ანა დოლიძე: ხორბლის ფქვილის სუბსიდირების მიმღები კომპანიებიდან ორი „ქართული ოცნების“ შემომწირველია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში, რომლის მიზანი პურზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებაა, პირველ ეტაპზე, მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო, რომელთაგან ორის, „ბევრილი ჯგუფის“ და „ჯეომილის,“ წარმომადგენლები პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში მთლიანად გაცემული სუბსიდიის 59.45% (1 069 020 ლარი), ამ ორმა კომპანიამ მიიღო. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების მიმღები კომპანიებიდან, ორი მათგანი „ქართული ოცნების“ შემომწირველია. ყველაზე დიდი კომპანია შპს „ბევრილი ჯგუფი“, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოდერძი ჩანქსელიანის იყო, ახლა კი მის ძმას ეკუთვნის. ხოლო შპს „ჯეომილს“, რომლის დირექტორიც ბესიკ ბეჟაშვილია, პარტიისთვის 50 000 ლარი აქვს შეწირული“.

პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება საქარველოს მთავრობამ 2020 წლის ნოემბერში მიიღო. პროგრამის მიზანი, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული ფასის სუბსიდირების გზით, პურზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებაა. სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარს შეადგენს. პროგრამის მონაწილე ბენეფიციარი ვალდებულია, 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია არაუმეტეს 53 ლარად მოახდინოს. პროგრამა 4-თვიანია (დეკემბრიდან მარტის ჩათვლით გრძელდება) და ყოველთვიურად 10 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება განხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა.

მიმდინარე წლის 21 იანვარს ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, სუბსიდირების მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გაიზარდა და 10 ლარის ნაცვლად, 15 ლარს შეადგენს. აღნიშნული ცვლილება ძალაში პირველი თებერვლიდან შევიდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად ორეტაპიანი ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. პირველ ეტაპზე შესაბამისი კონტრაქტი 6 მიმწოდებელთან გაფორმდა. პროგრამის მეორე ეტაპი მიმდინარე წლის 27 იანვარს გამოცხადდა. პირველ ეტაპზე სუბსიდირებულ ფქვილს პურის 52 მწარმოებელი მოიხმარდა, 29 იანვრიდან მათ კიდევ 9 მწარმოებელი დაემატათ. პირველ ეტაპზე (28 იანვრის მონაცემით) პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები და მათზე გაცემული სუბსიდიების ოდენობა შემდეგნაირია:

ცხრილი1: ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები და მათზე გაცემული სუბსიდირების ოდენობა (28 იანვრის მონაცემით)

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი თანხა შპს „ბევრილი ჯგუფმა“ მიიღო - მთლიანი თანხის ნახევარზე მეტი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ბევრილი ჯგუფის“ დამფუძნებელი და 70%-იანი წილის მფლობელი, ძმასთან - ნერუ ჩანქსელიანთან ერთად, IX მოწვევის პარლამენტის წევრი, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, გოდერძი ჩანქსელიანი იყო. 2020 წლის 20 ივლისის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის გენერალური დირექტორი და 99.75%-ის წილის მფლობელი უკვე ნერუ ჩანქსელიანია. ნერუ ჩანქსელიანმა „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 33 230 ლარი შესწირა. კომპანია „ბევრილი ჯგუფმა“ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაშიც მიიღო მონაწილეობა და ჯამში 438 000 აშშ დოლარის სუბსიდია მიიღო.

შპს „ჯეომილის“ დირექტორი ბესიკ ბეჟაშვილია. კომპანიის 63%-იანი წილის მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „გალმინგტონ ჰოლდინგს ლიმიტედია“, 25%-იანი წილის მფლობელი - პარინ რაჯანიკანტ კაპასი, რომელიც ინდოეთშია რეგისტრირებული. ბესიკ ბეჟაშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 50 ათასი ლარი აქვს შეწირული.

რაც შეეხება დანარჩენ კომპანიებს, შპს „აგროსისტემის“ 100%-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე ასაბილ კასუმოვია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანიამ ხორბლის ფქვილის სუბსიდირებისთვის 347 017 ლარი მიიღო, ხოლო 2020 წლის აპრილში ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისას 120 000 აშშ დოლარი აქვს მიღებული.

შპს „პროგრესს“ 16 მეწილე ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი - დიმიტრი დამაევი (16.6%), რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. კომპანიამ როგორც ხორბლის ფქვილის, ასევე ხორბლის სუბსიდირების პროგრამაშიც მიიღო მონაწილეობა და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებულმა სუბსიდიამ 118 950 აშშ დოლარი შეადგინა. კომპანია „გლობალ ლიმინტის“ 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი კიკალიშვილია. კომპანია დასახელებული პროგრამის ფარგლებში 160 000 ლარით დაფინანსდა. რაც შეეხება შპს „კარმენს“, მისი 100%-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე ტალეხ გასიმოვია.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში ჩართული ორი კომპანიის წარმომადგენელი, მართლაც, ქართული ოცნების შემომწირველია. აღნიშნულმა კომპანიებმა სუბსიდიის სახით ჯამში 1 069 020 ლარი მიიღეს, რაც მთლიანად გაცემული თანხის (1 798 060 ლარი) 59.45%-ს შეადგენს. შესაბამისად, ანა დოლიძის განცხადება არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი