დეზინფორმაცია: ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინები ვირუსის დაწყებამდე შექმნეს

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემ პირად პროფილზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საუბრობს. შანიძე თენგის ცერცვაძის სიტყვებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ „ვაქცინები შექმნილი ყოფილა კაცო ვირუსამდე“. შორე შანიძე პოსტში თენგიზ ცერცვაძის სიტყვებით მანიპულირებს, სინამდვილეში კორონავირუსის ვაქცინა ვირუსის აღმოჩენამდე ნამდვილად არ შექმნილა.

რეალურად, 2020 წლის 14 მარტს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე „ტელეიმედის“ ეთერში, „დილის შოუში“ სტუმრად ნამდვილად იყო მიწვეული. მან პირდაპირ ეთერში მსოფლიოში არსებულ კოვიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მეტი ინტელექტუალური ძალები კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნაზე იყო კონცენტრირებული. აღნიშნულის ხაზგასმით, ცერცვაძემ ვაქცინაზე მუშაობის პროცესში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. კონკრეტულად, თენგიზ ცერცვაძე ამბობს: „ვაქცინა მზად არის როგორც ამბობენ, და არა ერთი, არამედ რამდენიმე, ამერიკულმა და არაამერიკულმა კომპანიამ ვაქცინა გააკეთეს და ახლა დრო სჭირდება მათ გამოცდას“. შორე შანიძის მანიპულირების ობიექტი სწორედ ეს სიტყვები გახდა.

პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ჯერ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო საშუალებებზე, მათ შორის ვაქცინებზე, მუშაობა. ამასთანავე, კონკრეტულ ვიდეოში, ცერცვაძე მხოლოდ ვარაუდის დონეზე ამბობს, რომ რამდენიმე კომპანიას ვაქცინა უკვე შექმნილი ჰქონდა (თენგიზ ცერცვაძის მიერ განცხადების გაკეთების თარიღის, 14 მარტის მდგომარეობით) და საერთოდ არ საუბრობს იმაზე, რომ ვაქცინა ვირუსის აღმოჩენამდე შეიქმნა. ნებისმიერ შემთხვევაში, 2020 წლის 14 მარტისთვის, ვაქცინის საცდელი ვარიანტის არსებობა სრულიად ლოგიკურია და გასაკვირი არ არის, მით უმეტეს, თუ კორონავირუსის აღმოჩენისა და მის საწინააღმდეგო საშუალებაზე მუშაობის დროის ხაზს გავყვებით.

ახალი ტიპის კორონავირუსი (Covid-19) პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ვუჰანში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა და სწრაფი ტემპით გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად (WHO), 2020 წლის 7 იანვარს, ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის იდენტიფიცირება მოახდინა. 2020 წლის 12 იანვრისთვის, ჩინელმა მეცნიერებმა ვირუსის გენომის გაშიფვრა მოახერხეს, ვირუსის გენეტიკური კოდის ცოდნამ კი მეცნიერებს უკვე საშუალება მისცა კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებაზე მუშაობა დაეწყოთ. იანვრის ბოლოსთვის, ვაქცინის შექმის გეგმები რამდენიმე ფარმაცევტულმა და ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ დაანონსა. დაახლოებით 2020 წლის 25 იანვარს, ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NHI) ვაქცინაზე მუშაობის დაწყების თაობაზე განაცხადა. იმ დროისთვის ვარაუდობდნენ, რომ პირველ ექსპერიმენტულ ვაქცინას სამ თვეში გამოცდიდნენ. იმავე პერიოდში ვაქცინაზე მუშაობა ამერიკულ კომპანია Novavax-საც ჰქონდა დაწყებული, ასევე ავსტრალიის კვაზილენდის უნივერსიტეტს. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ Oxford/AstraZeneca-ს გუნდმა ვაქცინაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წლის 10 იანვარს დაიწყო.

2020 წლის 11 მარტს, ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. პანდემიის გამოცხადების შემდგომ კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებაზე მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გააქტიურდა. 2020 წლის 18 მარტს ჯამნომ და მისმა პარტნიორებმა საერთაშორისო კლინიკური კვლევა „სოლიდარობის კვლევები“ (Solidarity Trial) დაიწყეს, რაც მიზნად მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული მონაცემებით Covid-19-ის ეფექტური მკურნალობის მეთოდის შემუშავებას ისახავდა. აქედან გამომდინარე, მოვლენათა განვითარების ჯაჭვი სრულიად უარყოფს პოტსში გავრცელებულ მტკიცებას, რომ ვაქცინები კორონავირუსის აღმოჩენამდე შეიქმნა.

ასევე, თენგიზ ცერცვაძის განცხადება, რომ 2020 წლის მარტისთვის ვაქცინების საცდელი ვარიანტი უკვე შექმნილი იყო, ლოგიკურად, სრულიად შესაძლებელია. თუმცა ცერცვაძე ინტერვიუში აკონკრეტებს, რომ კოვიდის ვაქცინის უკვე არსებობის შემთხვევაშიც კი, მათ შესაბამისი კლინიკური კვლევების გავლისათვის დაახლოებით კიდევ ერთი წელი დასჭირდებოდათ. ცერცვაძე ხაზს უსვამს, რომ მეცნიერები უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობაზე მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინის საბოლოოდ გამოცდილ და დატესტილ ვარიანტს გამოიყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ავტორიზირებული ვაქცინებიდან, Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს, Oxford/AstraZeneca-ს დამტკიცება და გამოყენება მხოლოდ 2020 წლის ბოლოსთვის მოხერხდა, ეფექტურობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი შესაბამისი კვლევების გავლის შემდგომ. მეტი ინფორმაციისთვის, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისა (The United States Food and Drug Administration – FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) (და სხვა სანდო მარეგულირებლების) მიერ ავტორიზებულია და ჯანმოს მიერ გადაუდებელი მოხმარების სიაშია დაშვებული. რაც შეეხება Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას, იგი თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს მიერ იყო ავტორიზებული, შემდგომ მისი გამოყენების რეკომენდაცია ევროპის მედიკამენტების სააგენტომაც (EMA) გასცა, ასევე მოგვიანებით, ჯანმომ Oxford/AstraZeneca-ს ორი სხვადასხვა წარმოების (კორეა, ინდოეთი) გამოყენების ნებართვაც დაამტკიცა. უკვე 2021 წლის თებერვლის ბოლოს, FDA-მ ავტორიზაცია ახალ Janssen-ის კოვისაწინააღმდეგო ვაქცინებზეც გასცა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ვაქცინას გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია (EUA- Emergency Use Authorization) აქვს მინიჭებული.

ამრიგად, ინტერნეტში გავრცელებული პოსტი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და კორონავირუსის პანდემიის არარეალურობაში დარწმუნებას ცდილობს. შორე შანიძის პოსტში მოყვანილი მტკიცება, რომ კორონავირუსის ვაქცინა - კორონავირუსის აღმოჩენამდე შეიქმნა, სიმართლეს არ შეესაბამება და თენგიზ ცერცვაძის ინტერვიუთი მანიპულირებას წარმოადგენს.

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი