საფრანგეთში კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს

ვერდიქტი: ნაწილობრივ ყალბი

Facebook-მომხმარებელი გიორგი ჯავშანაშვილი , 30 იანვარს, პარიზში გამართულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით ნაწილობრივ ყალბ ამბავს ავრცელებს. 24-წამიან ვიდეოს, რომელიც გიორგი ჯავშანაშვილმა 2 თებერვალს გაავრცელა, ყალბი აღწერა ერთვის თან, რომელიც ამტკიცებს, რომ ვიდეო საფრანგეთში, პარიზში, კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. ვიდეოს თან შემდეგი წარწერა ერთვის: „საფრანგეთში, პარიზში კორონა რეგულაციების საპროტესტო აქციას პოლიცია ასე არბევს, სიტყვის თავისუფლება აღარ არის, დიქტატურა მყარდება :)) ახლა თუ ესე იქცევიან შემდგომ რაღა იქნება, არაფრის უფლება და მოთხოვნა აღარ გექნება, ასეთი რეჟიმი იქნება ანტიქრისტეს მეფობის მეორე ნახევარში „. პოსტს დღემდე 60 გაზიარება აქვს.

პროტესტანტთა და პოლიციელთა დაპირისპირება მართლაც პარიზშია გადაღებული. თუმცა ის ფაქტი, რომ დაპირისპირება კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების საპროტესტო აქციაზე დაიწყო, ყალბია. რეალურად, 30 იანვარს, პარიზის მოსახლეობა ემანუელ მაკრონის მიერ წარდგენილ კანონპროექტს აპროტესტებდა, რომელიც ძალაში შესვლის შემთხვევაში, საფრანგეთში პოლიციის საქმიანობის გადაღებას აკრძალავს. ამასთან ერთად, მოსახლეობა აპროტესტებდა თვალთვალის მიზნით სხვადასხვა დაკვირვების საშუალებების - დრონებისა და ქუჩის კამერების - გამოყენებას აპროტესტებდა. „France24“-ის ცნობით, კონკრეტულ აქციაზე ადამიანები იმყოფებოდნენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნასაც უჭერდნენ მხარს, თუმცა დემონსტრაცია უშუალოდ მაკრონის მიერ წარდგენილ ახალ კანონპროექტს ეხებოდა და მისი შინაარსიც კონკრეტულ თემაზე იყო ფოკუსირებული.

საპროტესტო გამოსვლები, 2020 წლის 21 ნოემბერს, პოლიციელის მიერ შეუიარაღებელი შავკანიანი მუსიკოსის ცემის კადრების გასაჯაროების შესახებ - საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა. მაკრონის განცხადებით, მსგავსი კადრების გასაჯაროება ქვეყნისთვის სასირცხვილოა და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების კანონი გადასახედია. პრეზიდენტის მიერ გაცხადებული ახალი კანონპროექტის 24-ე, ყველაზე კონტრავერსიული თავის თანახმად, პოლიციის საქმიანობის ამსახველი მასალის გავრცელება, კრიმინალად ჩაითვლება. კონკრეტული კანონპროექტი, ჟურნალისტებისა და ზოგადად საფრანგეთის მოქალაქეების მიერ, საზოგადოების ინფორმირების ძირითადი უფლების შეზღუდვად იქნა აღქმული, რასაც საფრანგეთში ზემოთ აღნიშნული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

რაც შეეხება საფრანგეთში კორონავირუსის შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციებს, პარიზში საპროტესტო აქცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მართლაც გაიმართა, თუმცა პოლიციას ის არ დაურბევია. კერძოდ, 2020 წლის 15 დეკემბერს - ასობით მსახიობი, რეჟისორი, მუსიკოსი და კინემატოგრაფიის სფეროში დასაქმებული ტექნიკოსი, პარიზის ცენტრში, მთავრობის იმ რეგულაციების გასაპროტესტებლად შეიკრიბა, რომლის გამოც ქვეყანაში კულტურის ცენტრები არ ფუნქციონირებს.

--------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი