დეზინფორმაცია: ისრაელში, ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაზე 40-ჯერ მეტია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გამომცემლობა „საქართველო და მსოფლიო“ ისრაელში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით დეზინფორმაციის შემცველ ინფორმაციას ავრცელებს. 10 მარტის ინფორმაციაში, რომელიც Facebook-ზეც გავრცელდა, მოყვანილია მტკიცება, თითქოს ისრაელში Pfizer-ის (სტატიაში Ptizer-ად წოდებული) ვაქცინაციით, ხანდაზმულთა სიკვდილის შემთხვევები, ისრაელში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რიცხვზე 40-ჯერ მეტია. სტატიაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული ინფორმაცია „ექს-მარსელის ტროპიკული დაავადებების უნივერსიტეტის“ სამეცნიერო კვლევას ეყრდნობა, რომელიც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ასევე, სტატიის თანახმად, ახალგაზრდებში ვაქცინით გარდაცვალების მაჩვენებელი, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელზე, გაცილებით მეტია. იდენტური ინფორმაცია საიტ georgia.shafaqna.com-ზეც გავრცელდა.

„საქართველო და მსოფლიოს“ მიერ ნახსენები კვლევა, რომელიც ვაქცინაციით გარდაცვლილთა აღნიშნულ რიცხვს უნდა ადასტურებდეს, არ იძებნება. მსგავსი ინფორმაციის შემცველი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, ასევე არ იძებნება მარსელის „ინფექციებისა და ტროპიკული დაავადებების უნივერსიტეტის ჰოსპიტალის“ ოფიციალურ გვერდზე. სტატიის გამოქვეყნების დროისთვის, 10 მარტს, ისრაელს კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით, სხვა ქვეყნებთან შეადარებით, მოსახელობის ყველაზე დიდი ნაწილი - 57% ჰყავდა აცრილი.

ისრაელში, სტატიის გამოქვეყნების თარიღისათვის, კორონავირუსის ინფექციით 5950 ადამიანი იყო გარდაცვლილი. ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევა კი - როგორც სტატიის გამოქვეყნების დროს არსებული, ისე დღეის მონაცემებით, ისრაელში არ დაფიქსირებულა.

ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაცია 20 დეკემბერს, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში და სამედიცინო პერსონალში, დაიწყო. 13 იანვრიდან ისრაელმა 50 წლის ან უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. 28 იანვრიდან - 35 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის, ხოლო 4 თებერვლიდან - 16 წლის ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ვაქცინის ბენეფიციართა ჯგუფი გაზარდა და ყველა თავსებადი ასაკობრივი კატეგორია მოიცვა, ეპიდაფეთქების შემდეგაც კი, რომელიც ქვეყანაში 23 დეკემბერს Covid-19-ის ახალი ბრიტანული შტამის - Lineage B.1.1.7-ის გამოჩენას მოჰყვა, სიტუაცია დასტაბილურდა. შესაბამისად, როგორც დაინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობა, ვაქცინაციის ფონზე საგრძნობლად შემცირდა.

ვაქცინირებულთა შორის COVID-19-ის სიმპტომური შემთხვევები ისრაელში, თებერვლის მონაცემებით - 94 პროცენტით შემცირდა. ისრაელის ცნობით, COVID-19-ის (Pfizer-ის) ვაქცინით აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენები მხოლოდ 0.3%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა.

---------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი