ირაკლი ღარიბაშვილი: ვარდების რევოლუციის შემდეგ ეკონომიკა ბოლომდე გაპარტახდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე:

ფაქტ-მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების სიზუსტე შემდეგი ინდიკატორების დინამიკის შეფასებაზე დაყრდნობით გადაამოწმა: მთლიანი შიდა პროდუქტი, სახელმწიფო ვალი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ლარის კურსი, ინფლაცია, ბიუჯეტის შემოსულობები, დასაქმების დონე. ანალიზი აჩვენებს, რომ არც უშუალოდ ვარდების რევოლუციის შემდგომ, არც ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ეკონომიკა არ „გაპარტახებულა“. ოფიციალური სტატისტიკით, ობიექტური საფუძველი მსგავსი განცხადების გასამყარებლად არ არსებობს და სურათი საწინააღმდეგოა. შესაბამისად, დაუდგენელია რა წყაროზე დაყრნობით განავითარა ირაკლი ღარიბაშვილმა მსგავსი ლოგიკა.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2007 წლის მდგომარეობით, 2003 წელთან შედარებით 43%-ით იყო გაზრდილი, ხოლო 2012 წელს, 2003 წელთან შედარებით 70%-ით.

სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი 2007 წელს, 2003 წელთან შედარებით შემცირდა 55.2%-დან 21.6%-მდე. 2012 წელს კი, სახელმწიფო ვალმა მშპ-ს 32.3% შეადგინა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მაჩვენებლის მხრივ, განსაკუთრებულად წარმატებული 2006-2008 წლები აღმოჩნდა, როდესაც ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-ს 15%-ს მიუახლოვდა. 2012 წელს, 2003 წელთან შედარებით, ფარდობითი მაჩვენებელი შემცირდა. თუმცა, 2003-2012 წლის განმავლობაში მონაცემი საშუალოდ 9.9%-ზე ნარჩუნდებოდა, რაც რევოლუციამდე პერიოდთან შედარებით, ცალსახა პროგრესია. 2007 წელს, აბსოლუტურ რიცხვებში, პუი 2003 წელთან შედარებით 415%-ით გაიზარდა, 340 მლნ აშშ დოლარიდან 1.7 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო 2012 წელს, 2003 წელთან შედარებით ინვესტიციები 200%-ით გაიზარდა და 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2007 წელს, 2003 წელთან შედარებით 22%-ით იყო გამყარებული, ხოლო 2012 წელს, 2003 წელთან შედარებით, 23%-ით.

ინფლაცია 2004-2012 წლებში შედარებით მაღალი იყო და საშუალოდ 6%-ს შეადგენდა, თუმცა, ინფლაცია ხშირად მაღალი ეკონომიკური ზრდის თანამდევი მოვლენაა. მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულ პერიოდში, რეალური შემოსავლები იზრდებოდა.

ბიუჯეტის შემოსულობები 2003-2012 წლებში საშუალოდ 25.1%-ით იზრდებოდა, 2003-2007 წლებში საშუალოდ 43%-ით.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთი შეხედვით უმუშევრობის დონე გაიზარდა და შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა. თუმცა ეს პარადოქსი, ნაწილობრივ, საჯარო სექტორში ხელოვნურად გაზრდილი სამუშაო ადგილების საწყის პერიოდში არსებითად შეკვეცას შეიძლება გამოეწვია. ამავდროულად, მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულად მიჩნეული იყო მხოლოდ ქაღალდზე/ოფიციალურად, (ითვლებოდა დასაქმებულად რადგან სოფელში საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთს ამუშავებდა) პრაქტიკაში კი უმუშევარს წარმოადგენდა. ამ ადამიანების თვითდასაქმებულთა კატეგორიიდან დაქირავებით ან ეფექტურად დასაქმებულთა კატეგორიაში გადანაცვლებას სტატისტიკა ვერ ასახავდა. ფაქტი, რომ ეკონომიკის ზრდის პარალალელურად უმუშევრობის დონის ზრდას დიდწილად, დასაქმებისა და მეთოდოლოგიის თავისებურებები განაპირობებდა, გარკვეულწილად დასტურდება კიდევ ერთი არგუმენტით, კერძოდ, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 2003-2012 წლებში 80%-ით, 297 ათასიდან 534 ათასამდე გაიზარდა.


ანალიზი

მიმდინარე წლის 22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა: „მძიმე ათწლეულებისგან დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შემდეგ კი, განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება.“ ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე შემდეგი ინდიკატორების დინამიკის შეფასებაზე დაყრდნობით გადაამოწმა: მთლიანი შიდა პროდუქტი, სახელმწიფო ვალი, ლარის კურსი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ინფლაცია, ბიუჯეტის შემოსულობები და დასაქმების დონე.

მთლიანი შიდა პროდუქტი

მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა, ეკონომიკური განვითარებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ინდიკატორია. 2007 წელს, 2003 წელთან შედარებით, რეალური მშპ გაზრდილია 43%-ით, ხოლო 2012 წელს, 2003 წელთან შედარებით, 70%-ით. 2003-2012 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი პერმანენტულად იზრდებოდა, გარდა 2009 წლისა, როდესაც საქართველოს ეკონომიკა 3.7%-თ შემცირდა. აღნიშნული კლება, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით და პოსტსაომარი კონიუნქტურით იყო გამოწვეული. 2004-2007 წლებში, მშპ საშუალოდ 9.3%-ით იზრდებოდა, ხოლო მთლიანობაში, 2004-12 წლებში საშუალოდ 6.2%-ით.

გრაფიკი 1: საქართველოს ნომინალური და რეალური (2010=100) მშპ-ს ზრდის ტემპი და მოცულობა, მლრდ.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სახელმწიფო ვალი

საქართველოს სახელმწიფო ვალი [1] მთავრობის შიდა და საგარეო ვალისა და ეროვნული ბანკის ვალდებულებების ჯამისაგან შედგება. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად, მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2003 წლის შემდგომ პერიოდში სახელმწიფო ვალის აბსოლუტური მაჩვენებელიც მცირდებოდა, რაც გარკვეულწილად, ლარის დოლართან მიმართ გამყარებით იყო გამოწვეული. 2003 წელს, სახელმწიფო ვალი 4.7 მლრდ ლარს შეადგენდა, 2007 წელს 3.6 მლრდ ლარს, ხოლო 2012 წელს სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.4 მლრდ ლარი იყო.

2003 წელს, ვალის ფარდობა მშპ-თან 55.2%-ს შეადგენდა, ხოლო 2012 წელს 32.3%-ს. ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. საგამონაკლისო პერიოდს ამ შემთხვევაშიც 2009-2019 წლები წარმოადგენდა, პოსტკრიზისული და პოსტსაომარი მდგომარეობის გამო.

გრაფიკი 2: სახელმწიფო ვალი 2003-2012 წლებში, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ლარის კურსი

2003 წელს, ლარის კურსის საშუალო წლიური მაჩვენებელი, დოლართან მიმართებით, საშუალოდ 2.15-ს უტოლდებოდა. შემდგომ წლებში, ლარის კურსი გამყარების ტენდენციას ინარჩუნებდა და 2004-2012 წლებში, 1 დოლარი საშუალოდ 1.71 ლარი ღირდა. ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში დოლარმა მსოფლიო მასშტაბით დაიწყო გაუფასურება, რამაც ლარის გამყარება ნაწილობრივ გამოიწვია, თუმცა, დოლარის გამყარებაზე ბუნებრივია შიდა, მათ შორის მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული ფაქტორებიც მოქმედებდა.

გრაფიკი 3: ლარი კურსი დოლართან მიმართებით 2003-2012 წლებში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აბსოლუტური მაჩვენებელი 2004-2012 წლებში საშუალოდ 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 9.9%-ს უტოლდებოდა. 2007 წელს, პუი 2003 წელთან შედარებით 415%-ით გაიზარდა, 340 მლნ აშშ დოლარიდან 1.7 მლრდ აშშ დოლარამდე ხოლო 2012 წელს, 2003 წელთან შედარებით ინვესტიციები 200%-ით გაიზარდა და 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. პუი-ს მაჩვენებლის მხრივ, განსაკუთრებულად წარმატებული 2006-2008 წლები აღმოჩნდა, როდესაც ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-ს 15%-ს მიუახლოვდა, თუმცა, შემდგომ წლებში პუი გარკვეულწილად შემცირდა. აღნიშნულის მიუხედავად, აშკარაა რომ ვარდების რევოლუციის შემდგომ, პირდაპირი ინვესტიციების მხრივ, ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდება.

გრაფიკი 4: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2000-2012 წლებში, მლნ აშშ დოლარი.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ინფლაცია

2004-2012 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია 6% შეადგენდა. ბუნებრივია, გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი არასასურველი მოვლენაა, თუმცა სამართლიანობისთვის აღსანიშნავია ისიც, რომ მაღალი ინფლაცია, მაღალ ეკონომიკურ ზრდას თან ახლავს. ინფლაციის მიუხედავად, ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკა შედარებით მაღალი ტემპებით იზრდებოდა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ინფლაცია მნიშვნელოვანი პრობლემა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რეალური შემოსავლების კლებას განაპირობებდა და ნომინალური შემოსავლების ზრდის პარარელურად რეალური შემოსავლები შემცირდებოდა, თუმცა მსგავსი რეალობა არ დამდგარია და რეალური შემოსავლები იზრდებოდა.

გრაფიკი 5: წლიური ინფლაცია საქართველოში 2003-2012 წლებში.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს ბიუჯეტის შემოსულობები

2003 წელს საქართველოს ბიუჯეტის შემოსულობები 1,214 მილიარდი ლარი იყო. შემდგომ წლებში, ბიუჯეტის შემოსულობები ყოველწლიურად იზრდებოდა, 2009 წლის გარდა, რაც ეკონომიკის კრიზისულ და პოსტსაომარ ვითარებასთან იყო დაკავშირებული. საბოლოო ჯამში, შემოსულობების საშუალოწლიურმა ზრდამ, აღნიშნულ პერიოდში 25.1% შეადგინა.

გრაფიკი 6: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2003-2012 წლებში, მლნ ლარი.

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

დასაქმების დონე

იმის მიუხედავად რომ ეკონომიკა 2003-2012 წლის პერიოდში არსებითად გაიზარდა, ასევე გაიზარდა უმუშევრობის დონეც და შემცირდა დასაქმებულების რაოდენობა. ეს ერთგავრი პარადოქსია, თუმცა აღნიშნულის ძირითადი მიზეზი სავარაუდოდ დასაქმებისა და სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიის თავისებურებებში უნდა ვეძებოთ. აღსანიშნავია, რომ შედარების მიზნიდან გამომდინარე, მოყვანილი მონაცემები დათვლილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის არა მოქმედი, არამედ „ძველი“ მეთოდოლოგიის შესაბამისად. [2]

მოცემულ პერიოდში, ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, რატომ იზრდებოდა უმუშევრობის დონეც და მცირდებოდა დასაქმებული ადამიანების რაოდენობა სათანადოდ შესწავლილი არ არის, თუმცა შესაძლებელია ცალკეული ვარაუდის გამოთქმა მიზეზების შესახებ. პოსტრევოლუციურ პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული ბიუროკრატიის არსებითი შეკვეცა და მასთან დაკავშირებული ოპტიმიზაცია, რაც საჯარო სექტორში არაეფექტურად დასაქმებული ადამიანების მასობრივად გათავისუფლებას გულისხმობდა, დასაშვებია საწყის წლებში უმუშევრობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო.

ამავდროულად, მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულად მიჩნეული იყო მხოლოდ ქაღალდზე/ოფიციალურად, (ითვლებოდა დასაქმებულად რადგან სოფელში საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთს ამუშავებდა) პრაქტიკაში კი უმუშევარს წარმოადგენდა. ამ ადამიანების თვითდასაქმებულთა კატეგორიიდან დაქირავებით ან ეფექტურად დასაქმებულთა კატეგორიაში გადანაცვლებას სტატისტიკა ვერ ასახავდა. მოცემულ ვარაუდს, გარკვეულწილად, ადასტურებს ფაქტი, რომ დასაქმებულთა ოდენობა ძირითადად თვითდასაქმებულთა ოდენობის შემცირების ხარჯზე ხდებოდა.

გრაფიკი 7: საქართველოს სამუშაო ძალა და დასაქმება, მლნ, უმუშევრობის დონე, %

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

წინა აბზაცში გამოთქმულ ვარაუდი, რომ ეკონომიკის ზრდის პარალალელურად უმუშევრობის დონის ზრდას დიდწილად, დასაქმებისა და მეთოდოლოგიის თავისებურებები განაპირობებდა, გარკვეულწილად დასტურდება კიდევ ერთი არგუმენტით, კერძოდ, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების ცვლილების ამსახველი სტატისტიკური მონაცემებით.

გრაფიკი 8: სამუშაო ადგილები ბიზნეს სექტორში, ათასი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც მე-8-ე გრაფიკიდან ჩანს ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში კერძო სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა ზრდადია, თუ 2003 წელს ის მხოლოდ 297 ათასი იყო, 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 534 ათასს მიაღწია. აღნიშნული დინამიკა თანხვედრაშია იმ ეკონომიკურ ზრდასთან, რაც საქართველოს ჰქონდა 2003-2012 წლებში.

[1] არ მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვინაიდან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მოცულობა დაუზუსტებელია. წარსულში, რიგ შემთხვევებში ფაქტ-მეტრი აღნიშნულ მონაცემს ითვალისწინებდა, თუმცა, აღნიშნულზე უარი ითქვა ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციების შემდგომ.

[2] 2010 წლამდე არსებული მონაცემები საქსტატის მიერ უახლესი მეთოდოლოგიის შესაბამისად გადაანგარიშებული არ არის. შესაბამისად, 2003-2012 წლების სრულ პერიოდზე იდენტური და ამავდროულად უახლესი მეთოდოლოგიით დათვლილი შედარებადი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი