25 მარტს საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - „ფაიზერის“ 29 250 დოზა მიიღო. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შესაბამის კლინიკებში დაიწყება. „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლიდან მალევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, იმ მომხმარებლებში, „ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული“ - ვაქცინასთან დაკავშირებულ შესაძლო ადგილობრივ გართულებებზე, კომენტარი გააკეთა. ამირან გამყრელიძის განცხადების თანახმად, „ფაიზერით“ იმუნიზაციამ შეიძლება, გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური გართულებები იმ ადგილას გამოიწვიოს, სადაც ფილერი არის გამოყენებული. ფაიზერის კითხვარს ფილერების გამოყენებასთან დაკავშირებით დაემატა კითხვა. შესაბამისად, ვაქცინაციამდე პირს დამატებით შეეკითხებიან, აქვს, თუ - არა ფილერი გამოყენებული.

აღნიშნული საკითხი ტელეკომპანია „TV პირველმა“ 25 მარტს შემდეგნაირად გააშუქა: „პლასტიკური კოსმეტოლოგიის მოყვარულებს ცუდი ამბავი დღეს ამირან გამყრელიძემ შეატყობინა. დიდი ალბათობით ისინი „ფაიზერის“ ვაქცინას ვერ მოიხმარენ, ან ვაქცინაციამდე ექიმთან საგანგებო კონსულტაცია უნდა გაიარონ“. სიუჟეტს თან ერთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძის განცხადება, რომელიც „TV პირველის“ მიერ არასწორად გაშუქდა და მიეწოდა ტელემაყურებელს. „TV პირველის“ სიუჟეტის თანახმად, ამირან გამყრელიძემ მოუწოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ფილერს იყენებენ, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე „ფაიზერის“ ვაქცინა არ გაიკეთონ.

სინამდვილეში, ამირან გამყრელიძეს განცხადებაში არ უთქვამს, რომ ის ადამიანები, ვინც ფილერებს იყენებენ, „ფაიზერის“ ვაქცინას ვერ მოიხმარენ, ან მათ ვაქცინაციამდე ექიმთან საგანგებო კონსულტაცია დასჭირდებათ. გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, „ფაიზერის“ ვაქცინით იმუნიზაციამ გამოიწვიოს გარკვეული ადგილობრივი (და არა სისტემური) გართულებები, რაც საჭიროებს მკურნალობას. სწორედ ამიტომ, ვაქცინაციამდე პირს დამატებით ადგილზევე შეეკითხებიან, აქვს თუ - არა ფილერი გამოყენებული.

ფილერების გამოყენება COVID-19-ის ვაქცინაციის ჩატარების წინააღმდეგ ჩვენებად არ ითვლება და ვაქცინაციის გადადების მიზეზად არ მოიაზრება. მათ, ვისაც ფილერი აქვთ გაკეთებული, ვაქცინაციისგან თავი არ უნდა შეიკავონ. ფილერზე გამოვლენილი რეაქცია სერიოზულ გართულებად არ ითვლება.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ სტატიაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ დამტკიცებულ „ფაიზერის“ ვაქცინასა და დერმალურ ფილერებს შორის არსებულ კავშირს მიმოიხილავს.

დერმალური ფილერი, იგივე კანის შემავსებელი, კოსმეტიკურ ქირურგიაში ფართოდ გავრცელებული პროდუქტია, რომელიც სახის მოცულობითი კორექციისთვის, დეფექტების აღმოფხვრისთვის და პროპორციების აღდგენისთვის გამოიყენება. ფილერი სახის კანში ინექციის გზით ხვდება. დერმალურ ფილერებს მიმართავენ მიმიკური ნაოჭების ამოსავსებად; ტუჩის მოცულობის გასაზრდელად; ცხვირის, წარბის, თვალის კუთხის, ყვრიმალების და ა.შ კორექციისთვის.

პლასტიკური ქირურგის გია გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-ის აცრას და ფილერების გართულებებს შორის კავშირი პირველად 2020 წლის დეკემბერში, „მოდერნას“ გამოცდის პერიოდში იქნა აღწერილი. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ „მოდერნას“ ვაქცინასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღწერილია კლინიკური ცდების შედეგები. დოკუმენტის თანახმად, 15 184 ცდის პირიდან, რომლებსაც „მოდერნას“ ვაქცინა გაუკეთეს, სამს დერმალური ფილერის ინექციის ადგილი 1-2 დღეში შეუშუპდა. აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში შეშუპება მარტივად, დამატებითი მკურნალობის გარეშე მოგვარდა.

გია გვარამიას განცხადების თანახმად: „სადღეისოდ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მილიონობით აცრაა ჩატარებული, ფილერების გართულებების შემთხვევები უაღრესად იშვიათია... ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დერმალური ფილერების გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ ითვლება კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ჩატარების წინააღმდეგ ჩვენებად და არ მოიაზრება ვაქცინაციის გადადების მიზეზად. კოვიდ-19-ით დაავადების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული ფილერის გართულების განვითარების რისკი...ანალოგიურად, სადღეისოდ არ არსებობს მიზეზი, დერმალური ფილერები არ გამოიყენონ უკვე აცრილმა პაციენტებმა, მით უფრო, რომ ვაქცინაციის შემდგომ ჩატარებული ფილერის შეყვანის პროცედურების შემდეგ, ჯერჯერობით გართულების არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი“.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ ფილერებთან დაკავშირებული იმუნური რეაქცია არ არის ახალი და წლების წინ, გრიპის ვაქცინასთან მიმართებაში იქნა აღმოჩენილი. „ფაიზერით“ ვაქცინაციის დროს აშშ-ის და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შემჩნეული იქნა გარკვეული რეაქცია. თუმცა ფილერი არ არის ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება. ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული, არ უნდა შეეშინდეთ და ამის გამო თავი არ უნდა შეიკავონ ვაქცინაციისგან. მისი თქმით, თუ ფილერის გამოყენების ადგილას შეშუპება განვითარდა, რამდენიმე დღით სტეროიდი (მაგ. დექსამეტაზონი) ინიშნება და შეშუპება უკვალოდ ქრება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, COVID-19-ის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის გაკეთება იმ პირებისთვის, რომლებიც დერმალურ ფილერს იყენებენ (და ბუნებრივია, ვაქცინის შემადგენელ ნივთიერებებზე არ არიან ალერგიული), დასაშვებია. ი-რნმ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ფილერის ადგილას შესაძლოა, განვითარდეს შესიება. შესიება დროებითია და მკურნალობას მარტივად ექვემდებარება. პირს, რომელსაც ფილერი აქვს გაკეთებული, აძლევენ რეკომენდაციას, რომ თუ ვაქცინაციის შემდეგ ფილერის ადგილი შესივდა, მიმართოს ექიმს.

ამასთან ერთად, CDC-ის კითხვარს, რომელიც ვაქცინების გაკეთებამდე პირზე საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენება, დაემატა კითხვა იმის შესახებ, აქვს, თუ - არა პირს გაკეთებული დერმალური ფილერი.

ფილერებსა და „ფაიზერის“ ვაქცინას შორის კავშირის შესახებ 2021 წლის 26 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ მედია-ვებინარზეც ისაუბრეს. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია გოთუას თანახმად, ვაქცინამ 1-2 დღის შემდეგ შესაძლოა, რომ გამოიწვიოს შეშუპება, შეწითლება იმ ადგილას, სადაც ფილერია შეყვანილი. თუმცა, ფილერზე გამოვლენილი რეაქცია არ მიიჩნევა სერიოზულ გართულებად. მსგავსი რეაქცია მხოლოდ COVID-19-ის ვაქცინისთვის არ არის დამახასიათებელი. ანალოგიური რეაქცია სტომატოლოგიური ჩარევისას, გრიპის ვაქცინის გამოყენებისასაც შეიძლება დაფიქსირდეს. ამიტომ თუ პირველი დოზის დროს გამოვლინდა რეაქცია ფილერზე, ვაქცინის მეორე დოზის მიღება კვლავ დასაშვებია.

ამერიკის ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ასოციაციის განცხადების თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ დერმალურ ფილერზე გამოვლენილი რეაქციები საკმაოდ იშვიათია და რეაქცია სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან ერთად, ვაქცინა არ არის შემზღუდველი ფაქტორი მომავალში ფილერის კვლავ გამოყენებისთვის. გია გვარამიას თანახმად, რეკომენდებულია, რომ COVID-19-ის აცრის გაკეთებამდე 2 კვირით ადრე და გაკეთების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში, ასევე, აცრის დოზებს შორის შუალედში პირმა დერმალური ფილერის გამოყენებისგან თავი შეიკავოს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი