დეზინფორმაცია: კორონავირუსის პანდემია მოგონილია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

26 იანვარს სოციალური ქსელში ხატია სიჭინავა ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის კორონავირუსის, ვაქცინაციის, ტესტირების, პირბადეების შესახებ საუბრობს. ვიდეოში მცდარი და მეცნიერულად დაუდასტურებული მტკიცებებია გაჟღერებული, როგორებიცაა: პირბადეების ტარების რეგულაციების დაწესებით მოსახლეობის იმუნიტეტის მიზანმიმართული დაქვეითება ხდება და კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ვირუსია. მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით კი პანდემიის ფონზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხის შემცველია.

მტკიცება: პირბადეები კორონავირუსისგან არ გვიცავს, არამედ პირიქით, ჩვენს იმუნიტეტს აქვეითებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით მსგავსი სახის დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელდა. პირბადის ტარება შესაძლოა, იყოს არაკომფორტული, რაც სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებასთან, ჩასუნთქული ჰაერის დათბობასთან ან კლაუსტროფობიის განცდასთანაა დაკავშირებული. თუმცა სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

COVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება და ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. შესაბამისად, პირბადის გამოყენება ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის, ჯანმრთელ ადამიანს კი სასუნთქ სისტემაში ვირუსის ნაწილაკების შეღწევისგან იცავს. იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, აუცილებელია, მოქალაქეების 90-95%-მა პირბადე შინ და გარეთ ატაროს. კულუმბეგოვის თქმით, ეს ინფიცირების მკვეთრი შემცირების საშუალება იქნება და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა. ამასთან, იმ ადამიანებზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგალითად, სასუნთქი გზების დაავადებები) პირბადის ხანგრძლივად გამოყენება უჭირთ, პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება.

საქართველოს მთავრობის N368 დადგენილება , პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება:

• 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე;

• იმ პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირთ პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით.

• თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირებზე, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებზე და სამართალდამცავ პირებზე, უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან;

• ლოგოპედი, ჟესტური ენის თარჯიმანი, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას;

• მემანქანეზე მეტროპოლიტენით ან რკინიგზით გადაადგილებისას;

• ამასთან, პირბადის გამოყენების ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მომსახურების მიღება/სარგებლობა პირბადის გამოყენებით შეუძლებელია (მაგალითად, რესტორანში კვების დროს).

პირბადე რესპირატორული დაცვის უზრუნველმყოფ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც სასუნთქ სისტემას წვეთებისა და ნაწილაკების მოხვედრისგან იცავს. არსებობს სამედიცინო და არასამედიცინო დანიშნულების პირბადეები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას (აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა).

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პირბადეების ტარების რეკომენდაციას გასცემს და აღნიშნავს, რომ დღეს პირბადის სწორად და ყველგან ტარება კორონავირუსის პრევენციის ყველაზე ძლიერ საშუალებას წარმოადგენს. გამყრელიძის განცხადებით, თუ საქართველოში პირბადეების მოხმარების მაჩვენებელი 95%-მდე გაიზრდება, მაისის თვისთვის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ათეულების ფარგლებში იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ცხადია, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადის გამოყენება არ არის საკმარისი, აუცილებელი ხელების ჰიგიენა და სოციალური დისტანციის დაცვაა.

მტკიცება: „COVID-19-ის პანდემია არსებობს, ისევე როგორც იყო H1N1, ისევე როგორც იყო ქათმის გრიპი...თვითონ იგონებენ ამ ვირუსებს. მოიგონეს კოვიდი, მაგრამ არ მოგვკლა ამ ვირუსმა“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ახალი კორონავირუსის გამოჩენისთანავე მისი გაიგივება სხვა, აქამდე არსებულ და ხშირად გაცილებით სუსტ ვირუსებთან, დაიწყო. გრიპის და კორონავირუსის სიმპტომები მსგავსია. ორივე ვირუსი რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. ორივე ვირუსი ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა. შესაბამისად, მსგავსია ჯანდაცვის ზომებიც - ხელების ჰიგიენა, პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცირება. თუმცა სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მათი ერთმანეთთან გაიგივება, არ შეიძლება, რადგან ისინი ორ სხვადასხვა ვირუსს წარმოადგენენ.

ქათმის ანუ ფრინველის გრიპი - A(H5N1) ფრინველის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც A ტიპის გრიპის ვირუსის ერთ-ერთი შტამი იწვევს. ადამიანებში ფრინველის გრიპი ინფიცირებულ ფრინველთან (მკვდარი ან ცოცხალი) მჭიდრო, პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ გარემოში ხანგრძლივად ყოფნით გადადის და ისეთსავე სიმპტომებს იწვევს, როგორსაც გრიპის ნებისმიერი სხვა ვირუსი: მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის გაძნელებას, ხველას, ყელისა და კუნთების ტკივილს. COVID-19-ისგან განსხვავებით, ქათმის ანუ ფრინველის გრიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ალბათობა, ძალიან დაბალია. შესაბამისად, ის COVID-19-ზე გაცილებით ნელა ვრცელდება.

COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. ამ ეტაპზე ის გაცილებით საშიშია, ვიდრე გრიპის ვირუსები. იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-ის პანდემია აქტიურ ფაზაშია, რთულია მისი სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა და ეს მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემებით, COVID-19-ის სიკვდილიანობა, დაახლოებით, 3.5-ჯერ მაღალია, ვიდრე გრიპის შტამების უმეტესობისა. ინგლისსა და უელსში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ COVID-19 3-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე გრიპის ვირუსი ან პნევმონია. საფრანგეთში, დიჟონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გრიპის ვირუსისა და COVID-19-ის ლეტალობის მაჩვენებლების შედარებითი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს უკანასკნელი 3-ჯერ უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ხასიათდება. ამასთან ერთად, კორონავირუსი გრიპის ვირუსთან შედარებით გაცილებით სწრაფად ვრცელდება. 15 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 2 411 745 ადამიანია გარდაცვლილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ COVID-19-ს შეიძლება უფრო მძიმე გართულებები მოჰყვეს, ვიდრე გრიპს. უმეტეს შემთხვევაში, ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა რიგ შემთხვევებში, მას თან მძიმე გართულებები ახლავს, რომლებიც შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. საშუალო და კრიტიკულ შემთხვევებში მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების ალბათობა დიდია, რომლის დროსაც ფილტვის ალვეოლებში სითხე გროვდება. დაგროვებული სითხის გამო ფილტვებში საკმარისი სივრცე ჰაერისთვის აღარ რჩება, რის შედეგადაც, სისხლის მიმოქცევის სისტემაში გაცილებით ნაკლები ჟანგბადი აღწევს. მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს ჟანგბადის მიწოდება და ხელოვნური ვენტილაციაა საჭირო.

ამირან გამყრელიძის განცხადებით: „ეს [კორონავირუსი] არ არის ჩვეულებრივი გრიპი. გრიპიც სერიოზული დაავადებაა, მაგრამ ის გრიპზე უფრო რთულია“. გამყრელიძის თანახმად, იმდენი ადამიანი, რამდენიც კორონავირუსმა ერთ წელიწადში შეიწირა, არც ერთ ინფექციურ დაავადებას არ დაუხოცავს. კორონავირუსის პანდემიამ სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ წელიწადში ტუბერკულოზის, შიდსის, მალარიის, ჰეპატიტის იმავე მაჩვენებელს გადააჭარბა. „მოსახლეობის დიდ ნაწილს კიდევ არ სჯერა, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს. მიაჩნიათ, რომ კორონავირუსი იგივე სურდოა. სურდოს ხშირად გრიპს ეძახიან. გრიპი კიდევ სხვა რამეა. ამიტომ, უნდა დავიჯეროთ. მილიონ ორასი ათასი ადამიანი შეიწირა ამ კორონავირუსულმა ინფექციამ. ერთ წელიწადში სიკვდილიანობით კორონავირუსულმა ინფექციამ გადაასწრო მალარიას, შიდსს და მიუახლოვდა ტუბერკულოზს. ამიტომ სერიოზულ საფრთხესთან არის საქმე. ასეთი პანდემია საუკუნეში ერთხელ არის“,- განაცხადა გამყრელიძემ 12 ნოემბერს.

შესაბამისად, კორონავირუსის გაიგივება გრიპის ვირუსთან და მის „ჩვეულებრივ“ ვირუსად წარმოჩენა, მეცნიერულად დაუსაბუთებელი და მცდარია.

გარდა ამისა, მოსაზრება, რომ კორონავირუსი ხელოვნურადაა შექმნილი, მეცნიერთა მიერ უკუგდებულია. 2021 წლის 14 იანვარს 10 ქვეყნის წარმომადგენელი ექსპერტებისგან შემდგარი WHO-ს ჯგუფი უჰანში ვირუსის წარმომავლობის დასადგენად ჩავიდა. ჯგუფმა რამდენიმე შესაძლო ვარიანტი განიხილა, თუ როგორ შეიძლებოდა, ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღმოჩენილიყო. განხილული იყო ადამიანზე ვირუსის ღამურისგან გადაცემის ჰიპოთეზა, ასევე დაშვებული იყო ის ვარიანტიც, რომ შესაძლოა, ვირუსი გაყინული პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა. ჯგუფმა ლაბორატორიიდან ვირუსის შემთხვევით გამოჟონვის ჰიპოთეზა საბოლოოდ გამორიცხა. WHO-ს მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ბენ ემბარეკმა ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ „ნაკლებად სავარაუდოა”, რომ ვირუსმა ქალაქ უჰანში ლაბორატორიიდან გაჟონა. მისი თქმით, ვირუსის პირველწყარო, დიდი ალბათობით, ღამურაა, თუმცა უფრო მეტი კვლევაა ჩასატარებელი ვირუსის წარმომავლობის ადგილმდებარეობის დასადგენად. WHO-ს განცხადებით, აქცენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე უნდა გაკეთდეს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი