COVID-19-ის ვაქცინის საინექციო შპრიცებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ზე მანიპულაციური სათაურის მქონე ვიდეომასალა ვრცელდება. ვიდეოს მიხედვით, ინექციის დროს ნემსი და შპრიცსში მოთავსებული სითხე ადამიანის ორგანიზმში არ შედის. ნემსი ჯერ იკეცება და შემდეგ საწყის პოზიციას უბრუნდება, დგუშის თავდაპირველ პოზიციაში დაბრუნების დროს კი სითხე კვლავ შპრიცში ბრუნდება. Facebook-ზე ვიდეომასალის გამავრცელებლები აღწერაში და კომენტარების სექციაში წერენ, რომ ექიმებს საჯაროდ სწორედ ამ „მატყუარა შპრიცებით“ ცრიან. სინამდვილეში, მათ კორონავირუსის ვაქცინას არ უკეთებენ, ამ ხერხით კი ხალხის ასაცრელად მიზიდვას ცდილობენ.

ვიდეომასალის ორიგინალი წყარო Youtube-არხი crimson hands fx არის. ვიდეო 2021 წლის 12 თებერვალს შემდეგი აღწერითაა გამოქვეყნებული: „დასაკეცი შპრიცი ღრუიანი ნემსით, რომელიც გამოიყენება ინექციის ეფექტის შესაქმნელად“.

„Crimson hands fx“ არის ფლორიდაში დაფუძნებული კომპანია. კომპანიაში მომუშავე კინემატოგრაფის კარლ ჰუბერის თანახმად, „Crimson hands fx“ სხვადასხვა სახის გადაღებისთვის რეკვიზიტებს ამზადებს. ამასთან ერთად, სხვადასხვა თემატური ღონისძიების გასაფორმებლად კომპანია მომხმარებელს გრიმიორის მომსახურებასაც სთავაზობს. „Crimson hands fx“-ის მიერ წარმოებული რეკვიზიტები, მათ შორის ვიდეოში არსებული „დასაკეცი შპრიცი“ ონლაინ-მაღაზია etsy.com-ზე არის ხელმისაწვდომი.

პროდუქციის აღწერის თანახმად, „დასაკეცი შპრიცი“ ძირითადად ფილმებსა და სერიალებში ისეთი სცენების გადაღების დროს გამოიყენება, სადაც საჭიროა ინექციის ან პირიქით, ორგანიზმიდან სისხლის აღების პროცესის ასახვა. შპრიცი კანში ვერ აღწევს და ვერც მის ზედაპირს აზიანებს.

რაც შეეხება COVID-19-ის ვაქცინით ინექციის დროს გამოყენებულ შპრიცებს, AstraZeneca-ს ვაქცინის გასაკეთებლად 1 მლ. მოცულობის ე.წ „ინსულინის შპრიცი“ გამოიყენება, რომელსაც გაცილებით პატარა დიამეტრი აქვს, ვიდრე ვიდეოში წარმოდგენილ შპრიცს (იხილეთ ფოტო).

წყარო: tbilisimedic.ge

თავდაპირველად Pfizer-ით ვაქცინაციის დროსაც ზემოთ მოცემული ე.წ. „ინსულინის შპრიცი“ გამოიყენებოდა. თუმცა დადგინდა, რომ აღნიშნული შპრიცით ფლაკონში არსებული ვაქცინის 6 დოზიდან მხოლოდ 5 დოზის ამოტუმბვა იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ერთი დოზა იკარგებოდა. აქედან გამომდინარე, FDA-მ Pfizer-ით ვაქცინაციის შემთხვევაში სპეციალური ე.წ. „low-dead space - სივრცის ნაკლები დანაკარგი“ შპრიცის გამოყენების რეკომენდაცია გასცა, რათა ფლაკონიდან ვაქცინის რაც შეიძლება ზუსტი დოზის ამოტუმბვა ყოფილიყო შესაძლებელი (იხილეთ ფოტო).

წყარო: japantimes.co.jp

წყარო: globalnews.ca

საქართველოში 15 მარტს AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. კადრებში, სადაც ქვეყნის საჯარო მოხელეები ვაქცინაციას იტარებენ, ნათლად ჩანს, რომ ვაქცინის გაკეთების დროს ე.წ „ინსულინის შპრიცი“ გამოიყენება, რომელიც მთლიანად იცლება, ვაქცინა კი პაციენტის ორგანიზმში შედის. (იხილეთ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას და ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ვაქცინაციის კადრები).

18 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ გაიკეთა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ გაშუქებულ კადრებში კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ვაქცინაციის მთლიანი პროცესი: ფლაკონიდან ვაქცინის ამოტუმბვა და ვაქცინის მხარში გაკეთება ე.წ. „ინსულინის შპრიცით“ მიმდინარეობს (იხილეთ „რუსთავი 2-ის“ კადრები).

შესაბამისად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში მოცემული შპრიცი COVID-19-ის ვაქცინის ინექციის დროს გამოყენებული შპრიცისგან როგორც ვიზუალურად, ისე მოქმედების მექანიზმით განსხვავდება. ვიდეოში არსებული ე.წ. „დასაკეცი შპრიცის“ დანიშნულება ფილმებში, სერიალებში თუ სხვა სახის დადგმაში რეკვიზიტად გამოიყენებაა. მას COVID-19-ის ვაქცინით ინექციის დროს გამოყენებულ შპრიცებთან (ე.წ. „ინსულინის შპრიცი“ და ე.წ. „low-dead space“ შპრიცი) არანაირი კავშირი არ აქვს.

ვიდეო შემდეგ Facebook-ჯგუფებსა და გვერდებზე გავრცელდა: Mamuka Kobaladze, იუმორი და სიყვარული, Georgia • საქართველო ✔️, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა, საქართველო და მსოფლიო, Tbilisi ◊ თბილისი, ახალი მსოფლიო წესრიგი და კორონა აფიორა!, ნანოტექნოლოგია (COVID-19_ში) იცოდე რას ირჩევ!, ❤️მიშას🇬🇪🇺🇦მხარდამჭერები❤️(official)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი