ანრი ოხანაშვილი: პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა სავალდებულოა და არავის აქვს უფლება, კომისიაში მისვლაზე უარი თქვას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანრი ოხანაშვილი განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.

სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.


ანალიზი

მიმდინარე კვირაში პარლამენტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავს. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.

პროექტის ავტორთა განმარტებით, კომისიის შექმნის მიზანია არჩევნების მიმართ ყველა დასაბუთებულ თუ დაუსაბუთებელ კრიტიკას, შენიშვნას, ბრალდებას თუ მოსაზრებას გაეცეს პასუხი და გამოძიებული იქნას თითოეული ის საკითხი, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ ისმება. გარდა ამისა, როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კომისია იმუშავებს გამჭვირვალედ, საქმიანობაში ჩართავს ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს და შედეგებს საქართველოს მოსახლეობას წარუდგენს.

მმართველი გუნდის განცხადებით, თუ კომისია არჩევნების ოფიციალურ შედეგებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ თუნდაც ერთპროცენტიან გადახრას აღმოაჩენს, რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, საგამოძიებო კომისიაში ჩართვას არ აპირებენ. მათი განმარტებით, საპარლამენტო არჩევნებიდან უკვე 3 თვეზე მეტი გავიდა და „ქართულ ოცნებას” საკმარისი დრო ჰქონდა, რათა ყველაფერი თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე გადაესწორებინა.

კითხვაზე, მივლენ თუ არა „ევროპული საქართველოს“ წევრები საგამოძიებო კომისიის სხდომებზე დაბარების შემთხვევაში, ამავე პარტიის წევრმა, სერგი კაპანაძემ უპასუხა, რომ არაა დარწმუნებული, „გამომდინარე იქიდან, რომ ფარსი იქნება ეს კომისია“.

კომისიაში გამოკითხვაზე მისვლის საკითხს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა სავალდებულოა და არავის აქვს უფლება, კომისიაში მისვლაზე უარი თქვას, რადგან ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება ოხანაშვილის განცხადება სიმართლეს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით, ამა თუ იმ გარემოების გამო, მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას ნებისმიერ პირს, გარდა კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

აღსანიშნავია, რომ კომისიისთვის განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის, ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის, სისხლისსამართლებბრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით იქმნება. რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც. კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

დროებითი საგამოძიებო კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და უფლებამოსილია, თავისი აქტები რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოს, დაწესებულებას ან უწყებას გადაუგზავნოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის სიმართლე.

გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტი 51 ოპოზიციონერ დეპუტატს საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერებაზე უარს ეუბნება. თუ კომისიაში რომელიმე მათგანს დაიბარებენ, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის დასაყენებლად ჯერ საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნა გახდება საჭირო, როგორც ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში კი, ასეთ დეპუტატებს საპარლამენტო უფლებამოსილებაც შეუწყდებათ.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი