კრემლისტური დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიისა და კორონავირუსის წარმოშობის კავშირის შესახებ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე საქართველო რუსული დეზინფორმაციის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. გლობალური პანდემია რუსეთმა თავისი პროპაგანდისტული მანქანის ასამუშავებლად გამოიყენა. ლუგარის კვლევითი ცენტრი, სადაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან დაავადების გამოვლენა ხდება, შეთქმულების თეორიების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. დეზინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსი ლუგარის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, როგორც რუსეთის სახელისუფლებო პირები, ისე სამთავრობო მედიები, ავრცელებდნენ. რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს ქართული პრორუსული მედიაც აქტიურად ავრცელებდა. თუმცა საინტერესოა, რომ ამჯერად ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსულ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ განცხადებებს, ის Facebook-მომხმარებელი ახმოვანებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ ყალბ ამბებსა და შეთქმულების თეორიებს მიზანმიმართულად, სისტემატურად ავრცელებს.

Facebook-მომხმარებლის, ლაშა მოდებაძის, თანახმად, ლუგარის ლაბორატორია სხვა 24 ლაბორატორიასთან ერთად (რომლებიც განვითარებად ქვეყნებშია განთავსებული), პანდემიის აქტიური შემოქმედია. ის ამტკიცებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ და ექსპერიმენტებს მცენარეებზე, ცხოველებსა და ადამიანებზე ატარებენ. ლაშა მოდებაძე აცხადებს, რომ წინა და ამჟამინდელმა ხელისუფლებამ საქართველო საექსპერიმენტო ქვეყნად, ხოლო მოსახლეობა, საცდელ თაგვებად აქცია.

ყველა ზემოაღნიშნულ მტკიცებას კრემლსა და კრემლთან დაკავშირებულ წყაროებთან მივყავართ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას, 2020 წლის 17 აპრილის განცხადებით, ამერიკელები აპრილში საქართველოში იმყოფებოდნენ და ქვეყნის ხელისუფლებას ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე ფარული კვლევებისა და საქმიანობის გაფართოება შესთავაზეს. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, „საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებში, აშშ ბიოტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, ორგვარი დანიშნულების მქონე ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიებს ქმნის: „ვერ გამოვრიცხავთ, რომ მესამე ქვეყნებში არსებულ ასეთ რეფერენს-ლაბორატორიებში ამერიკელები საშიში დაავადებების სხვადასხვა პათოგენების შექმნასა და მოდიფიცირებაზე, მათ შორის სამხედრო მიზნებით მუშაობენ“. დეზინფორმაციის სამიზნე იყო არა მხოლოდ ლაბორატორია, არამედ მისი ხელმძღვანელობაც.

2020 წლის 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ლუგარის ცენტრის, ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული. მათ მაისში მოითხოვეს, ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და დოკუმენტზე (რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე) წვდომა ჰქონოდათ.

აღნიშნულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას კრემლისტური მედიები აქტიურად აშუქებდნენ, რასაც საქართველოში არსებული პრორუსული მედიებიც პროპაგანდისტულად ავრცელებდნენ. მათ ეჭვი შეჰქონდათ ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოტივებსა და კომპეტენციაში. პრორუსულმა გამოცემა „ნიუსფრონტმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ!“. მათი ბრალდება ჩინეთის მიერ გავრცელებულ ვერსიას ემყარებოდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლიჯიან ჟაომ 12 მარტს Twitter-ზე განაცხადა, რომ კორონავირუსი არა ჩინეთის ვუჰანის პროვინციაში, არამედ აშშ-ში წარმოიშვა და იქიდან გავრცელდა. იმავე პერიოდში გამოქვეყნებულ სხვა სტატიაში „ნიუსფრონტი“, ერთი მხრივ, კორონავირუსთან ბრძოლის ჭრილში ლაბორატორიის მნიშვნელობის შესუსტებას ცდილობდა და, მეორე მხრივ, მისი რეალური ფუნქციების შესახებ ეჭვებს გამოთქვამდა.

პრორუსულმა გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ ლუგარის ლაბორატორიას ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც თითქოსდა ცდილობდა, ლაბორატორიის მუშაობა ნეიტრალური თვალით შეეფასებინა, თუმცა მთელ სტატიას ლაიტმოტივად გასდევდა აზრი, რომ ლუგარის ცენტრი გაუმჭვირვალე ობიექტი იყო, რომლის მშენებლობა და ფუნქციონირება უამრავ საიდუმლოებასთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთ სტატიაში, „საქართველო და მსოფლიო“ ამტკიცებდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში საიდუმლო ცდები მიმდინარეობს, რომელიც იმდენად სახიფათოა, რომ ამერიკელები მათ საკუთარ ტერიტორიაზე განხორციელებას ერიდებიან და ამისთვის საქართველოს იყენებენ. Sputnik Ossetia-მ ასევე ვრცელი სტატია მიუძღვნა ლუგარის ლაბორატორიას, სადაც მისი საქმიანობის გაუმჭვირვალობაზე და საერთაშორისო სტანდარტების შესაძლო დარღვევებზე საუბრობდა, რაც რუსეთის ოფიციალური უწყებების და განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას, ერთი თვით ადრე გაკეთებულ განცხადებასთან სრულ თანხვედრაში მოდიოდა.

ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღზე მუშაობისა და კორონავირუსის შექმნის ბრალდებებს საქართველოს სახელისუფლებო უწყებები გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები მიზანმიმართულად გაააქტიურა და „პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში“. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებას, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელა და რეგიონის მაცხოვრებლებისგან ბიოლოგიური მასალები აიღო, აბსურდული და კომიკური უწოდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული შეტევები დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად სახელდება.

სინამდვილეში, ლაბორატორიის საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. კორონავირუსის პანდემიის დროს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ლუგარის ცენტრის მნიშვნელობა. საქართველოში სწორედ ამ ცენტრის დახმარებით ხდებოდა, განსაკუთრებით პანდემიის დასაწყისში, დაავადების დროული გამოვლენა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ისიც განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრის გარეშე კორონავირუსზე ტესტირების და დაავადების კონტროლის სხვა ტექნოლოგიის აწყობა მოუწევდათ, რაც ბუნებრივია, გამოვლენის დროს კიდევ უფრო გაახანგრძლივებდა. ხოლო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ცენტრთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება „ჩვენი მეზობელი დიდი სახელმწიფოა“, რომელსაც ამ საკითხში პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს და ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით „რუსეთი დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებს“.

ლუგარისა და სხვა 24 ლაბორატორიიდან კორონავირუსის შექმნის შესახებ ცრუ ბრალდებებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატკომის სპეციალური ჯგუფიც (East STRATCOM Task Force) გამოეხმაურა და მას „საიდუმლო ლაბორატორიის“ შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია უწოდა, რომელიც საზოგადოების ყურადღების გადასატანად კარგი საშუალება აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე პროპაგანდისტული მანქანას კრემლი გასულ წლებშიც აქტიურად ამუშავებდა. 2018 წლის 4 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იგორ კირილოვმა, განაცხადა, რომ აშშ საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევებით იყენებს ბიოლოგიური იარაღის აგენტების შესაქმნელად და გამოსაყენებლად. გენერალმა კირილოვმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა საქართველოში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან „გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები“, რომელთა გამოყენებითაც, იგი ამტკიცებდა, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრში მიმდინარეობს უკიდურესად მომწამვლელი და სასიკვდილო ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტის კვლევა“. „გაჟონილ საიდუმლო დოკუმენტებზე“ Facebook- მომხმარებელი ლაშა მოდებაძეც საუბრობს, რომელიც, წყაროდ, თავის მხრივ, კრემლთან დაკავშირებულ ბულგარელ ჟურნალისტ დილიანა გაიტანჯიევას ეფუძნება. გაიტანჯიევა არაერთი დეზინფორმაციის თუ კონსპირაციის თეორიის ავტორია. მასვე ეკუთვნის სტატია, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებას და მის დისკრედიტაციას ემსახურება. შემთხვევითი არ არის, რომ კირილოვის განცხადებას წინ ერთი თვით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციული განცხადება უძღოდა. თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების შემდეგ, „ვალდაის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პუტინმაც განაცხადა, რომ „აღნიშნული კვლევები უკავშირდება გენეტიკის დარგში ბოლოდროინდელ მიღწევებს და ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ისეთი პრეპარატების შემუშავება, რომელთაც შეუძლიათ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა მათი ეთნიკური კუთვნილების შესაბამისად“.

წარმოდგენილ ბრალდებებს დაუყოვნებლივ უპასუხა პენტაგონის პრესსპიკერმა ერიკ პაჰონმა და რუსეთის მცდელობებს დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი უწოდა. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული ამბავი BBC-ის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. კერძოდ, მსოფლიოს წამყვანმა ახალი ამბების სააგენტომ დაადგინა, რომ რუსულმა მედიამ და რუსმა თანამდებობის პირებმა საქართველოში, აშშ-ის დაფინანსებული ლაბორატორიების შესახებ მცდარი განცხადებები გააკეთეს.

ცნობისთვის, 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა. კიბერშეტევის მიზანი სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში შეღწევა იყო. კიბერშეტევის შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი უცხოურ ვებგვერდზეც აიტვირთა. თუმცა აღსანიშნავია, რომ გარდა ავთენტიკური დოკუმენტებისა, აღნიშნულ ვებგვერდზე ფალსიფიცირებული მასალებიც აიტვირთა, რომელთა მიზანიც ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ დაბნეულობის შექმნა და დეზინფორმაციის გავრცელება იყო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ შეტევა რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

წყაროს შესახებ

Lasha Modebadze Facebook-პროფილია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებული თემების შესახებ ყალბ ამბებსა და შეთქმულების თეორიებს, როგორც პირად პროფილზე, ისე დეზინფორმაციულ ჯგუფში - „კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა“ - სისტემურად ავრცელებს. ის აქტიურად აქვეყნებს პოსტებს PCR ტესტის მავნებლობის, კორონა-აფიორის, ახალი მსოფლიო წესრიგის, ვაქცინებისა და სხვა მსგავსი თემების შესახებ. Lasha Modebadze-ის მიერ გავრცელებული ყალბი ამბების შესახებ „ფაქტ-მეტრი“ არაერთხელ წერდა (ლინკი 1, ლინკი 2, ლინკი 3)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი