ლიეტუვის კლინიკაში ექიმების ინფიცირება Pfizer-ის ვაქცინას არ გამოუწვევია

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ანალიზი:

Facebook-მომხმარებელმა, შორე შანიძემ, რომელიც კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინის შესახებ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს, სოციალურ ქსელში მორიგი მანიპულაციური პოსტი გამოაქვეყნა. გავრცელებული პოსტის თანახმად, ლიეტუვის კლინიკაში Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ 70 ექიმი დაინფიცირდა. აღნიშნული ინფორმაცია დამატებითი კონტექსტის გარეშე მომხმარებლებს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ექიმები Pfizer-ის ვაქცინამ დააინფიცირა.

სინამდვილეში, 15 იანვარს ლიეტუვის კლინიკაში Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ ექიმები ნამდვილად დაინფიცირდნენ, თუმცა ეს ვაქცინასთან დაკავშირებული არ ყოფილა. კლინიკის ინფექციური დაავადებების ხელმძღვანელის, ლიგიტა იანჩორენეს, თანახმად, ექიმებს, დიდი ალბათობით, კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი ჰქონდათ. მან განმარტა, რომ ვაქცინა მოქმედებას აცრიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში იწყებს და ამ დროს ინფიცირება სრულიად ნორმალურია. იანჩორენი ასევე აღნიშნავს, რომ ვაქცინის 95%-იანი ეფექტურობა მხოლოდ მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში მიიღწევა.

ანალოგიურ ინფორმაციას გვაწვდის ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიც (CDC). კორონავირუსის შესახებ მითებისა და ფაქტების შესახებ განკუთვნილ განყოფილებაში გარკვევით წერია, რომ ვაქცინაციის შემდეგ სხეულს იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირა სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი კორონავირუსით შესაძლოა, ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციის შემდეგ მალევე დაინფიცირდეს.

აღსანიშნავია, რომ შორე შანიძე მომხმარებელს ინფორმაციას შეგნებულად უმალავს. სტატიაში, რომელსაც შანიძე გავრცელებული ინფორმაციის წყაროდ იმოწმებს, გარკვევით წერია, რომ ინფიცირება Pfizer ვაქცინას არ გამოუწვევია.

შესაბამისად, შორე შანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიეტუვის კლინიკაში ექიმები Pfizer-ვაქცინის მიღების შემდეგ დაინფიცირდნენ, ფაქტებით მანიპულირებაა. სრული კონტექსტის გარეშე მომხმარებელს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ინფიცირება Pfizer ვაქცინამ გამოიწვია. სინამდვილეში, ინფიცირებასა და ვაქცინას შორის კავშირი არ დგინდება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი