იტვირთება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დმანისის მუნიციპალიტეტის 2018–2019 წლების საქმიანობა შეისწავლა. აუდიტის შედეგად, დმანისი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. „ფაქტ–მეტრი“ რამდენიმე მათგანს გამოყოფს.

ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვა და ხარვეზით მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან დგინდება, რომ 2018–2019 წლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, სამ პროექტში სხვადასხვა სახის ხარვეზი გამოვლინდა. დახარვეზებული პროექტების ჯამური ღირებულება 890.3 ათას ლარს შეადგენს. კერძოდ: დმანისის მუნიციპალიტეტმა, ტენდერის (NAT170008707) გზით, სოფელ მთისძირის მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები 316,9 ათას ლარად შეისყიდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მოწყობილი ინფრასრუქტურული ობიექტი ექსპერტის (შპს „ოპტიმალგრუპი+“) მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე ჩაიბარა. ობიექტის ჩაბარების პროცესში მერიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ზემოთ აღნიშნული ობიექტი, დაახლოებით, ერთ წელიწადში დაზიანდა. 2018 წლის ოქტომბერში მერიამ მიმწოდებელს დაზიანების გამოსწორების მოთხოვნით მიმართა. ტექნიკურმა ზედამხედველმა გზის დაზიანების მიზეზები შეისწავლა და დაასკვნა, რომ გზის საფარის დაზიანების მიზეზი საგზაო სამოსის კონსტრუქციის არასაკმარისი სიმტკიცე იყო. კერძოდ, კონსტრუქცია ორი ფენისგან - 8 სმ სისქის ღორღისა და 5 სმ სისქის წვრილმარცვლოვანი ასფალტისგან შედგება. არც ერთი ნორმატიული დოკუმენტით და გზის ტიპური კონსტრუქციით, ღორღის საფუძველზე ერთფენიანი ასფალტის საფარის მოწყობა გათვალისწინებული არ არის, რადგან დატვირთვას ვერ გაუძლებს. ასეთი კონსტრუქციის მოწყობა მხოლოდ ტროტუარებზე შეიძლება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ პროექტის შესყიდვისას, სატენდერო დოკუმენტაციით, მუნიციპალიტეტმა სწორედ მსგავსი კონსტრუქციის გზის პროექტის მომზადება მოითხოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე არასტანდარტული გზის მოწყობა შემსყიდველის გადაწყვეტილებით მოხდა. შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტმა 316.9 ათასი ლარი უხარისხო ინფრასტრუქტურაში გადაიხადა.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, 573.4 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები ასევე ხარვეზებით განხორციელდა. 2018 წელს დმანისის მუნიციპალიტეტმა 561,4 ათასი ლარი ღირებულების ხელშეკრულება შპს „№2 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოსთან“ (NAT180013120) გააფორმა. ხელშეკრულებით 28.1 ათასი ლარის ოდენობის გარანტია იყო გათვალისწინებული. მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულება სათანადო დონეზე არ შეასრულა. თუმცა მერიამ გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება არ მოითხოვა.

ცხრილი 1: დმანისის მუნიციპალიტეტში 2018–2019 წლებში ხარვეზებით მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს დაფინანსება

2018–2019 წლებში დმანისის მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ აფინანსებდა. კერძოდ,მუნიციპალიტეტმა ზემოაღნიშნული ა(ა)იპ–ის ანგარიშზე, გრანტის სახით, 45 ათასი ლარი ჩარიცხა.

აღნიშნული ა(ა)იპ–ის მთავარ მიზანს ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. 2018-2019 წლებში მერიას სააგენტოსგან განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია არ მოუთხოვია. შესაბამისად, გაცემული დაფინანსების მიზანშეწონილობაზე არ უმსჯელია. აუდიტის სამსახურის დასკვნით, მუნიციპალიტეტს არ აქვს დანერგილი კონტროლის სათანადო მექანიზმები. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ხარვეზები აუდიტის სამსახურმა 2015–2016 წლების ანგარიშშიც დააფიქსირა.

საწვავის ხარჯვისას გამოვლენილი ნაკლოვანებები

2018–2019 წლებში დმანისის მუნიციპალიტეტმა 65 ტონა საწვავი გამარტივებული წესით შეისყიდა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტი 2018 წელს - საწვავის ხარჯვის საბარათე სისტემით (ნომრიანი ბარათებით), ხოლო 2019 წელს როგორც საბარათე, ისე ტალონური სისტემით სარგებლობდა.

2019 წელს 20,1 ათას ლარის ღირებულების 8.3 ტონა საწვავი გამოყენებულია ტალონური სისტემით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციით, საწვავის ტალონური სისტემით გამოყენება შესაძლებელია ისეთი საჭიროებების დროს, როგორიცაა ავტომანქანის გადაადგილება დროებით, მოკლე ვადით ან ერთჯერადად, გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად, ან იმ შემთხვევაში, თუ სხვა არაგამარჯვებული მიმწოდებელი (თუ გამარჯვებული კომპანიის ავტოგასამართი სადგური შემსყიდველი ორგანიზაციისაგან დაშორებულია 15 კმ-ზე მეტი მანძილით. მაშინ კომისიის ნებართვის საფუძველზე საწვავის შესყიდვა ხდება ერთი თვის საჭირო ოდენობით, რომელიმე სხვა არაგამარჯვებული კომპანიისგან) უარს აცხადებს ნომრიანი ან უნომრო პლასტიკური ბარათების დამზადებაზე.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დასაბუთება, რის საფუძველზე განხორციელდა საწვავის გამოყოფა ტალონების სახით. აღსანიშნავია, რომ საწვავის ტალონური სისტემით გამოყენების შემთხვევაში, ვერ კონტროლდება, რამდენად მიზნობრივად იხარჯება თანამშრომლებზე გაცემული საავტომობილო საწვავი. აქედან გამომდინარე, არ არის შესწავლილი და გაანალიზებული, მიმღები პირები საწვავს სამსახურებრივი დანიშნულებით მოიხმარდნენ, თუ პირადი მიზნებისათვის იყენებდნენ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი