სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სტატია:

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის - „ქართული იდეის“ - თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა, სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ჯორჯ სოროსის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს. ციტატის მიხედვით, დიდი ხანია, რაც ომი ცალკეული ქვეყნების დაპყრობის საშუალება აღარაა. საკმარისია, ქვეყანაში გამყიდველთა გროვა მოინახოს ან აღიზარდოს, რომლებიც „დემოკრატიისათვის“ ბრძოლის მოწოდებით და მცირე ფულის სანაცვლოდ, ქვეყანას ჩაგაბარებენ. ლევან ჩაჩუას მიერ გამოქვეყნებული ყალბი ციტატა არაერთმა Facebook-ანგარიშმა გამოაქვეყნა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3), მათ შორის Nina Marji-იმ, რომელიც Facebook-ზე სხვადასხვა შინაარსის დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებს აქტიურად ავრცელებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). ყალბი ციტატა ასევე დეზინფორმაციულ ჯგუფში - „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“, გაზიარდა. 11 მარტის მონაცემებით, პოსტებს, საერთო ჯამში, 2000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

ლევან ჩაჩუას მიერ გამოქვეყნებული ციტატა ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ფალსიფიკაციაა. პოსტს თან არ ახლავს წყარო, რომელიც სოროსის ციტატის ნამდვილობას დაადასტურებს. ასევე არაა მითითებული თუ როდის, რასთან მიმართებით ან სად გაკეთდა აღნიშნული განცხადება. არც ქართულ და არც უცხოურ ღია წყაროებში ორიგინალი ან შინაარსობრივად მიმსგავსებული ციტატა არ იძებნება. შესაბამისად, ჯორჯ სოროსის ციტატა გაყალბებულია და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ სოროსის შესახებ ყალბი ამბები ქართულ და უცხოურ სივრცეში არაერთხელ გავრცელებულა. ერთ-ერთი ყალბი ამბავი, რომელიც ჯორჯ სოროსის შესახებ ბოლო დროს გავრცელდა, მის ე.წ. 17-მუხლიან მიმართვას ეხებოდა. მიმართვის თანახმად, ჯორჯ სოროსი ერების მორალურად გახრწნასა და განადგურებას ისახავს მიზნად. როგორც დეზინფორმატორები იუწყებოდნენ, მიმართვა ანონიმური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ქართულ და უცხოურ ღია წყაროებში არც ამ მიმართვის ორიგინალი ან მსგავსი ინფორმაცია იძებნება. სოროსის წინააღმდეგ მიმართული აქტიური კამპანიის ავტორები, მეტწილად ულტრა-მემარჯვენე და რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფები არიან (ვრცლად, იხ.: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

---------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი