2021 წლის 25 თებერვალს საქართველოს მთავრობამ საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით Facebook-პოსტი გამოაქვეყნა:

„საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა“.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაუროს.

1921 წლის 12 თებერვალს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ საომარი ოპერაციები დაიწყო. მე-11 წითელმა არმიამ აზერბაიჯანიდან საზღვრები გადმოლახა. საქართველოს ტერიტორიაზე წითელი არმია დარიალის ხეობით, მამისონის უღელტეხილითა და შავი ზღვის სანაპიროდანაც შემოიჭრა. 13-24 თებერვლის პერიოდში შეტაკებები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - წითელი ხიდთან, კოჯორთან და ტაბახმელაში გრძელდებოდა.

24 თებერვალს ღამის 10 საათზე, მაშინდელმა მთავრობამ, გენერალ კვინიტაძესთან ერთად, უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო. 25 თებერვალს მთავრობამ თბილისი დატოვა და მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა დედაქალაქი დაიკავეს.

აქედან გამომდინარე, 25 თებერვალი არის საბჭოთა ოკუპაციის დღე, თუმცა ამის მიუხედავად შეტაკებები და ბრძოლა შემდგომ პერიოდშიც - მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდებოდა. 1921 წლის 17 თებერვალს საქართველოს ანექსია არ მომხდარა.

საინტერესოა, რომ საბჭოთა ძალებთან წინააღმდეგობაში საქართველოს მხრიდან არმია, გვარდია, მოხალისეები და იუნკრები მონაწილეობდნენ. იუნკრები საბრძოლო ძალის დაახლოებით 1%-ს წარმოადგენდნენ. საქართველოს დასაცავად იუნკრების გარდა უამრავმა ადამიანმა გასწირა თავი და მათი ღვაწლის უგულებელყოფა დაუშვებელია. ამასთან, თბილისში საბჭოთა ძალების შემოსვლის შემდეგაც, ქართულ მხარეს წინააღმდეგობა არ შეუწყვეტია.

25 თებერვალს თბილისის დაცემიდან 100 წელი გავიდა. საქართველოს ოკუპაციის ამ სიმბოლურ თარიღზე არაზუსტი განცხადების გავრცელება მიუღებელია. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სენსიტიურ და მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის სახელით გავრცელებულ განცხადებებს მეტი ყურადღება დაეთმოს და შესაბამისი კომპეტენციის ადამიანების მიერ მომზადდეს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი