დეზინფორმაცია: პაატა იმნაძეს კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სტატია:

დღეს, 2021 წლის 15 მარტს, პაატა იმნაძემ პირდაპირ ეთერში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - AsrtaZeneca - გაიკეთა. ანტივაქსერულ წრეებში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მანიპულაციურად გავრცელდა, თითქოს იმნაძეს ვაქცინა არ გაუკეთებია (ბმული 1, ბმული 2).

Facebook-მომხმარებლების იმის მტკიცებულებად, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს - პაატა იმნაძეს - კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეო მოჰყავთ. მათი განცხადებით, აღნიშნულ ვიდეოში ნემსის გაკეთების მომენტი არ ჩანს, რადგან მას ექიმის ხელი ფარავს. Facebook მომხმარებლები ასევე უნდობლობას აცხადებენ, რადგან, მათი მტკიცებით, მიუკერძოებელ პირს არ შეუმოწმებია, თუ რეალურად რა გაიკეთა იმნაძემ.

სინამდვილეში, ვაქცინის გაკეთების პროცესს არაერთი ტელეკომპანიისა და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი ესწრებოდა. მედიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ექიმი წამალს ნამდვილად AstraZeneca-ს ამპულიდან იღებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). AstraZeneca-ს ამპულისა და პაატა იმნაძის აცრისთვის გამოყენებული ამპულის შედარება იხილეთ ფოტოზე:

მართალია, საჯარო კადრებში ნემსის სხეულზე შეხების მომენტი გარკვევით არ ჩანს - მას ექიმის მარცხენა ხელი ნაწილობრივ ფარავს. თუმცა ტელეკომპანია „TV პირველისა“ (2:13წთ-იდან) და საინფორმაციო სააგენტო On.ge-ის კადრებში (მე-5 წმ-იდან) შედარებით ახლო ხედით ჩანს, რომ იმნაძემ ვაქცინა ნამდვილად გაიკეთა - ექიმს იმნაძის მხართან ნამდვილად ვაქცინით სავსე შპრიცი მიაქვს, ვაქცინას შპრიციდან უშვებს და შემდეგ მხარს უმუშავებს.

შესაბამისად, Facebook-მომხმარებელთა მტკიცებები, თითქოს პაატა იმნაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - AstraZeneca - არ გაუკეთებია, მცდარია და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სოციალურ ქსელში ასევე მასობრივად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საჯარო სამედიცინო ფიგურები რეალურად არ იცრებიან და ხალხს ატყუებენ. სინამდვილეში, ტელევიზიების კადრებში ცხადად ჩანს, რომ პაატა იმნაძის შემდეგ ვაქცინა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ და ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ, გაიკეთეს. იხ.: ტელეკომპანია „TV პირველის“ კადრები:

საქართველომ AstraZeneca ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა მიიღო, რომელიც კორეის რესპუბლიკის მიერაა დამზადებული. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც თავდაპირველად სამედიცინო მუშაკები აიცრებიან.

უფრო მეტი AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ შეგიძლიათ იხილოდ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

კორონავირუსის ვაქცინების თემატიკაზე „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებულ სხვა სტატიებს, შეგიძლიათ, გაეცნოთ აქ: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი