დეზინფორმაცია: 2020 წელს ესპანეთში წინა წლებთან შედარებით ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, რაც Covid-19-ის არარსებობას ამტკიცებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-პროფილი „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ მორიგ დეზინფორმაციას, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის შესახებ ავრცელებს. 2 თებერვალს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, რომელსაც დღემდე 121 გაზიარება აქვს, გვერდი ესპანეთში ყოველწლიურად გარდაცვლილთა შესახებ არარელევანტური სტატისტიკური მონაცემების მოყვანით, იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ კორონავირუსი არ არსებობს. „ეს არის უტყუარი მტკიცებულება რომ კოვიდ პანდემია სრული სიყალბეა!“ ,- წერია პოსტის აღწერაში. მომხმარებლის მიერ მოყვანილი სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს, ესპანეთში გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის მიუხედავად, წინა 5 წელთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია. პოსტის ავტორს საკუთარი მოსაზრების დასამტკიცებლად, ესპანურენოვან სამედიცინო ჟურნალ Salud Discovery-ის, მსგავსი შინაარსის შემცველი სტატიის ბმული აქვს მოყვანილი. ასევე, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული გარდაცვალების სტატისტიკის 22 იანვრის ვერსია, რომლის ფოტო პოსტსაც აქვს დართული.

აღსანიშნავია, რომ საიტი Salud Discovery, რომელიც მომხმარებლის მიერ გაზიარებული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს, ანტივაქსერული სტატიებით გამოირჩევა. ასევე, ონლაინ გამოცემის სტატიებში, ვირუსის ხელოვნურ წარმომავლობასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციული მტკიცებები ხშირია.

რაც შეეხება უშუალოდ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტს, რომელიც ასევე პოსტის წყაროდ არის მოყვანილი, აღსანიშნავია, რომ დოკუმენტზე, 22 იანვრით დათარიღებული წარწერის თანახმად, წინა თვეს დაფიქსირებული სიკვდილიანობის მონაცემების სრულყოფილი განახლება ყოველ მომდევნო თვეს არ ხდება, რაც იმ ფაქტს უსვამს ხაზს, რომ გვერდის მიერ დამოწმებული 2020 წლის სიკვდილიანობის ზოგადი ინდექსი, რომელიც 2021 წლის 22 იანვრით თარიღდება, 2020 წელს დაფიქსირებულ ზოგადი სიკვდილიანობის ზუსტ სტატისტიკას, არ შეიცავდა.

მოგვიანებით, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კონკრეტული დოკუმენტი 19 თებერვლის თარიღით განაახლა, რის თანახმადაც 2020 წელს ესპანეთში სულ 463 807 გარდაცვალების შემთხვევაა, რაც ბუნებრივია, კორონავირუსის სიკვდილიანობის გამო, წინა წლებში დაფიქსირებულ მონაცემებზე, გაცილებით მაღალია.

კოორნავირუსმა ესპანეთში 2020 წელს 50 837 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სოციალურ ქსელში სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია, რომლის მიზანსაც კორონავირუსის არარსებობის დამტკიცება წარმოადგენდა, აქამდეც ხშირად გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (წყარო 1; წყარო 2; წყარო 3).

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი