დეზინფორმაცია: ექიმი ქერი მადეი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით სხვადასხვა დეზინფორმაციას ავრცელებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი


ანალიზი:

2021 წლის 4 თებერვალს, Facebook-მომხმარებელი Khatuna Saginashvili-მა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ექიმი ქერი მადეი ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს. ექიმის აზრით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის, ის სამეცნიერო სტანდარტების გვერდის ავლით არის დამტკიცებული, ნანონაწილაკებს შეიცავს და სხვ. ვიდეოში გავრცელებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

მტკიცება: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დნმ-ს ცვლის და ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებულს ხდის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვიდეოში ექიმის მიერ გაჟღერებული მტკიცების თანახმად, ვაქცინით ადამიანის დნმ-ის ცვლილება და გენეტიკურად მოდიფიცირება ხდება. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. დღეისათვის დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna, Pfizer/BioNTech, Astrazeneca-ს ვაქცინები ადამიანის გენეტიკური კოდის ცვლილებას არ იწვევს. ახალ ი-რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. mRNA ვაქცინის შეყვანა ადამიანის უჯრედებში დნმ–ს არ ცვლის და ამ უჯრედების გამრავლების შემთხვევაში, mRNA ახალი უჯრედების გენეტიკურ ინფორმაციაში არ შედის. შესაბამისად, mRNA, ადამიანის დნმ-ზე არც გავლენას ახდენს და არც რაიმე სახით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და, მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის. შესაბამისად, ექიმი ქერი მადიეს მხრიდან „Monsanto-ს” მიერ გენმოდიფიცირებული საკვების წარმოება და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მოქმედების ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია. ცნობისთვის, Monsanto ამერიკული მულტინაციონალური აგროქიმიური და აგრობიოტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა.

მტკიცება: ვაქცინები სწრაფად განვითარდა, კვლევის პროცესში გამოტოვებული იყო ვაქცინის ცხოველებზე გამოცდის ეტაპი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები შემჭიდროვებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, კვლევის არც ერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

ზოგადად, ვაქცინამ დამტკიცებამდე პრეკლინიკური კვლევები და კვლევის სამი ფაზა უნდა გაიაროს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ - არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა გაცილებით მეტ ადამიანს (რამდენიმე ასეულს) უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანზე, განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა (მათ შორის, ბავშვებს) და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე იტესტება, რათა მისი უსაფრთხობა და ეფექტიანობა დადასტურდეს. გარდა ამისა, ამ ფაზაში იშვიათი გვერდითი მოვლენების გამოვლენა ხდება. მესამე ფაზის გამოცდები საკონტროლო ჯგუფსაც მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ.

პრეკლინიკური ტესტირება და სამივე საფეხური დღეისთვის დადასტურებულმა BioNTech/Pfizer-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინამ გაიარა. ვაქცინები თავდაპირველად მაიმუნებზე გამოიცადა და სწორედ ამის შემდგომ, მათი კლინიკური ტესტირება ადამიანებზე დაიწყო.

დეტალური ინფორმაცია ვაქცინების შექმნის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: ვაქცინები ნაყოფის უჯრედებს შეიცავს, ეს ვაქცინები კი ადამიანის კიბოთი დაავადების რისკს ზრდის

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, ვაქცინების შემადგენელი ნაწილების შესახებ წარმოებულ მოხსენებაზე დაყრდნობით, ზოგიერთი ვაქცინა, როგორიცაა, მაგალითად, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა, ათეულობით წლის წინ ლეგალურად აბორტირებული სხეულის ფილტვის ფიბრობლასტის ლაბორატორიულად კლონირებულ ქსოვილშია დამზადებული. მოხსენების თანახმად, კონკრეტულ ქსოვილში არსებული გარემო ვაქცინისთვის საჭირო ანტიგენის გამრავლების საშუალებას იძლევა. ანტიგენის აღნიშნულ გარემოში ფორმირების შედეგად, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება, რომ ანტიგენი ნანოგრამების რაოდენობით ადამიანის დნმ-ის ფრაგმენტებს შეიცავს. იმ ადამიანური ქსოვილის შესწავლა, რის შედეგადაც შექმნილმა ვაქცინამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, 1962 წელს მოხდა, როცა შვედეთში 3 თვის ლეგალურად აბორტირებული ჩვილის ქსოვილზე დაკვირვებისა და შესწავლის მაგალითზე W-38 ქსოვილური ხაზები (Cell lines) იქნა აღმოჩენილი. დღეს მედიცინაში W-38-ის (1962 წლის ქსოვილის) ლაბორატორიულად კლონირებული ვერსიები გამოიყენება და არა დღეს აბორტირებული ქსოვილები. ექიმი ქერი მადეის მიერ ნახსენები MRC-5 უჯრედული ქსოვილებიც მსგავსად არის მიღებული. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ის ვაქცინები, რომლებიც ემბრიონის უჯრედული ქსოვილით მზადდება, საბოლოო პროდუქტის მიღებამდე, მაღალი სტანდარტების გაფილტვრის/გაწმენდის პროცესს გადის, რის შედეგადაც ეს ნაწილაკები ვაქცინების შემადგენელ კომპონენტს აღარ წარმოადგენენ. ასე ხდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადების შემთხვევაშიც.

ამ თემასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

ცნობისთვის, ვაქცინა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის მცირე ზომის ფრაგმენტს ან ამ მცირე ზომის ფრაგმენტის შექმნის პროგრამას შეიცავს. ვაქცინა ასევე სხვა ინგრედიენტებისგან შედგება, რომლებიც ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისთვის არის აუცილებელი. ამ უკანასკნელ ინგრედიენტებს ვაქცინების უმრავლესობაში ვხვდებით. ეს ინგრედიენტებია: ანტიგენი, კონსერვანტები, სტაბილიზატორები, სურფაქტანტები (ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები), მინარევები, გამხსნელი, ადიუვანტი. ამ ინგრედიენტების დანიშნულების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

რაც შეეხება ვაქცინებისა და კიბოს განვითარების რისკს, აღნიშნული მტკიცებები პოლიომიელიტის, MMR (წითელა-წითურა-ყბაყურა), B ჰეპატიტის ვაქცინების შესახებ დიდი ხანია ვრცელდება. პოლიომიელიტის ვაქცინის შემთხვევაში, ეს მტკიცება შეიძლება იმ ფაქტთან იყოს დაკავშირებული, რომ პოლიომიელიტის ვაქცინის ზოგიერთი დოზა, რომელიც 1950–იან და 1960–იან წლებში გამოიყენებოდა, იმ ვირუსით იყოს დაბინძურებული, რომელიც ადამიანის ზოგიერთ სიმსივნეში გვხვდება და შესაძლოა, მღრღნელებში კიბოც კი გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, მეცნიერული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვაქცინა კიბოთი დაავადების ალბათობას ზრდის, არ არსებობს.

პოლიომიელიტის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვაქცინაა. ვაქცინით პოლიომიელიტი, რომელიც ერთ-ერთი მწვავე ვირუსული დაავადებაა და ყველაზე რთული ფორმით - პარალიზებით ვლინდება, თითქმის დამარცხებულია. ვაქცინაციის შედეგად 1988 წლის შემდეგ დაავადების ინციდენტობა 99%-ზე მეტით შემცირდა. 1988 წელს პოლიომიელიტის 350 000 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს კი - 175 შემთხვევა. 2020 წლის მონაცემებით, პოლიომიელიტისადმი ენდემურ კერებად მარტო ორი ქვეყანა (ავღანეთი და პაკისტანი) რჩება, მაშინ, როდესაც 1988 წლისთვის ის 125 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

მტკიცება: კორონავირუსის ვაქცინა ჰიდროგელს შეიცავს, რომლის მეშვეობითაც ვაქცინირებული ადამიანი ინტერნეტს უკავშირდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ მედიაში ყალბი ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის ვაქცინაში ჰიდროგელია მოთავსებული, რომელიც ადამიანთა სხეულებს ინტერნეტთან დააკავშირებს, აქტიურად ვრცელდება. სინამდვილეში, ჰიდროგელი ჰიდროფილური მოლეკულების ჯაჭვს წარმოადგენს, რომელიც წყალთან კავშირისას ზომაში იზრდება. მათგან უმრავლესობა ბიოლოგიურად შეთავსებადია და, შესაბამისად, ბიომედიცინასა და ბიოინჟინერიაში გამოიყენება. გარდა ამისა, მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერება - ჰიდროგელია, არც ერთი მონაცემით არ მტკიცდება. (შესაბამის ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს, AstraZeneca-ს კორონავირუსის და ზოგადად ვაქცინების შემადგენლობები).

კომპანია Profusa, რომელიც სამედიცინო დანადგარების შექმნაზე მუშაობს, ჰიდროგელზე დამზადებულ საინექციო სენსორს ავითარებს. მოცემული სენსორის დანიშნულება, სხეულში გრიპის ინფექციის იდენტიფიცირებაა და არა - ინტერნეტთან დაკავშირება. ეს ჰიდროგელზე დამზადებული სენსორები სხეულის ქსოვილებში ჟანგბადის დონის ცვლილებას აკონტროლებენ. Profusa-ს ჰიპოთეზის მიხედვით, ჟანგბადის დონის ცვლილება გრიპის ინფექციის ინდიკატორი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ამ ჰიდროგელზე დამზადებული სენსორის ერთადერთი დანიშნულება ჟანგბადის დონის მონიტორინგია.

ამასთანავე, ექიმი ქერი ვიდეომიმართვაში ახსენებს, რომ მობილური ჯანმრთელობის აპლიკაციებით ადამიანის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი. ექიმის მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა, რომელიც ბილ და მელინდა გეითსების სახელთან იყო დაკავშირებული. კონსპირაციის თანახმად, გეითსების ფონდი ვაქცინას ბიომეტრიული მონაცემების შესაგროვებლად და ფინანსური მოგებისთვის იყენებს. სინამდვილეში, Microsoft-მა და ბილ გეითსმა მართლაც დაარეგისტრირეს პატენტი 060606 ნომრით. პატენტი განკუთვნილია ტექნოლოგიისთვის, რომელიც ადამიანის ფიზიკურ აქტივობას მონიტორინგს უწევს და სანაცვლოდ კრიპტოვალუტით აჯილდოებს. თუმცა, აღნიშნული აპლიკაცია არც ადამიანს აკონტროლებს და არც ინტერნეტთან აკავშირებს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პატენტის განაცხადიც ჯერ არ დაკმაყოფილებულა.

რაც შეეხება უშუალოდ COVID-19-ის „კონტაქტების ძიების“ ფარგლებში შექმნილ აპლიკაციებს, ისინი მობილურის მფლობელს აცნობებს, რომ COVID-19-ის მქონე პაციენტთან ჰქონდა შეხება (იმ შემთხვევაში, თუ ამ პირსაც იგივე აპლიკაცია აქვს). სისტემის მიზანია, უსიმპტომო ადამიანების მიერ ინფექციის გაუცნობიერებელი გავრცელება შეიზღუდოს. მსგავსს აპლიკაციას ადამიანის გაკონტროლებასთან და მის მართვასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამასთანავე, ექიმი ქერი მეცნიერული დასაბუთების გარეშე საუბრობს იმაზე, რომ ვაქცინები ადამიანებს ხელოვნურ ინტერფეისთან დააკავშირებს.

მტკიცება: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ნანონაწილაკებს შეიცავს, რომლებიც „პატარა კომპიუტერებს ფარავს“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ექიმი მადის მტკიცების თანახმად, ვაქცინებში ნანონაწილაკებია, რომლებიც „პატარა კომპიუტერებს ფარავს“. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ნანონაწილაკები მინიმალური ზომის, 100 ნანომეტრზე ნაკლები მიკროსკოპული ნაწილაკებია, რომელთაც ნანოკომპიუტერებთან კავშირი არ აქვს. Griffith University-ის ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ნაიჯელ მაკმილანმა, საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციასთან, AFP FactCheck-თან განაცხადა, რომ ამ დროისთვის, ისეთი ტექნოლოგია, რომელიც რობოტებს ან კომპიუტერებს საშუალებას მისცემს ლიპიდური ნანონაწილაკების მეშვეობით მოხვდეს ვაქცინაში, არ არსებობს.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა mRNA-ზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც ადამიანის უჯრედებს მითითებებს იმ ცილის წარმოსაქმნელად უგზავნის, რომელიც COVID-19-ის შემადგენელი ერთ-ერთი ცილის მსგავსია. ორგანიზმში ერთგვარი კოპირების გზით წარმოქმნილ ცილებზე იმუნური სისტემა ანტისხეულების წარმოქმნით რეაგირებს, რაც მომავალში ადამიანს ნამდვილი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაიცავს. ფაქტობრივად, ამ გზით იმუნური სისტემა სწავლობს, თუ როგორ ამოიცნოს პროტეინი და მის წინააღმდეგ ანტისხეულები როგორ წარმოქმნას. ასევე, ნაიჯელ მაკმილანის თქმით, Pfizer-BioNTech-ის mRNA ვაქცინებში არსებული ლიპიდური ნაწილაკები ვაქცინის უჯრედებში შესვლისას მის დამცველ მექანიზმს წარმოადგენს. აღნიშნული ლიპიდური ნანონაწილაკები ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ცხიმებისგან (მაგ. ქოლესტერინი) ან მცენარეული ცხიმებისგან (მაგ. მარგარინი) შედგება. კანადური ბიოტექნოლოგიური კომპანია Acuitas Therapeutics-ის თანახმად კი, ეს ლიპიდური ნანონაწილაკები ვაქცინის ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ mRNA-ის დანიშნულების ადგილამდე მისვლას უზრუნველყოფს. ვინაიდან და რადგანაც, რეალურად ვაქცინები ნანორობოტებს ან სხვა სახის ტექნოლოგიურ ნაწილაკებს არ შეიცავს, მტკიცება, რომ მათი საშუალებით ადამიანებში პროგრამების ჩატვირთვა მოხდება და შესაბამისი სიხშირეებით მათი გაკონტროლება იქნება შესაძლებელი, ასევე ტყუილია. ვაქცინის საშუალებით ადამიანებში მიკროჩიპების მოთავსებისა და ამ გზით მათი გაკონტროლების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ შემდეგ სტატიებში გაეცნოთ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი