დეზინფორმაცია: რუმინეთში „კოვიდ-ტირანიის“ წინააღმდეგ მრავალათასიანი პროტესტი გაიმართა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

Facebook-ში გავრცელდა მასობრივი შეკრების სურათი. აღწერის თანახმად, ფოტოსურათი რუმინეთში „კოვიდ-ტირანიის“ წინააღმდეგ გამართულ პროტესტს ასახავს (იხილეთ სურათები).

სურათზე ასახული მანიფესტაცია მართლაც რუმინეთში, კონკრეტულად ბუქარესტში, გაიმართა, თუმცა ის კორონავირუსს საერთოდ არ უკავშირდებოდა. სურათის შებრუნებული ძებნით (reverse search) დგინდება, რომ ის რეალურად 2017 წელსაა გადაღებული, ხოლო COVID-19-ის პირველი შემთხვევები 2019 წელს დაფიქსირდა. სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებგვერდზე 2017 წელს გამოქვეყნებული იდენტური შინაარსის სურათების ნახვა შესაძლებელია, რაც ადასტურებს, რომ სურათზე მოცემული შეკრება კორონავირუსს არ უკავშირდება. მაგალითად, იხილეთ შემდეგი ბმულები: Koert Debeuf-ის Twitter-ის ოფიციალური გვერდიდან (2017 წელის 6 თებერვალი), ian bremmer-ის Twitter-ის ოფიციალური გვერდიდან (2017 წლის 6 თებერვალი), სურათი trending.com-დან (2017 წლის 6 თებერვალი), სურათი imgur.com-დან (2017 წლის 6 თებერვალი) და ა.შ.

„ვაუ. ბუქარესტი, რუმინეთი ამაღამ. ხალხი მთავრობის გადადგომას ითხოვს.“

„ანტიკორუფციულ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, რუმინელი ხალხი უკან არ იხევს, მათ მთავრობის გადადგომა სურთ. ბუქარესტი ახლა:“

აღნიშნული სურათი ახალი ამბების სააგენტოების სიახლეებშიც მოხვდა. მაგალითად, 2017 წლის 6 თებერვალს thewire იტყობინებოდა, რომ რუმინეთმა მექრთამეობის დეკრიმინალიზების ბრძანება გააუქმა, ხოლო მასობრივი აქციები გრძელდებოდა. რუმინეთში გამართული ანტიკორუფციული პროტესტების შესახებ 2017 წლის 6 თებერვალს წერდა გამოცემა Time-იც. 2017 წლის 31 იანვარს რუმინეთის მთავრობამ მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება დეკრიმინალიზებული იქნებოდა, თუ საქმეში დაახლოებით 48,5 ათას დოლარზე ნაკლები ფიგურირებდა. ბრძანება, რომელიც პარლამენტის მონაწილეობის გარეშე გაიცა, კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებებს შეაჩერებდა, კორუფციის გამო დაჭერილ ყოფილ ოფიციალურ პირებს ციხიდან გაათავისუფლებდა და შემდეგში კორუფციული დანაშაულების გამოძიებებს შეაჩერებდა.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, სორინ გრინდეანუ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ციხეების გადატვირთულობის გამო ციხეების სისტემაზე ზეწოლის შემსუბუქების არგუმენტით ხსნიდა. გადაწყვეტილებამ რუმინეთის მოსახლეობაში მძაფრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და 1989 წლის შემდეგ, როდესაც ჩაუშესკოს კომუნისტური რეჟიმი სისხლიანი რევოლუციის შედეგად დაემხო, ყველაზე დიდი მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. The Wire და ზოგიერთი გამოცემა აქციაზე გამომსვლელთა რაოდენობას 200 ათას ადამიანზე მეტად აფასებდა, ხოლო Time და სხვა წყაროები ნახევარ მილიონზე მეტი (600 ათასი) ადამიანის შესახებ იტყობინებოდნენ. რუმინული მედია სააგენტოს, Romania-Insider.com-ის, მიხედვით, 2017 წლის 5 თებერვალს ბუქარესტში, გამარჯვების მოედანზე (Victoriei Square) შეკრებილებმა საღამოს 9 საათზე მობილური ტელეფონების ფანრები აანთეს და ზემოთ ნაჩვენები სურათი სწორედ აღნიშნულ მომენტშია გადაღებული. შიდა და საგარეო ზეწოლის შემდეგ რუმინეთის მთავრობამ აღნიშნული ბრძანება გააუქმა.

მართალია, რუმინეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ე.წ. lockdown-ის გასაპროტესტებლად აქცია მართლაც გაიმართა, თუმცა მასში მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო. აქციაში მონაწილეთა დიდ ნაწილს სჯეროდა დეზინფორმაციის, რომ კორონავირუსი თაღლითობაა, რომელიც სამოქალაქო უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად გამოიგონეს. შესაბამისად, აღნიშნული აქციის 2017 წლის ანტიკორუფციულ და ანტისამთავრობო გამოსვლების მასშტაბებთან შედარება სრულიად არარელევანტურია.

2017 წელს გადაღებული ფოტო იმავე მიზნით არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც გავრცელდა (მაგალითად, იხილეთ: Reuters, AFP, CheckYourFact და ა.შ).

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი