ქლიქბეითის ყალბი ამბავი: ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, ვინც არ გაიკეთებს, 3000 ლარით დაჯარიმდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2 მარტს ვებგვერდზე geovips.com გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, ვინც არ გაიკეთებს დაჯარიმდება 3000 ლარით”. მასალა ქართულ Facebook-ჯგუფებშიც აქტიურად გავრცელდა.

ვებგვერდზე გადასვლისას საკითხის შესახებ დამატებით აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ დაწესებული „ამდენი ჯარიმის შემდეგ“, ვაქცინასთან დაკავშირებული ჯარიმა გარდაუვალი იქნება. ინფორმაციას თან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ფოტო ერთვის.

სინამდვილეში, Geovips.com ქლიქბეით ვებგვერდს წარმოადგენს. ყვითელი სათაური, რომლითაც ქლიქბეით საიტები ხასიათდება, მკითხველს მცდარ წარმოდგენას უქმნის, თითქოს ვაქცინაცია სავალდებულო იქნება და თუ პირი მას არ გაიკეთებს, 3000 ლარით დაჯარიმდება. ამირან გამყრელიძის ფოტო, რომელიც მასალას თან ერთვის, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული სიტყვები მას ეკუთვნის და მცდარ სათაურს დამატებით დამაჯერებლობას სძენს. რეალურად, ამირან გამყრელიძეს - არცერთ საჯარო გამოსვლასა თუ ინტერვიუში - COVID-19-ის სავალდებულო ვაქცინაციაზე არ უსაუბრია. გამყრელიძის განცხადების თანახმად, რომელიც 2 თებერვლით თარიღდება, აცრა ნებაყოფლობითი იქნება.

ამასთან ერთად, COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად მოზრდილი მოსახლეობის (18 წელს ზევით ასაკის) 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია არ არის სავალდებულო, მათ შორის, რისკ-ჯგუფებისთვის, რომლისთვისაც ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს აღიარებული და გამოყენების ნებართვა ჰქონდეს მაღალი სანდოობის მქონე ეროვნული მარეგულირებლისგან, როგორიცაა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA), ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) და სხვა. შესაბამისად, მასალაში არსებული ინფორმაცია სავალდებულო ვაქცინისა და მასთან დაკავშირებული ჯარიმის შესახებ, ყალბ ამბავს წარმოადგენს.

Whois.DomainTools-ის თანახმად, ვებგვერდი 2019 წლის 10 ნოემბერს შეიქმნა.

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი