გიორგი სურმანიძე: „ჩვენი ყველაზე მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები არის საოჯახო მეურნეობის განვითარება, სოფლად მეწარმეობის განვითარება - თითო მილიონია ამ პროექტებში, მილიონ სამასი ათასი ლარია სამელიორაციო არხების რეაბილიტაციაზე მაღალმთიან აჭარაში - ეს [პროგრამა ამოქმედდა] 2020 წელს და იქნება 2021 წელსაც. ასევე ხვნა-ფარცხვის პროგრამა - ეს არის პროგრამა, რომელმაც შარშან ძალიან კარგად იმუშავა.“

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი სურმანიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 14 მლნ 900 ათას 900 ლარია გათვალისწინებული. უწყება რამდენიმე პროგრამას/ქვეპროგრამას აფინანსებს, მათ შორის, „სასოფლო სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას, რომელიც პროგრამის „სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით“ ფარგლებში ფინანსდება. აღნიშნული ქვეპროგრამა ბიუჯეტში წელს პირველად შევიდა და მისთვის დაგეგმილი ხარჯი 982 300 ლარით განისაზღვრა.

„სოფლად მეწარმეობის განვითარების“ ქვეპროგრამა კი პირველად 2020 წელს ამოქმედდა. შარშან რესპუბლიკურ ბიუჯეტში მის დასაფინანსებლად 1 198 600 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო წელს მთავრობამ 1 067 200 ლარი გაითვალისწინა.

2019 წლიდან მოქმედებს „სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის“ პროგრამა, რომელიც 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარით დაფინანსდება. რაც შეხება უფასო ხვნა-ფარცხვას, 2020 წელს ამ ქვეპროგრამის ფარგლებში 1 400 ჰა მიწა დამუშავდა, რისთვისაც ბიუჯეტში 500 000 ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული. მთავრობამ გადაწყვიტა, ქვეპროგრამა წლევანდელ ბიუჯეტშიც აესახა და ამისთვის 775 000 ლარი გამოყო.

ანალიზი: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ განაცხადა: „ჩვენი ყველაზე მთავარი პრიორიტეტული მიმართულებებია საოჯახო მეურნეობის განვითარება, სოფლად მეწარმეობის განვითარება - თითო მილიონია ამ პროექტებში, მილიონ სამასი ათასი ლარია სამელიორაციო არხების რეაბილიტაციაზე მაღალმთიან აჭარაში - ეს [პროგრამა ამოქმედდა] 2020 წელს და იქნება 2021 წელსაც. ასევე ხვნა-ფარცხვის პროგრამა - ეს არის პროგრამა, რომელმაც შარშან ძალიან კარგად იმუშავა.“

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს 14 900 900 ლარით დაფინანსდება. თანხა თერთმეტ პროგრამაზეა გადანაწილებული.

ცხრილი1. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები

წყარო: აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი

როგორც ვხედავთ, პროგრამა „სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით“ წელს 982 300 ლარით დაფინანსდება. ეს თანხა მთლიანად უნდა წარიმართოს „სასოფლო სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაზე“, რომელიც წელს პირველად ამოქმედდება. დაგეგმილია 150-ზე მეტი პროექტის დაფინანსება, რომელთაგან აჭარაში წარმოებული ბიოპროდუქციის პოპულარიზაცია პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა, რეგიონის პერსპექტიულ დარგებში (მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეთამბაქოეობა, მებოსტნეობა და სხვა) დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

რაც შეეხება „სოფლად მეწარმეობის განვითარების“ ქვეპროგრამას, ის პირველად შარშან ამოქმედდა. 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებამდე, მისი დაფინანსება 770 500 ლარით დაიგეგმა. თუმცა მოგვიანებით, როცა დოკუმენტში ცვლილებები შევიდა, პროგრამის დაფინანსება გაიზარდა და 1 134 600 ლარი შეადგინა. 2020 წლის საბოლოო გეგმის მიხედვით პროგრამის ბიუჯეტი 1 198 600 ლარს შეადგენს, ანუ თანხის მოცულობა კიდევ ერთხელ გაიზარდა. 2021 წლის ბიუჯეტში კი მთავრობამ, აღნიშნული მიზნით, 1 067 200 ლარი გაითვალისწინა.

პროგრამა არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს. პრიორიტეტულია ახალგაზრდა მეწარმეების პროექტები, ინოვაციური პროექტები, სოფლად გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კლიმატის ცვლილებების შერბილებაზე ორიენტირებული პროექტები. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ აქ.

კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტების ჩამონათვალში გვხვდება, არის „სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია“. ის 2019 წლიდან მოქმედებს და დასაწყისში მისი ბიუჯეტი 1 047 700 ლარით იყო დაგეგმილი. თუმცა ამ თანხიდან მხოლოდ 675 300 ლარია ათვისებული. 2020 წლის საბოლოო გეგმა 912 300 ლარს შადგენს, ხოლო 2021 წელს პროგრამაზე 1 300 000 ლარი უნდა გაიხარჯოს.

2020 წელს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, აჭარის ა/რ მთავრობამ კიდევ ერთი ახალი ქვეპროგრამა შემოიღო - ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავ-სათესი ფართობების დახვნა, დადისკვა და დაფარცხვა. ქვეპროგრამისთვის თანხა პროგრამის „აგროსერვისის განვითარება რეგიონში“ ფარგლებში გამოიყო. შარშან ამ მიზნით 537 700 ლარი იყო გათვალისწინებული. აღნიშნულ საკითხზე ფაქტ-მეტრმა 2020 წლის ივლისში დაწერა. თემაზე მუშაობის პერიოდში, სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაანონსებული 1 500 ჰექტარი მიწის ნაცვლად, დამუშავებული იყო 1 400 ჰექტარი, რისთვისაც გახარჯული იყო 242 850 ლარი. წელს კი სამინისტრომ ქვეპროგრამისთვის 775 000 ლარი გაითვალისწინა. ამ თანხით დაგეგმილია 1 350 ჰა სახნავ-სათესი ფართობის დახვნა, დადისკვა, დაფარცხვა და ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 750 ჰა მიწის დახვნა.

ვინაიდან აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა (ინფორმაციისთვის: მან თანამდებობა 2020 წლის სექტემბერში დაიკავა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა) პრიორიტეტულ პროგრამებზე ისაუბრა და მის მიერ დასახელებული ფაქტები ზუსტია, ფაქტ-მეტრი გიორგი სურმანიძის განცხადებას სიმართლედ მიიჩნევს. თუმცა პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელებას მთელი წლის განმავლობაში დავაკვირდებით და შესაბამის ანგარიშს აუცილებლად გაგაცნობთ.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი