დეზინფორმაცია: ვაქცინებში არსებული ჰიდროგელის ნანორობოტები სატანის გამოსახულების მიხედვითაა შექმნილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი სახელწოდებით „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ Facebook-ზე ყალბი ამბის შემცველ პოსტს ავრცელებს. გავრცელებული სურათის თანახმად, DARPA-ის (თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოს) მიერ შექმნილი ჰიდროგელის სინთეტიკური ნანორობოტი ვაქცინის შემადგენლობაშია. ამასთან ერთად, ფოტოს მიხედვით, აღნიშნული ჰიდროგელის სინთეტიკური ნანორობოტი ბაალის (სატანის) ხატების მიხედვითაა შექმნილი. 31 იანვარს გამოქვეყნებულ დეზინფორმაციას დღემდე 111 გაზიარება აქვს.

პირველ რიგში, პოსტში აღნიშნული ჰიდროგელი წყლის მშთანთქმელი პოლიმერებია. მათგან უმრავლესობა ბიოლოგიურად შეთავსებადია და შესაბამისად, ბიომედიცინასა და ბიოინჟინერიაში გამოიყენება. ჰიდროგელი თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოს (DAPRA) გამოგონება არ არის. სააგენტოს არც შეუქმნია და არც აღმოუჩენია ჰიდროგელი. პირველად ჰიდროგელი მაკრომოლეკულურ ქიმიაში 1960 წელს, პრაღაში, ქიმიკოსებმა ოტო ვიხტერლიმ და დრაგოსლავ ლიმმა აღმოაჩინეს.

რაც შეეხება ვაქცინაში ჰიდროგელის არსებობას, ის ვაქცინაციის დროს ორგანიზმში შეყვანილი ანტიგენების იმუნოგენურობის გასაძლიერებლად რამდენჯერმე იქნა გამოყენებული. ამის მიუხედავდ, ჰიდროგელის დიზაინის კომპლექსურობის, მაღალი ხარჯებისა და იმუნიტეტის მასტიმულირებელი დანამატების უსაფრთხოების საკითხების გამო, ჰიდროგელის ვაქცინებში გამოყენება ფართოდ არ მომხდარა. აქვე აღსანიშნავია, რომ დღეისთვის მოქმედ Covid-19-ის საწინააღმდეგო არცერთ ვაქცინაში ჰიდროგელი გამოყენებული არ არის.

რაც შეეხება უშუალოდ პოსტში წარმოდგენილ ჰიდროგელის ფოტოს, ის თავად ავტორის მიერ, კომენტარებში მითითებული ვიდეოდანაა ამოჭრილი.

რეალურად, როგორც ვიდეოში, ისე ფოტოზე ნაჩვენები ელექტროაქტიური ჰიდროგელის ხელვნურად შექმნილი 3D მოდელია. დღეის მონაცემებით, ჰიდროგელის გამოყენება შეზღუდულია ტრადიციულ, ორგანზომილებიან (2D) ფორმაში. ის დღეს თვალის კონტაქტურ ლინზებში, ბავშვის პამპერსებში, თმის მოვლის პროდუქტებში, ნიადაგის დამატენიანებელ საშუალებებში და ა.შ. გვხვდება. ვიდეოში წარმოდგენილია უკვე 3-განზომილებიანი ელექტროაქტიური ჰიდროგელის გადაადგილების მოდელი. 3D მოდელში ელექტროაქტიური ჰიდროგელის გადაადგილება მის გარშემო იონების კონცენტრაციაზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, ჰიდროგელის გარშემო იონების კონცენტრაციის გადანაწილებით, შესაძლებელია, ჰიდროგელის მოძრაობის კონტროლი. დადებითი და უარყოფითი იონების ასიმეტრიული გადანაწილება, ჰიდროგელის ერთი მიმართულებით მოძრაობას იწვევს.

კონკრეტული მოდელირებით, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ელექტრონული ველის შეცვლით, შესაძლებელია სამგანზომილებიანი ჰიდროგელების მიმართულებისა და მოძრაობის კონტროლი. შესაბამისად, რუტჯერსისა და კორეის უნივერსიტეტის მიერ მოდელირებულ 3D ჰიდროგელის რობოტებს შეუძლიათ, როგორც მოძრაობა, ისე სხვადასხვა ნივთების „ხელში აღება“. 3D ჰიდროგელის მოდელირებული რობოტები დღეს მედიცინაში არ გამოიყენება, თუმცა მისი დახვეწის შემთხვევაში, შესაძლოა, ის გამოყენებული იყოს როგორც ხელოვნური კუნთები ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ადამიანის სხეულში ელექტრონული იმპულსების სტიმულირების შედეგად იმუშავებს.

ჰიდროგელი ნივთიერება Poly(2-hydroxyethyl methacrylate) (pHEMA)-ს პოლიმერისა და წყლის ნაზავს წარმოადგენს. როდესაც ხდება მისი 3D განზომილებაში მოდელირება, ის სხვადასხვა ფორმას იღებს.

ბაალის სატანის ხატთან მსგავსება, სინამდვილეში, სწორედ ნივთიერებების სამ განზომილებაში მოდელირებიდან გამომდინარეობს და მხოლოდ იმითაა გამოწვეული, თუ როგორ განლაგდნენ ატომები. გარდა ამ ერთი ფორმისა, ნივთიერების შემადგენელი ატომები სხვა თანმიმდევრობითა და ფორმითაც ლაგდება და ეს კონკრეტული ნივთიერება, 3D მოდელირებისას, სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოისახოს, სწორედ ამ თანმიმდევრობის გათვალისწინებით. ამრიგად, მისი მსგავსება ადამიანის ფორმასთან, სწორედ ნივთიერების შემადგენლობით აიხსნება და სატანის ხატის შესახებ საუბარი კონსპირაციას წარმოადგენს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ამ კონკრეტული ფორმის გარდა, ჰიდროგელი სხვა, უფრო კომპლექსურ ფორმებსაც იღებს.

ფოტო: ჰიდროგელის სხვადასხვა მოდელირება სამ განზომილებაში

--------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი