დეზინფორმაცია: ექიმი ირლანდიაში ი-რნმ ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 15 თებერვალს, Facebook-გვერდმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ვექსფორდის საავადმყოფოში მომუშავე ექიმი კეშავ რამან შარმა, კოვიდის ექსპერიმენტული ი-რნმ ინექციის გაკეთების შემდგომ გარდაიცვალა. პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

როგორც thejournal.ie-ს ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა წერს, ვექსფორდის საზოგადოებრივი საავადმყოფოს (Wexford General Hospital) ექიმის გარდაცვალების შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია იანვრის თვის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა. ექიმი კეშავ რამან შარვა 11 იანვარს ნამდვილად გარდაიცვალა და მას ვაქცინის (Pfizer/BioNTech) პირველი დოზა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა მიღებული. მიუხედავად ამ ორი ფაქტის დროში დამთხვევისა, ექიმი შარვას გარდაცვალებასა და COVID-19-ის ვაქცინას შორის კავშირი არ დადგენილა. ცნობისთვის, ირლანდიაში ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის 29 დეკემბერს Pfizer/BioNTech-ის და 2021 წლის 16 იანვრიდან Moderna-ს ვაქცინებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის ვაქცინით გარდაცვალების შემთხვევები, არც ირლანდიაში, არც ევროკავშირის ქვეყნებში ან მათ გარეთ, დღემდე არ დაფიქსირებულა.

ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს (The Health Products Regulatory Authority- HPRA) თანახმად, რომელიც ირლანდიის რესპუბლიკაში მედიკამენტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მარეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს, ირლანდიაში COVID-19-ის ვაქცინით გარდაცვალების შესახებ არავითარი ცნობა არ გამოქვეყნებულა. მედიკამენტების უსაფრთხოების კონტროლის ფარგლებში, HPRA იყენებს სისტემას, რომლის მეშვეობით სამედიცინო სპეციალისტებს ან საზოგადოების წევრებს ირლანდიაში მედიკამენტებსა და ვაქცინებთან დაკავშირებული საეჭვო არასასურველი რეაქციების (გვერდითი ეფექტების) შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. სწორედ ამ კონტროლის ფარგლებში, ირლანდიის მარეგულირებელმა 2021 წლის 21 იანვარს ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განახლება გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 წლის 18 იანვრამდე ჩატარებული ვაქცინაციის შემდგომ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები იყო წარმოდგენილი. თუმცა ამ მონაცემებს შორის რაიმე შეშფოთება, წუხილი ან პრეტენზია COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით არ გამოხატულა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოს (EMA) განცხადებით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინების გაკეთების შემდგომ დამდგარი გარდაცვალების შემთხვევებსა და COVID-19-ის ვაქცინას შორის პირდაპირი კავშირის მტკიცებულება არ არსებობს. ასევე, HPRA-ს განმარტებით, რადგანაც COVID-19-ის ვაქცინას ძირითადად ასაკოვანი და მოწყვლადი ჯგუფის წევრები იღებენ, სიკვდილიანობა აუცილებლად დაფიქსირდება, რომელიც ვაქცინაციის შემდგომი დროის მონაკვეთს დაემთხვევა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარდაცვალების მიზეზი COVID-19-ის ვაქცინა იქნება.

COVID-19-ის ვაქცინით გამოწვეული გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციაზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდე აქტიურად წერდა, შესაბამის სტატიებს შეგიძლიათ, შემდეგ ბმულებზე ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) გაეცნოთ.

შესაბამისად, ირლანდიელი ექიმის კოვიდვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ყალბი ამბავია, რომელიც ვაქცინის დისკრედიტაციას და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითად განწყობას და უნდობლობის გაღვივებას ისახავს მიზნად.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

ყალბი ამბავი გამოგვიგზავნა ფაქტ-მეტრისა და მოხალისეთა ჰაბის ერთობლივი პროექტის, "მოხალისე ფაქტჩეკერის" მონაწილემ, მარიამ ბეჟიტაშვილმა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი