ანრი ოხანაშვილი: დღეს ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: სპეცოპერაციის ფარგლებში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის არეში დაზიანება მიიღო, 17 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეის გამოყენება დაუშვებელია. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, დახურულ სივრცეში წიწაკის გაზის გამოყენება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება.

ანალიზი:

2021 წლის 23 თებერვალს პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა. როგორც მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, შენობაში შეღწევა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოხდა. დაკავების პროცესში სპეცრაზმმა დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეი გამოიყენა. სპეცოპერაციის ფარგლებში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის არეში დაზიანება მიიღო, 17 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ენმ-ს ოფისში არსებული ინვენტარის ნაწილი განადგურდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, განაცხადა: „დღეს ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით, როდესაც პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალური სიფრთხილით, მაქსიმალურად მოზომილად, პროპორციულად და იყო ორიენტირებული კანონის ზედმიწევნით სწორად აღსრულებაზე და არა - ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირებაზე“.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისში განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა: „ყველა, საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ეს არის გაეროს სტანდარტები, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით, წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, იქიდან გამომდინარე, რომ გაზის გამოყენებით დახურულ სივრცეში მიღებული ტკივილი უტოლდება, აღწევს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფორმებს. მათ შორის, CPT-ის (ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი) 2014 წელს პირდაპირ აქვს საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაცია, რომ წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში. სწორედ ამას ვსაუბრობ, ეს არის სტანდარტები რაზეც ვისაუბრე. არ შეიძლება ადამიანის უფლებათა სტანდარტით, წიწაკის გაზის, სპრეის გამოყენება იქ, სადაც ჰაერი არ არის შეღწევადი და ადამიანებს არ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გავიდნენ სუფთა ჰაერზე... განსაკუთრებით აკრძალულია ამ გაზის გამოყენება იმ ადამიანების მიმართ, დაშავება იმ ადამიანების, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს პოლიციისთვის და ვიცი, რომ იქ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ასევე, ვიცი, რომ დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები“. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ტალი ესტონეთის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ წიწაკის სპრეის დახურულ სივრცეში გამოყენება დაუშვებელია და აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაა.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ანრი ოხანაშვილის განცხადება, რომ სპეცოპერაცია ევროპული და ამერიკული სტანდარტით ჩატარდა, არის ტყუილი. ევროსაბჭოსა და სტრასბურგის პრაქტიკა მოწმობს, რომ წიწაკის სპრეის დახურულ სივრცეში გამოყენება დაუშვებელია.

აქვე, აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას დაკავების პროცესში სამართალდამცავების მხრიდან პროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც გადაამოწმა. შესაბამისად, აღნიშულ თემაზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი