ვაქცინაციის ფონზე, ისრაელში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ისრაელში ვირუსით გარდაცვლილი მოსახლეობის სტატისტიკასთან დაკავშირებით მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება. ისრაელში Covid-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკურ მონაცემებს Facebook-მომხმარებელი Khatuna Saginashvili შემდეგი სათაურით ავრცელებს: „ისრაელში ინტენსიურად მიმდინარეობს აცრა ვაქცინა „ფაიზერით“; უკვე აცრილია მოსახლეობის 87%; ამ ფონზე საინტერესოა გარდაცვლილთა სტატისტიკა: თუ დეკემბრამდე მათი რაოდენობა ათეული იყო, იანვრიდან ათასებია, რაც კარგად ჩანს დიაგრამაზე“.

უშუალოდ Facebook-მომხმარებლის მიერ კომენტარში მითითებული ლინკით ირკვევა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული სურათი, Tik-Tok-ის პლატფორმაზე, Виктор Богомазов-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდანაა ამოჭრილი. ვიდეოში კი ძირითადად horosho-tam.ru-ზე, მოგზაურებისთვის განკუთვნილ რუსულ საინფორმაციო საიტზე, გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებია წარმოდგენილი.

ხათუნა საღინაშვილის პოსტის თანახმად, ისრაელში 17 თებერვლის მონაცემებით მოსახლეობის 87% უკვე აცრილი იყო. აღნიშნული მტკიცება პოსტის ავტორის მიერ კომენტარებში ნახსენებ Tik-Tok-ის ვიდეოშია გავრცელებული და სავარაუდოა, რომ ავტორმა რიცხვები სწორედ ამ ვიდეოდან აიღო.

რეალურად, პოსტის დადების პერიოდში, ისრაელში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი ინექცია გაკეთებული მოსახლეობის 44% ჰქონდა, ხოლო მეორე დოზა მოსახლეობის - 29%-ს.

პოსტის ავტორის მიერ ატვირთულ სურათში მოყვანილი სტატისტიკა რეალურ რიცხვებს ასახავს. თუმცა ხათუნა საღინაშვილი, ვაქცინირებული მოსახლეობის პროცენტულ რაოდენობაზე, ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. ასევე, იანვრის თვეში ისრაელში ვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რიცხვის მატების ხაზგასასმელად, ვაქცინირებულთა პროცენტული რაოდენობა მოჰყავს( 87%), რითიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვაქცინაციის ფონზე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მოიმატა.

რეალურად, ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაცია 20 დეკემბერს, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში და სამედიცინო პერსონალში, დაიწყო. ვაქცინაციის მეორე ინექციის მიღების შემდეგ, ადამიანის ორგანიზმი 12-14 დღის შემდეგ ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რის შედეგადაც კონკრეტული ვირუსის მიმართ იმუნიტეტი უვითარდება. 20 დეკემბრიდან, სამი კვირის შემდეგ, ისრაელში Covid-19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკამ კლება დაიწყო. 10 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პირველ ბენეფიციართა ჯგუფის, 60 წელს ზემოთ მყოფი პირების დაინფიცირების რიცხვი, 55%-ით შემცირდა, ხოლო ჰოსპიტალიზაციის 40%-ით და 35%-ით კრიტიკული შემთხვევებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა. შესაბამისად, იანვარში უკვე ვაქცინირებულ მოსახლეობაში, ვაქცინის ეფექტურობა თვალსაჩინო იყო.

იანვრის თვეში საერთო დაინფიცირებისა და შესაბამისად, გარდაცვალების რიცხვის მატება ქვეყანაში არსებულმა ეპიდაფეთქებამ გამოიწვია, რომელიც ისრაელში 23 დეკემბერს, Covid-19-ის ახალი ბრიტანული შტამი Lineage B.1.1.7-ის გამოჩენას მოჰყვა. ბრიტანული შტამი, რომელიც საშუალოდ 70%-ით უფრო გადამდებია SARS-CoV-2-ის სხვა შტამებთან შედარებით, არავაქცინირებულ მოსახლეობაში სწრაფად გავრცელდა, რამაც შედეგად, როგორც დაინფიცირების, ისე ფართო დაინფიცირებიდან გამომდინარე - გარდაცვალების, მაღალი რიცხვი განაპირობა.

13 იანვრიდან ისრაელმა 50 წლის ან უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. 28 იანვრიდან - 35 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის, ხოლო 4 თებერვლიდან 16 წლის ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ვაქცინის ბენეფიციართა ჯგუფი გაზარდა და ყველა თავსებადი ასაკობრივი კატეგორია მოიცვა, ეპიდაფეთქების შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა და როგორც დაინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობა ვაქცინაციის ფონზე საგრძნობლად შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში Covid-19-ით გარდაცვალების კოეფიციენტი 0.8%-ია რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. გლობალურად, დახურული შემთხვევების გარდაცვალების კოეფიციენტი 3%-ია.

ამ ეტაპზე, მსოფლიოში არ არსებობს შემთხვევა, რომელიც Covid-19-ის ვაქცინაციის გამო ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს.

ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, ხათუნა საღინაშვილის პოსტი ყალბ ინფორმაციას შეიცავს. პოსტის დაწერის მომენტში ვაქცინირებული ისრაელის მოსახლეობის არა 87% იყო, არამედ პირველი ინექცია საერთო მოსახლეობის 44%-ს ჰქონდა მიღებული, ხოლო მეორე დოზა - მოსახლეობის 29%-ს. იანვარში Covid-19-ით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა მოიმატა, თუმცა ეს იმ დროისთვის ჯერ არავაქცინირებულ მოსახლეობაში ბრიტანული შტამის ფართო გავრცელებამ გამოიწვია. ვაქცინირებულ მოსახლეობაში, როგორც ინფიცირების, ისე გარდაცვალების რიცხვი, შემცირდა, რაც ვაქცინის ეფექტურობას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის ბენეფიციართა ჯგუფის გაზრდასთან ერთად, როგორც ვირუსით ინფიცირების, ისე გარდაცვალების შემთხვევებმა, ქვეყანაში რადიკალურად იკლო.

---------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი