რომან გოცირიძე: საქსტატმა სუბსიდირების ხარჯები გამოაკლო მთლიან ხარჯებს და განაცხადა, რომ გასულ წელს თურმე ამ მომსახურების ფასი 36%-ით შემცირდა. შედეგად თურმე გასულ წელს ფასები მხოლოდ 2.4%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბრის წლიური ფასების ზრდა (დეკემბრის ფასები წინა წლის დეკემბერთან) 2.4%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური პოზიციაა, რომ შედარებით დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირებული ფასების 22.0% კლებით, რაც -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. აღნიშნული შემცირება განაპირობა „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების“ ძალაში შესვლამ. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი წყალი, ელექტროენერგია და აირის ჯუგფში, იანვარ-ნოემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი არ მცირდებოდა და 1%-დან 3%-მდე მერყეობდა. მიმდინარე სუბსიდირების ანალოგიური ღონისძიება 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაშიც განხორციელდა, თუმცა, აღნიშნულის შედეგები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შესაბამისი თვეების სტატისტიკაში არ გაუთვალისწინებია. ამით საქსტატმა, შეიძლება ითქვას, სუბსიდირების გავლენის გათვალისწინების ნაწილში ორმაგი სტანდარტი დააწესა და ოფიციალური მონაცემების სანდოობის საკითხი ეჭვქვეშ დადგა.

პოლიტიკოსის განცხადება ცალკეულ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, კერძოდ, საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია და აირის ჯგუფში ინფლაციის მაჩვენებლად მოყვანილია -21.7% და არა -36%, თუმცა, განცხადების კონტექსტი რელევანტურია და საერთო ჯამში პოლიტიკოსი სწორად აღწერს საკითხის არსს. კერძოდ, სუბსიდირების შედეგად კომუნალური გადასახდელების დაფარვის ფაქტის გამო ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება დასაშვებია რეალობას ამახინჯებდეს და მანიპულაციის ელემენტებს შეიცავდეს. ასევე, კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ წლის პირველ ნახევარში ანალოგიური სუბსიდირების ეფექტის გათვალისწინება საქსტატის მიერ არ მომხდარა. ანალოგიური მიდგომის შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მინიმუმ 4.2% ნიშნულს მიუახლოვდებოდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელზე მაღალია.


ანალიზი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ ფეისბუქ-გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი განათავსა: „საქსტატმა დენის, გაზის და ”სახლთან დაკავშირებული” სხვა სახის საქონლის სუბსიდირების ხარჯები გამოაკლო მთლიან ხარჯებს და განაცხადა, რომ გასულ წელს თურმე ამ მომსახურების ფასი 36 პროცენტით შემცირდა. ამით წლიური ინფლაციის საოცარი რიცხვი დასვეს: თურმე გასულ წელს ფასები მხოლოდ 2.4 პროცენტით გაიზარდა.

ინფლაცია სამომხმარებლო ფასების დონის საერთო ზრდას წარმოადგენს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, სამომხმარებლო ფასების ინდექსით იზომება. დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურეობის შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე იყო. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ იზომება, რომელიც 12 მსხვილი ჯგუფის ფასებს მოიცავს, ესენია: 1) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; 2) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო; 3) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; 4) საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები; 5) ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება; 6) ჯანმრთელობის დაცვა; 7) ტრანსპორტი; 8) კავშირგაბმულობა; 9) დასვენება, გართობა და კულტურა; 10) განათლება; 11) სასტუმროები, კაფეები და რესტორნები; 12) სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებლები ასახულია ცხრილ 1-ში. 2020 წლის დეკემბრის წლიური ფასების ზრდა (დეკემბრის ფასები წინა წლის დეკემბერთან) 2.4%-ს შეადგენს.

ცხრილი 1: ინფლაციის მაჩვენებლები 2012-2020 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის ინფორმაციით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 21.7% კლება, რაც -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.2 პროცენტი), ხოლო აღნიშნული ცვლილება განაპირობა „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების“ ძალაში შესვლამ. კერძოდ, 3 თვის განმავლობაში მთავრობა კომუნალურ გადასახადდელებს დაუფარავს მომხმარებლებს, რომლებიც შედარებით ნაკლებ ბუნებრივ აირს, ელექტრო ენერგიას და წყალს მოიხმარენ. ინფლაციის მაჩვენებლები და მათი წონები ინფლაციის საერთო მაჩვენებელში ასახულია ცხრილ 2-ში, თითოეული ჯგუფის შემთხვევაში.

ცხრილი 2: 2020 წლის ფასების პროცენტული ცვლილება სამომხმარებლო კალათის ჯგუფებში და მათი წვლილი ინფლაციის მაჩვენებლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი წყალი და ელ.ენერგიის ჯუგფში, იანვარ-ნოემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 1%-დან 3%-მდე მერყეობდა. მიმდინარე სუბსიდირების ანალოგიური ღონისძიება 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაშიც განხორციელდა, თუმცა აღნიშნულის შედეგები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შესაბამისი თვეების ფასების სტატისტიკაში არ გაუთვალისწინებია, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ახალი მიდგომის შედეგად, ჩნდება შთაბეჭდილება რომ კომუნალური გადასახდელების ფასები ქვეყანაში რეალურ ცვლილებაზე მეტად შემცირდა, თუმცა რეალურად, სუბსიდირება დროებითი ღონისძიებაა და მოსახლეობის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ეხება. სინამდვილეში, კომუნალური გადასახდელები არა თუ შემცირდა, არამედ სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან იზრდება. თუ საქსტატი არ მოახდენდა სუბსიდირების ეფექტის ფასების კლებად ინტერპრეტირებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მინიმუმ 4.2% ნიშნულს მიუახლოვდებოდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ 3%-ზე მაღალია. ზოგადად, საქსტატი მუშაობისას საერთაშორისო მეთოდოლოგიას ეყრდნობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში მეთოდოლოგია რეკომენდაციულ ხასიათს ატარებს და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა ადგილობრივი სტატისტიკური ორგანიზაციების პრეროგატივაა. ფაქტ-მეტრი მოცემულ შემთხვევაში საქსტატის მიერ გამოყენებულ მიდგომებს დამატებით სწავლობს და შესაბამისი ანალიზი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

რედაქტორის შენიშვნა: ფაქტ-მეტრი სწავლობს 2020 წელს სამომხმარებლო ფასების დონის განსაზღვრისას საქსტატის მიერ გამოყენებული მიდგომების შესაბამისობას როგორც ოფიციალურ მეთოდოლოგიასთან და დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, ასევე შესაძლო შეუსაბამობის პოტენციურ გავლენას სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებზე. მოცემულ საკითხზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ვრცელი ანალიზი, რომელსაც დაეყრდნობა ფაქტ-მეტრის პოლიტიკა იმ განცხადებების შეფასების ნაწილში, რომლებიც მოიცავს მითითებას ან/და ეყრდნობა მიმდინარე წლის ინფლაციის მაჩვენებელს.

ფოტო: On.ge

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი