2021 წლის 10 მარტის მონაცემებით, ევროპის ეკონომიკურ ზონაში, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილ 5 მილიონამდე ადამიანს შორის, თრომბოემბოლიის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შემდეგაც ევროპის რიგმა ქვეყნებმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს. AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ შემთხვევებს შორის კავშირი არ დგინდება, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ევროპის წამლის სააგენტო (EMA) და ბრიტანეთის მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) ადასტურებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 12 მარტს განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეწყვეტის მიზეზი არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, ევროპის ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთაც AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს, გაიზარდა. მათ შორისაა, გერმანია, ნიდერლანდები, ირლანდია, იტალია, საფრანგეთი, ნორვეგია და სხვა.

ევროპის მთავარი მარეგულირებლის, EMA-ს, 16 მარტის განცხადებით, ამ დროისთვის, იმის რამენაირი მინიშნება, რომ ვაქცინაციამ თრომბების წარმოქმნა გამოიწვია, არ არსებობს. ამასთან, ევროპის მარეგულირებელი მტკიცედ დარწმუნებულია, რომ ვაქცინის სარგებელი, გვერდითი ეფექტების რისკს აღემატება. ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შემთხვევები უფრო ნაკლებია, ვიდრე ზოგადად მოსახლეობაში განვითარებული შემთხვევები. ევროპის წამლის სააგენტო ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის განვითარების თითოეულ შემთხვევას იკვლევს.

14 მარტს ფარმაცევტულმა კომპანია „ასტრაზენეკამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ვაქცინირებული 17 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემთა დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ვაქცინა თრომბის (ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენის თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის) განვითარების რისკს არ ზრდის.

ევროპის ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება

ევროპის ქვეყნებმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით, მას შემდეგ შეაჩერეს ან შეზღუდეს, რაც ავსტრიამ და დანიამ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შემთხვევების შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით, ვაქცინის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება გერმანიამაც მიიღო, ასევე საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და სხვა. ქვეყნების განმარტებით, მათ ვაქცინის გამოყენება, უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, დროებით შეაჩერეს და ევროპის მარეგულირებლის მოკვლევის საბოლოო შედეგებს ელოდებიან.

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს არის პროფესიული გადაწყვეტილება, „მიუხედავად იმისა, რომ თრომბის განვითარების საშიშროება დაბალია, ეს არ არის გამორიცხული“.

გერმანიისგან განსხვავებით, იტალია ფაქტობრივად აღიარებს, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. Reuters-ის ცნობით, იტალიის მედიკამენტების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლა მაგრინმა განაცხადა, რომ ვაქცინის გამოყენების შეჩერება „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ იყო. „ჩვენ შევაჩერეთ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება, რადგან რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და საფრანგეთმა შეაჩერეს ვაქცინაცია... არჩევანი პოლიტიკურია“,- განაცხადა ნიკოლა მაგრინმა და დასძინა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა. მისივე ინფორმაციით, იტალიის წამლის სააგენტო 2-3 დღის განმავლობაში შეაგროვებს შესაბამის ინფორმაციას და ეჭვების გაფანტვის შემდეგ, ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება.

ავსტრია, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც AstraZeneca-ს ვაქცინის [კონკრეტული პარტიის] გამოყენება შეაჩერა, მიზეზი ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლიური შემთხვევები იყო. მას შემდეგ კი, რაც წინასწარი მოკვლევის შედეგებით, ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის კავშირი არ დადასტურდა და ჯანმომ ქვეყნებს ვაქცინაციის გაგრძელებისკენ მოუწოდა, 16 მარტს, ავსტრიამ ვაქცინაციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

მეცნიერები პანდემიის პირობებში ვაქცინაციის დროებით შეჩერების რისკებზე საუბრობენ. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორ, დევიდ შპიგელჰალტერის შეფასებით, პანდემიის პირობებში ვაქცინაციის შეჩერება, შესაძლოა, უფრო მაღალი რისკის მატარებელი იყოს და საბოლოო შედეგების დალოდებამ, არავაქცინირებული ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს.

„ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, რომ მას შემდეგ რაც გერმანიამ ვაქცინაცია შეაჩერა, წნეხი სხვა ქვეყნის მთავრობებზეც გაიზარდა, რომ მათაც იგივე გაემეორებინათ, რადგან, თუ გერმანიასთან შედარებით ნაკლებად წინდახედულები გამოჩნდებოდნენ, ამისთვის საზოგადოება დასჯიდა. ვაქცინაციაზე უარის თქმის მხრივ, გერმანიის გადაწყვეტილებას დომინოს ეფექტი ჰქონდა. იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი გადაწყვეტილებას, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეეჩერებინათ, მალე შეუერთდნენ. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, ევროპის ვაქცინაციის ტემპს, რომელიც ისედაც დაბალი იყო, განსაკუთრებული ზიანი მიაყენა.

ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესი აჩვენებს, რომ ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ავადობა ან/და გარდაცვალება არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ვაქცინაციის შედეგად განვითარდა. როდესაც გვერდით მოვლენებსა და ვაქცინას შორის პირდაპირი კავშირი არ დასტურდება და ვაქცინის შეჩერების გონივრული საფუძველი არ არსებობს, პანდემიის პერიოდში, ვაქცინაციის პროცესის შეჩერება შესაძლოა, მაღალი რისკი მატარებელი იყოს. ვაქცინირებულ ადამიანებში ავადობის და გარდაცვალების შემთხვევები აქამდეც დაფიქსირებულა, თუმცა ვაქცინაციის პროცესი არ შეჩერებულა. აღნიშნულს ნორვეგიის მაგალითი ადასტურებს, როდესაც მოხუცთა საცხოვრებელში მყოფი ხანდაზმული პირი, დაახლოებით 30 ადამიანი, COVID-19-ის Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზით აცრიდან, მცირე ხანში გარდაიცვალა. ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტომ ივარაუდა, რომ ვაქცინისთვის დამახასიათებელ გვერდით ეფექტებს - განსაკუთრებით სუსტ მოხუცებში, მწვავე რეაქციის გამოწვევა, შესაძლოა, გარკვეულწილად განეპირობებინა. ამის მიუხედავად, ნორვეგიას და სხვა ქვეყნებს ვაქცინის გამოყენება მოკვლევის პერიოდშიც არ შეუჩერებიათ. საბოლოო შედეგებმა კი აჩვენა, რომ ხანდაზმულთა გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ იყო.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თრომბი, AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში, არ არის. თრომბის შემთხვევები ვაქცინის კლინიკური კვლევის ეტაპზე არ გამოვლენილა. აქამდე არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინაციის შემდეგ თრომბის განვითარების შემთხვევები მცირეა და ამასთან, მათი ვაქცინაციასთან კავშირი არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დაავადების ერთ-ერთი სერიოზული გართულება არის თრომბი, შესაბამისად, თრომბის განვითარების რისკებს - არა ვაქცინა, არამედ ვაქცინაციის პროცესის შეჩერება ზრდის. AstraZeneca-ს ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და ხარისხის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესაბამისი კვლევებით დასტურდება.

AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება, ვაქცინაციის პროცესს აფერხებს და ვაქცინისადმი მოსახლეობის ნდობას აზიანებს. ევროპის წამლის სააგენტო საბოლოო შედეგებს, სავარაუდოდ, 18 მარტს გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც ევროპის ქვეყნები ვაცქცინაციის პროცესს (AstraZeneca-ს ვაქცინით) კვლავ განაახლებენ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი