველოში სპეციალური დანიშნულების ძალები შემოეყვანათ.

„ფაქტ-მეტრმა“ ნემსაძის მიერ ვიდეოში გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც მიმართა, სადაც სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურეს, რომ რიონის ხეობაში თურქეთის სპეციალური დანიშნულების რაზმების შეყვანა არ მომხდარა.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი