დეზინფორმაცია: ზუგდიდში ექიმ ლანა უბილავას COVID-19-ის ვაქცინა არ გაუკეთებია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13 მარტს საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - Oxford-Astrazeneca-ს პირველი პარტია, 43 200 დოზა მიიღო. ვაქცინა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა და 15 მარტიდან ექიმების ვაქცინაცია დაიწყო. აცრის პირველი მაგალითების გაშუქებას ანტივაქსერულ წრეებში ინფორმაციის მანიპულაციურად გავრცელება მოჰყვა.

15 აგვისტოს „რუსთავი 2-ზე“, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში, ზუგდიდის ევექსის კლინიკაში ექიმ ლანა უბილავას ვაქცინაციის პროცესი გაშუქდა (იხილეთ სიუჟეტის ბმული). ანტივაქსერებმა სოციალურ სივრცეში ექიმის ვაქცინაცია ეჭვქვეშ დააყენეს. მანიპულაციის საგანი ვაქცინის გაუხსნელი ფლაკონი და სითხით სავსე შპრიცი გახდა. მათი თქმით, ექთანი ვაქცინას გაუხსნელი ფლაკონიდან „ვითომ“ იღებს და სინამდვილეში, შპრიცი „რაღაც“ სითხით უკვე სავსეა. Facebook-ზე გამოქვეყნებული მანიპულაციური პოსტები პრორუსულმა ონლაინ-გამოცემებმა, „Tvalsazrisi.ge“ და „NewsFront Georgia“-მაც გამოაქვეყნეს.

ვიდეოს ორიგინალი წყაროა ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

„ფაქტ-მეტრი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ და ზუგდიდის ევექსის კლინიკას დაუკავშირდა. როგორც კლინიკა, ისე ტელეკომპანია ადასტურებს, რომ ექიმ-ალერგოლოგ ლანა უბილავას 15 მარტს ზუგდიდის ევექსის კლინიკაში AstraZeneca-ს ვაქცინა გაუკეთდა. „რუსთავი 2“-ის კადრებში ჩანს, რომ ექთანს გაუხსნელი ფლაკონი და ვაქცინით სავსე შპრიცი უჭირავს. ტელეკომპანია აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას განმარტავს, რომ იმისთვის, რომ პროცედურა დროში არ გაწელილიყო, ვაქცინა პირდაპირ ეთერში შესვლამდე წინასწარ იყო ამოტუმბული ფლაკონიდან, შპრიცი უკვე სავსე იყო ვაქცინით. შპრიცის გაუხსნელ ფლაკონზე მიახლოება სატელევიზიო კადრისთვის მოხდა.

AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტს ლანა უბილავას გარდა, საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე - პაატა იმნაძე აიცრა (იხილეთ ტელეკომპანია „TV პირველისა“ და საინფორმაციო სააგენტო „On.ge“-ის კადრები).

პაატა იმნაძის შემდეგ ვაქცინა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ და ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ გაიკეთეს. ტელეკომპანია „TV პირველის“ კადრებში, ვაქცინის ფლაკონიდან ამოტუმბვის და მხარში გაკეთების პროცესი, ცხადად ჩანს.

აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია

18 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ გაიკეთა. „რუსთავი 2-ის“ მიერ გაშუქებულ კადრებში ნათლად ჩანს ვაქცინაციის მთლიანი პროცესი, როგორც ფლაკონიდან ვაქცინის ამოტუმბვა, ისე ვაქცინის მხარში გაკეთება და მხრის დამუშავება(იხილეთ „რუსთავი 2-ის“ კადრები).

AstraZeneca-ს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი