დეზინფორმაცია: 2025-2028 წლებისთვის მსოფლიო ახალი „სპარსის პანდემიის“ წინაშე აღმოჩნდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ანგარიშმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ 10 თებერვალს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კორონავირუსის პანდემიის სიყალბესა და სპარსის სამომავლო პანდემიაზეა საუბარი, რომელიც ჯონ ჰოპკინსის ცენტრში დაიგეგმა. მასალის თანახმად, მომავალი პანდემია, რომლის განხორციელების თარიღი 2025-2028 წლებია, მას შემდეგ დაიწყება, რაც კორონავირუსის ვაქცინაზე მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დაითანხმებენ. პოსტში ასევე ჯონ ჰოპკინსის ცენტრში გამართულ ტრენინგზეა საუბარი, სახელწოდებით Event 201 (მოვლენა 201), რომელიც ავტორის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის წინასწარ შემუშავებულ გეგმას წარმოადგენდა. ღონისძიების გამართვიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი მოვლენები მათი სცენარის მიხედვით წარიმართა.

Facebook-ანგარიში „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ კორონავირუსის პანდემიის გარშემო მრავალი სახის დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიას ხშირად ავრცელებს, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა. ერთ-ერთი ხშირად გავრცელებული ცრუ მტკიცების თანახმად, COVID-19-ის ვაქცინა უფრო პრობლემურია, ვიდრე მანამდე არსებული სხვა ვაქცინები. ვაქცინა ლუციფერაზას შეიცავს და დნმ-ს ცვლის. აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). რაც შეეხება „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების“ მოცემულ პოსტს, ორი ძირითადი დეზინფორმაციული მტკიცება იკვეთება.

მტკიცება: 2025-2028 წლებისთვის მსოფლიო ჯონ ჰოპკინსის ცენტრში დაგეგმილი ახალი „სპარსის პანდემიის“ წინაშე აღმოჩნდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

„სპარსის 2025-2028 წლის პანდემია“ ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელობით შემუშავებულ დოკუმენტს წარმოადგენს (საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული რისკების კომუნიკატორებისთვის/მმართველებისთვის), რომელიც 2017 წლით თარიღდება. დოკუმენტში სპარსის პანდემიის ჰიპოთეტური სცენარია აღწერილი - პანდემიის აფეთქებიდან, მისი საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებამდე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებამდე. სცენარის მიზანი არა მომავლის ზუსტი წინასწარმეტყველება, არამედ იმ შესაძლო საფრთხეებისა და გამოწვევების სურათის შექმნაა, რომელიც კრიზისულ ვითარებაში, კომუნიკაციების კუთხით ხშირად წარმოიქმნება ხოლმე. დოკუმენტის შესავალში აღნიშნულია, რომ სპარსის პანდემია ჰიპოთეტური სცენარია, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის სარისკო პირობებში კომუნიკაციის გამოწვევების ილუსტრირებაა.

დოკუმენტის თანახმად, ამ გამოწვევების წინაშე მსოფლიო შესაძლოა, ბუნებრივი გზით წარმოქმნილი იმგვარი ინფექციური დაავადების გავრცელების შემთხვევაში დადგეს, რომელიც ახალი მედიკამენტების, ვაქცინებისა, თერაპიული საშუალებების ან სხვა სამედიცინო ზომების შემუშავებას მოითხოვს. დოკუმენტში აღწერილი „ინფექციური პათოგენი, სამედიცინო სამოქმედო ზომები, პერსონაჟები, ახალი ამბებიდან ამონარიდები, სოციალური მედიის პოსტები და სამთავრობო უწყებების საპასუხო ქმედებები, მთლიანად გამოგონილია“. ჯონ ჰოპკინსის ოფიციალურ ვებგვერდზე პროექტის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სპარსის პანდემიის სცენარი წარსულში მომხდარი სამედიცინო კრიზისების შესახებ არსებული ინფორმაციის მოპოვებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სისტემების თავისებურებების შესწავლის შედეგად არის შექმნილი.

მტკიცება: COVID-19-ის „ყალბი“ პანდემია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩატარებული „ღონისძება 201“-ის სცენარით წარიმართა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია „ღონისძიება 201“-ის გარშემო Facebook-ზე აქამდეც ვრცელდებოდა. სოციალურ სივრცეში ამ შეთქმულების თეორიის ერთ-ერთი ავტორი საქართველოში ყალბი ანგარიში ლაშა მოდებაძეა. მასზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

„ღონისძიება 201“ 2019 წლის 18 ოქტომბერს ნიუ-იორკში, სასტუმრო პიერში (The Pierre hotel) გაიმართა. ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ღონისძიება სიმულაციური, სცენარზე დაფუძნებული დისკუსიების სერიას წარმოადგენდა, რომელიც მიზნად შესაძლო გლობალურ გამოწვევებთან და მსოფლიო კრიზისებთან გასამკლავებლად გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების და მომზადების დონის გაზრდას ისახავდა. ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრმა კითხვაზე - იყო, თუ - არა, აღნიშნული სიმულაცია მიმდინარე პანდემიის წინასწარმეტყველება, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია, მათ შექმნეს პანდემიის გამოგონილი სცენარი, თუმცა ეს არ იყო მოვლენების წინასწარი პროგნოზი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ღონისძიება 201“ არ არის ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მიერ ჩატარებულ პირველი სიმულაციური სწავლება. მსგავსი სახის ღონისძიებებს ცენტრი 2001 წლიდან ატარებს. მაგალითად, 2001 წელს ღონისძიება სახელწოდებით „Dark Winter“ გაიმართა, 2005 წელს - „Atlantic Storm“, 2018 წელს კი ცენტრმა პანდემიის სიმულაციური ღონისძიება სახელწოდებით „Clade X“ მოაწყო.

Facebook-ანგარიშის, „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როგორც სპარსის სამომავლო ვირუსზე, ისე კორონავირუსის მიმდინარე პანდემიაზე, ავტორისეული მანიპულირებული ვერსიაა და რეალური დოკუმენტებისა და ღონისძიებების შესახებ მცდარ ამბავს ავრცელებს. სიმულაციური თამაშების ინტერპრეტაციით კორონავირუსის წინასწარ დაგეგმილ პანდემიად გამოცხადება და სამომავლო პანდემიის წინასწარმეტყველება რეალობას არ შეესაბამება. ყოველწლიურად ათასობით სხვადასხვა სიმულაცია ტარდება, მათ შორის საქართველოშიც. მსგავსი სიმულაციები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოსალოდნელ საფრთხეებთან ეფექტურად გამკლავებისთვის ამზადებს და რისკების სწორად შეფასებაში ეხმარება. ყოველთვის არსებობს შანსი, რომ რაც სიმულაციაში ხდება, რეალობაშიც განმეორდეს. პოსტის ავტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ამგვარი სიმულაციების მანიპულაციურად ახსნაა და კონსპირაციული თეორიებით მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

-------------------------------------------

ყალბი ამბავი გამოგვიგზავნა ფაქტ-მეტრისა და მოხალისეთა ჰაბის ერთობლივი პროექტის, "მოხალისე ფაქტჩეკერის" მონაწილეებმა, მარიამ კაპანაძემ და მელანო ბერიძემ.
თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი