კონსტანტინე თავზარაშვილი: ა(ა)იპების გაერთიანებით თანხები დაიზოგა, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი დავასაქმეთ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება არის მცდარი

რეზიუმე:

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გორში ორი მუნიციპალიტეტი (ქალაქისა და თემის) გაერთიანდა და ახალი სტრუქტურული ერთეული - გორის მუნიციპალიტეტის მერია, ჩამოყალიბდა. პარალელურად, ქალაქისა და თემის მანამდე არსებულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ა(ა)იპ-ები გაერთიანდა. რეორგანიზაციის პროცესის შედეგად, 10 მუნიციპალური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, 2020 წლის ბოლოს კი მერიამ კიდევ ერთი, მე-11 ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტო შექმნა, რომლის კადრების დაკომპლექტების პროცესი ჯერ ისევ გრძელდება.

ანალიზი:

გორის მერი ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის შედეგებს აჯამებს და თვლის, რომ 4 წლის წინანდელი მოლოდინი, რისთვისაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მეტ-ნაკლებად გამართლდა და მუნიციპალური ორგანიზაციების შერწყმა-გაერთიანებით, როგორც კონსტანტინე თავზარაშვილი მიიჩნევს, საბიუჯეტო თანხები დაიზოგა.

„ა(ა)იპების გაერთიანებით ბევრი თანხა დაიზოგა. მაგრამ ძალიან ბევრი ხალხიც დავასაქმეთ. გამოჩნდა, რომ საჭირო იყო ხალხის დასაქმება. 2 მუნიციპალიტეტი გაერთიანდა, ჩვენ უნდა შეგვემცირებინა კადრები, შევამცირეთ კიდეც. მაგრამ მერე შევხედეთ, რომ გვჭირდებოდა უფრო მეტი ადამიანი და მოხდა ხალხის დამატება. უფრო მეტი ხარჯი გვექნებოდა, რომ არ მომხდარიყო რეორგანიზაცია",-აცხადებს გორის მერი.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რა ცვლილება განიცადა ამ გადაწყვეტილების განხორციელების შემდეგ საბიუჯეტო თანხებმა და გაამართლა, თუ - არა ხელისუფლების მაშინდელმა მოლოდინმა რეორგანიზაციიდან 4 წლის შემდეგ?

2014 წლისთვის გორის მუნიციპალიტეტი ქალაქისა და თემისგან შედგებოდა. ამ პერიოდში თვითმმართველობის ახალი რეფორმის ამოქმედების შემდეგ, ქალაქ გორსა და გორის თემში სულ 32 ა(ა)იპ ფუნქციონირებდა.

2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები ისევ შევიდა და გორს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა. პარალელურად, მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების შერწყმა-გაერთიანების საკითხზე მსჯელობა დაიწყო, რომლის ერთ-ერთ მამოტივირებელ საფუძვლად საბიუჯეტო თანხების დაზოგვა დასახელდა.

თუ მანამდე მუნიციპალური ორგანიზაციებისთვის (ქალაქის და თემის ერთად) ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 35 მილიონ ლარს არ სცდებოდა, რეორგანიზაციის პირველივე წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4 მლნ ლარით გაიზარდა. ამ პერიოდში უკვე განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, გაერთიანებულ გორის მუნიციპალიტეტში 2017 წლის პირველ კვარტალში ა(ა)იპ-ების საერთო რაოდენობა 22-მდე, 2017 წლის ბოლოსთვის კი 10-მდე შემცირდა. ახალ მუნიციპალურ ორგანიზაციებში ის იურიდიული პირები გაერთიანდა, რომელთაც ლიკვიდაცია არ შეეხო. ამის შესახებ იმ პერიოდში „ფაქტ-მეტრიც“ წერდა.

იურიდიული პირების მნიშვნელოვნად შემცირებას ლოგიკურად, დაფინანსების შემცირება უნდა გამოეწვია, მინიმუმ ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში მაინც, თუმცა ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს მუნიციპალიტეტმა 10 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე, 2017 წელთან შედარებით, 887 900 ლარით მეტი დახარჯა. დასაქმებულ პირთა რაოდენობა კი 3016 -დან 2976-მდე შემცირდა.

აღმოჩნდა, რომ გაუქმებულ ა(ა)პ-ებში დასაქმებულები ახლადშექმნილ გაერთიანებებში გადანაწილდნენ. ამ პროცესში აუდიტის სამსახურს პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა. 2017-2018 წლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად აუდიტის სამსახურმა განმარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ ორგანიზაციებში შტატები შესაძლოა, ხელოვნურად იყოს გაზრდილი, რომლის დასტურადაც დოკუმენტში რამდენიმე საეჭვო ვითარებაა მოყვანილი.

„მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული ა(ა)იპ-ებში ზოგიერთი შტატიანი მოსამსახურის და შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა არსებობა“,- წერს აუდიტის სამსახური, რომელმაც გასულ წელს გორში საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვის საჭიროება გამოავლინა.

მიუხედავად ამისა, გასული წლის შემოდგომით გორის მერიამ კიდევ ერთი ა(ა)იპ, ტრანსპორტის სააგენტო ჩამოაყალიბა და საწყის ეტაპზე 20-მდე პირი დაასაქმა. მუნიციპალური ტრანსპორტისთვის 100-მდე მძღოლის მისაღებად სააგენტომ კონკურსიც გამოაცხადა. მე-11 მუნიციპალური ორგანიზაციის დამატებამ ბუნებრივია, ადგილობრივ ბიუჯეტში ა(ა)იპ-ების სუბსიდირებისთვის გათვალისწინებული ხარჯები გაზარდა. 2017 წლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ა(ა)იპ-ების დაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40%-ზე ნაკლები არ იხარჯება.

ცხრილი №1: გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ფინანსური წილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2018-2021 წლებში:

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ, 4 წელში მუნიციპალური ორგანიზაციების დასაფინანსებლად დაახლოებით 68.5 მილიონი ლარი გამოიყო. რაც 2014-2017 წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 27.2 მილიონი ლარით მეტია

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებამდე გორში, რაოდენობრივად მეტი იურიდიული პირისთვის (ქალაქისა და თემის ა(ა)იპ-ებისთვის ერთად) 2014-2017 წლებში 41 250 999 ლარი დაიხარჯა. თანხებთან ერთად იმ პერიოდისთვის მცირე იყო პროცენტული მაჩვენებელიც ადგილობრივ ბიუჯეტთან მიმართებით.

ცხრილი №2: გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ფინანსური წილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014-2017 წლებში:

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია.

ამ მონაცემებთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრმა“ კვლევა 2018 წელსაც გამოაქვეყნა.

ამჟამად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ა(ა)იპ-ებისთვის სუბსიდირების გაზრდა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის გაერთიანებულ ორგანიზაციებში ახალი კადრების დამატების საჭიროება გამოიკვეთა. მაგალითად, კეთილმოწყობის სააგენტოში 2017 წლის შემდეგ შტატების რაოდენობა 40-დან 45 მდე გაიზარდა, სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს 2 შტატი დაემატა, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი 425-დან 477-მდე გაიზარდა. მათი ხელფასებისთვის 2018 წელს დაახლოებით 1.42 მილიონი ლარი დაიხარჯა, ამჟამად კი 2.5 მილიონ ლარიანი დაფინანსებიდან, სააგენტოს ინფორმაციით, 90% სახელფასო ფონდს ხმარდება.

შტატები დაემატა წელს „გორის მაცნესაც“ და 2017 წელთან შედარებით რაოდენობა 7-დან 11-მდე გაიზარდა. სტრატეგიული განვითარების სააგენტოში კი 2017 წლის შემდეგ 13 ახალი პოზიცია დაამატეს.

„ფეხბურთის კლუბ გორს“ კი ბოლო 4 წელში 6 ახალი თანამშრომელი შეემატა.

შტატების რაოდენობა გაიზარდა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში, რასაც ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობით და პერსონალის დამატებით ხსნიან. დასახელებული ა(ა)იპ-ი დაფინანსების ნახევარზე მეტს შრომის ანაზღაურებაზე ხარჯავს, მისი სახელფასო ფონდი წელს 4 910 940 ლარს შეადგენს.

მოძიებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალური ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად, 2017-2021 წლებში უფრო მეტი თანხა გამოიყო, ვიდრე 2014-2017 წლებში. ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, გაზდილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის პროცენტული წილიც. 4 წლის წინ ხელისუფლების განცხადება თანხების დაზოგვასთან დაკავშირებით, არ გამართლდა და რეალურად უფრო მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე ეს ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციამდე ხდებოდა.

რაც შეეხება დასაქმების ნაწილს, რაზეც ასევე გორის მერი თავის განცხადებაში საუბრობს, თანამშრომელთა რაოდენობა ბოლო წლებში გაზრდილია, თუმცა რამდენად გონივრულია ეს მატება, ცხადი სურათი თითოეულის ფუნქცია-მოვალეობების შესწავლის შედეგად გამოიკვეთება. ერთსა და იმავე ა(ა)იპ-ში საქმიანობების დუბლირებაზე აქცენტს რეორგანიზაციის შემდეგ თავის დასკვნაში აუდიტის სამსახურიც აკეთებდა.

გარდა ამისა, 2017 წელს ხელისუფლება თანხების დაზოგვას ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციის შედეგად, სწორედ თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირებით აპირებდა, რაც ასე არ მოხდა და ამას დღეს თავად გორის მერიც ადასტურებს. რეორგანიზაციის შედეგად უფრო მეტი ადამიანის დასაქმება, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზანს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, გორის მერის განცხადება არის მცდარი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი