მაია ხაჯიშვილი: გასულ წელს დაწყებული გვქონდა უკვე რვა მშენებლობა და ოცდაათამდე რეაბილიტაცია.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მაია ხაჯიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: აჭარის ა/რ ტერიტორიაზე, ექვსივე მუნიციპალიტეტში, 2020 წელს რვა სკოლისა და ორი სპორტული დარბაზის მშენებლობის პროექტი ხორციელდებოდა, რომლებიც დღესაც გრძელდება. შესყიდვები მრავალწლიანია და 2019-2021 წლებს მოიცავს. ამ დროისთვის დასრულებულია მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დაწყებითი კორპუსის მშენებლობა, რისთვისაც აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან გადახდილია 384 802 ლარი.

დანარჩენი ცხრა პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 20 469 600 ლარს შეადგენს. აქედან 10 190 900 ლარი მიმწოდებლებისთვის უკვე გადახდილია.

გარდა ამისა, ყველა მუნიციპალიტეტში, ჯამში, ორმოცდაათზე მეტ საჯარო სკოლაში, სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და ნაწილში კვლავ მიმდინარეობს, მათ შორის, სველი წერტილებისა და მასთან დაკავშირებული კომუნიკაციების მოწყობა. ამ მიზნით სამინისტროს გაფორმებული აქვს ოცდაერთი ხელშეკრულება, საიდანაც მხოლოდ თხუთმეტი დასრულდა. თუმცა თორმეტ შემთხვევაში, მიმწოდებელ კომპანიებს, სახელშეკრულებო ვადების დარღვევის გამო, პირგასამტეხლო დაეკისრათ. დარღვეულია ოთხი მიმდინარე პროექტის დასრულების ვადებიც და კომპანიებს დაკისრებული აქვთ პირგასამტეხლო, ხოლო ორ შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულება საერთოდ შეწყდა. ორივე შემთხვევაში, მიმწოდებელი შპს „თა-ზო“ იყო და მას რამდენიმე საჯარო სკოლის სველი წერტილებისა და შესაბამისი კომუნიკაციების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა.

ორივე ხელშეკრულება 2020 წლის აგვისტოს გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის აღნიშნული სკოლები კოვიდპანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს ვერ დააკმაყოფილებდნენ. მართალია, სწავლა ონლაინრეჟიმში გაგრძელდა, მაგრამ იმ პერიოდისთვის ეს გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, ან უარყოფითი შედეგით დასრულდა, რაც, თავისთავად, მიუთითებს, რომ სამინისტრომ სატენდერო პროცედურები დროულად და უხარვეზოდ ვერ დაგეგმა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ განათლების მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პოზიტიურ კონტექსტში ისაუბრა, რომ მოსწავლეების რაოდენობის ზრდასთან ერთად სკოლების რაოდენობაც იზრდება, რათა მათ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ შეეზღუდოთ. ეს ასე არ არის. ბათუმის ბევრ სკოლაში კლასები გადატვირთულია და მშობლები პირველკლასელების დარეგისტრირებას სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში ვერ ახერხებენ. ჩვენ არაერთი წელია, რაც გვესმის, რომ სკოლები და დამატებითი კორპუსები აშენდება, მაგრამ სიტუაცია კვლავ უცვლელია. ამასთანავე, სხვა მუნიციპალიტეტების არაერთ სკოლაში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი დღემდე რჩება. აქედან გამომდინარე, მინისტრის მიერ დასახელებული ციფრები სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ განცხადების შინაარსი არსებულ სიტუაციას ზუსტად არ ასახავს.

ანალიზი: აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განაცხადა: „გასული [2020] წელს დაწყებული გვქონდა უკვე რვა [სკოლის] მშენებლობა, რომლის ნაწილი დღესაც გრძელდება. გარდა ამისა, გვქონდა ოცდაათამდე რეაბილიტაცია“.

იმას, რომ აჭარაში 2018-2019 წლებში 14 ახალი სკოლა აშენდებოდა, საზოგადოებას ჯერ კიდევ 2017 წელს ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი დაჰპირდა. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული დაპირება 2019 წლის მაისში გადაამოწმა. როგორც აღმოჩნდა, დაპირება არ შესრულდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

2019 წელს აჭარის ა/რ განათლების სამინისტრომ სკოლების მშენებლობაზე არაერთი შესყიდვა გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში, ტენდერი შეწყდა, ან უარყოფითი შედეგით დასრულდა. იმავე მიზნით, ტენდერები განმეორებით გამოცხადდა. ეს ნიშნავს, რომ პროექტების განხორციელება დაგეგმილზე გვიან დაიწყო.

საბოლოოდ, 2019 წელს, სამინისტრომ აჭარის მუნიციპალიტეტებში რვა სკოლის მშენებლობის სამუშაოები შეისყიდა. აქედან, დასრულდა არა სკოლების ნაწილის მშენებლობა, როგორც ამას განათლების მინისტრი აცხადებს, არამედ მხოლოდ ერთი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის მშენებლობა, რისთვისაც გადახდილია 384 802 ლარი. შვიდი სკოლის მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს. დანართი 1.

ცხრილი 1. აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების მშენებლობის მიმდინარე პროექტები

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის სკოლების მშენებლობის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერები შეწყდა, ან უარყოფითი შედეგით დასრულდა. მათ შორის, ბეღლეთის სკოლის პროექტის განხორციელება მხოლოდ მესამე ჯერზე გახდა შესაძლებელი.

საჯარო სკოლების მშენებლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება ჯამში 20 469 600 ლარია, ხოლო უკვე ათვისებული თანხის ჯამური მოცულობა 10 190 900 ლარს შეადგენს.

საინტერესოა, რომ განათლების მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პოზიტიურ კონტექსტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსწავლეების რაოდენობის ზრდასთან ერთად სკოლების რაოდენობაც იზრდება, რათა სივრცე, სადაც მოსწავლეები განათლებას იღებენ, ხარისხიანი იყოს და განათლებაზე მათი ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. სინამდვილეში, ბათუმის ბევრ სკოლაში კლასები გადატვირთულია და მშობლები პირველკლასელების დარეგისტრირებას სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში ვერ ახერხებენ. ჩვენ არაერთი წელია, რაც გვესმის, რომ სკოლები და დამატებითი კორპუსები აშენდება, მაგრამ სიტუაცია კვლავ უცვლელია. ამასთანავე, სხვა მუნიციპალიტეტების არაერთ სკოლაში დღემდე რჩება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა.

სკოლების გარდა, სამინისტრო დაბა ქედის საჯარო სკოლისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის სპორტული დარბაზების მშენებლობის პროექტებს ახორციელებს. ორივე 2021 წელს უნდა დასრულდეს.

საჯარო სკოლების მშენებლობის პარალელურად, მუნიციპალიტეტებში ორმოცზე მეტი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ამ მიზნით ოცდაერთი ხელშეკრულებაა გაფორმებული. აქედან ორ ტენდერში (NAT200010521) და (NAT200010520) გამარჯვებულია შპს „თა-ზო“, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. საუბარია სსიპ ბათუმის №26, №27, ქობულეთის №5 საჯარო სკოლებში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელების: სკურას, შუაღელის, კონდიდისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის სკოლებში სველი წერტილებისა და შესაბამისი კომუნიკაციების ნაწილობრივ ან სრულ რეაბილიტაციაზე. ორივე ხელშეკრულება 2020 წლის აგვისტოში გაფორმდა.

საინტერესოა ერთი გარემოება: შარშან, სანამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდებოდა, ყველა სკოლას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაკმაყოფილების მითითება მიეცა. ეს მითითება სველი წერტილების მოწესრიგებასაც გულისხმობდა. „ფაქტ-მეტრმა“ აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში არსებული სკოლების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის აპრილში გამოითხოვა. მაშინ სკოლების ნაწილში სველი წერტილების მოწესრიგების სამუშაოები საწყის ეტაპზე იყო. სექტემბერში კი, როცა საკითხს მივუბრუნდით, ყველა მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა გვითხრა, რომ მათთან ჰიგიენური ნორმების დაცვის პრობლემა არ იქნებოდა და სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული დახვდებოდნენ. დღეს ირკვევა, რომ არაერთ სკოლაში სველი წერტილებისა და მასთან დაკავშირებული კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა. სამუშაოებს ახლა სხვა კომპანიები ახორციელებენ და პროექტები დასრულებული არ არის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2020 წელს, რეაბილიტაციის მიზნით გაფორმებული ოცდაერთი ხელშეკრულებიდან, მხოლოდ თხუთმეტი დასრულდა. აქედან თორმეტ შემთხვევაში მიმწოდებელ კომპანიებს, სახელშეკრულებო ვადების დარღვევის გამო, პირგასამტეხლო დაეკისრათ. დარღვეულია ოთხი მიმდინარე პროექტის დასრულების ვადებიც და კომპანიებს დაკისრებული აქვთ პირგასამტეხლო. დანართი 2

მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტების ჯამური ღირებულება 3 182 940 ლარს შეადგენს. მთლიანი ღირებულებიდან 3 მლნ ლარზე მეტი კომპანიებისთვის უკვე გადახდილია. აქედან 265 ათას ლარზე მეტი - ავანსის სახით, მათ შორის იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც, სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო, პირგასამტეხლო დაეკისრათ.

ფოტო: batumelebi.netgazeti.ge

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი