დეზინფორმაცია: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო და ძალდატანებითი იქნება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელმა, დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა, 28 იანვარს სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაავრცელა. ავტორი წერს: „ადამიანთა აცრის პოლიტიკა მხოლოდ მათი თავისუფალი ნების გათვალისწინებას უნდა დაეფუძნოს. ნუ გვაიძულებთ!”. ამასთან ერთად, Facebook-მომხმარებელი, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ აცრის გაკეთებაზე უარს არ იტყვის, თუ კი ვაქცინა და აცრილთა სტატისტიკა 100%-ით დადებითი იქნება. თუმცა იქვე ამბობს, რომ აღნიშნულ მონაცემებს ვერავინ ვერასდროს წარუდგენს. აღნიშნული მასალა ასევე გავრცელდა Facebook-ჯგუფში - “საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!”. სინამდვილეში, საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და პოსტში მოცემული მტკიცება, რომ COVID-19-ის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო და ძალდატანებითი იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება.

2021 წლის თებერვლის მონაცემებით, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით (მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლებისგან), COVID-19-ის სამი ვაქცინაა დამტკიცებული. ესენია: Pfizer/BioNtech, Moderna და AstraZeneca. ზოგადად, ვაქცინების დამტკიცება, როგორც წესი, მრავალწლიანი კვლევებისა და ტესტირებების ჩატარების შემდეგ ხდება. თუმცა ექსტრემალური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კვლევებისა და ტესტირებების უფრო შემჭიდროვებულ დროში წარმართვა და ვაქცინის შექმნის დაჩქარება. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე, მოცემული ვაქცინების მოქმედების და ტოქსიკურობის დასადგენად, ისინი ცხოველებზე დაიტესტა. ცხოველებში იმუნური რეაქციის გამომუშავების შემდეგ, კლინიკური კვლევები დაიწყო, რომელიც სამ ძირითად ფაზად მიმდინარეობდა. პირველ ფაზაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოცდა ჯანმრთელი მოხალისეების მცირე ჯგუფზე მოხდა. მეორე ფაზის განმავლობაში, ვაქცინები ადამიანთა უფრო ფართო ჯგუფს გაუკეთდა. მესამე ფაზაში, ვაქცინაცია ათასობით ადამიანს ჩაუტარდა და აქცენტი ვაქცინების უსაფრთხოების შესწავლაზე გაკეთდა. კლინიკური კვლევების დასრულების შემდეგ ვაქცინები შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა განიხილეს და დაამტკიცეს.

FDA-სა და EMA-ს მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ავტორიზაციის ქრონოლოგია

2 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (BNT162b2) გადაუდებელ სიტუაციებში მოხმარებისთვის დაამტკიცა. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს (MHRA) თანახმად, პრეპარატმა კლინიკური კვლევის სამივე ფაზა წარმატებით გაიარა და 95%-მდე ეფექტიანობა აჩვენა. მოგვიანებით, Pfizer/BioNTech-ის ეფექტურობა და COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მისი გამოყენების უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 11 დეკემბერს და ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 21 დეკემბერს დაადასტურეს. გარდა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინისა, კლინიკური კვლევების დროს მაღალი ეფექტიანობა (94%) ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Moderna-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამაც აჩვენა, რომელსაც FDA-მ 18 დეკემბერს, ხოლო EMA-მ 6 იანვარს მიანიჭა ავტორიზაცია. რაც შეეხება AstraZeneca-ს ვაქცინას, ის ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს (MHRA) მიერ 30 დეკემბერს გადაუდებელ სიტუაციებში მოხმარებისთვის დამტკიცდა. 29 იანვარს კი ვაქცინას EMA-მაც მიანიჭა ავტორიზაცია. კორონავირუსის ზემოთ აღნიშნული ვაქცინები 90-95% ეფექტურობას აჩვენებს.

დღეს არსებულ არც ერთ ვაქცინას 100%-იანი ეფექტურობა არ აქვს. მაგალითად, გრიპის ვაქცინები 40%-60% ეფექტურობას აჩვენებს, დიფტერიის - 97%-მდე, პოლიომიელიტის - 99%-მდე ხოლო A და B ჰეპატიტის ვაქცინები 95-98% ეფექტურია. ამრიგად, აქამდე არსებულ ვაქცინას 100%-იანი ეფექტურობა არ ჰქონია, თუმცა მათ მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა, რადგან მისი წყალობით დროთა განმავლობაში აღნიშნული ვირუსების გავრცელების დონე საგრძნობლად შემცირდა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. მაგალითად, დიფტერიისა და პოლიომიელიტის ვირუსები 100%-ით აღმოიფხვრა, A და B ჰეპატიტის ვირუსების გავრცელება კი შესაბამისად, 91% და 83%-ით შემცირდა. კორონავირუსის პანდემიის შეჩერებაც და მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა, მხოლოდ ვაქცინაციითაა შესაძლებელი.

ცხადია, ისევე როგორც ნებისმიერ ვაქცინას, პრეპარატს თუ საკვებს, კორონავირუსის ვაქცინებსაც გვერდითი ეფექტები ახასიათებთ. თუმცა გამოვლენილი გვერდითი მოვლენებიდან ყველაზე მძიმე ანაფილაქსიური შოკია (მწვავე ალერგიული რეაქცია). სწორედ ამიტომ, ადამიანები აცრიდან გარკვეული ხნის განმავლობაში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. CDC-ის მიხედვით, ვაქცინებთან დაკავშირებული რისკი COVID-19-ის მწვავე ფორმით მიმდინარეობის რისკზე უფრო დაბალია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, მხოლოდ კოვიდვაქცინის უკუჩვენება არაა. მსგავსი ალერგიული რეაქცია შესაძლოა, სხვადასხვა მედიკამენტის და საკვების შემთხვევაშიც გამოვლინდეს. როგორც ცნობილია, იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ მაქსიმალური ეფექტურობა აჩვენოს, საჭიროა, ვაქცინაციის სრული, ორეტაპიანი კურსის ჩატარება. CDC-ის რეკომენდაციით, მათ ვისაც ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ, ვაქცინის მეორე დოზა აღარ უნდა მიიღონ.

Bloomberg-ის 10 თებერვლის მონაცემებით: „მსოფლიოს 73 ქვეყანაში 138 მილიონი ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა“. ამასთან ერთად, ამერიკული სამაუწყებლო კომპანია ABC news აცხადებს: „აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად (CDC), ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა“. CDC მოსახლეობის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, რაც შეიძლება სწრაფად მიღების რეკომენდაციას გასცემს.

კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთადერთი გზა საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა, რომლის მიღწევის ყველაზე ეფექტური გზაც მასობრივი ვაქცინაციაა. ამა თუ იმ ინფექციის საწინააღმდეგოდ საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა, პოპულაციის უმრავლესობას კონკრეტული ინფექციის წინააღმდეგ ბუნებრივი (ინფიცირების გზით ჩამოყალიბებული) და ხელოვნური (ვაქცინაციის გზით შეძენილი) იმუნიტეტი ჰქონდეს. ვაქცინაციის გარეშე საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევა, მით უმეტეს მოკლე დროში, პრაქტიკულად შეუძლებელია. იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელს მოსახლეობაში ბუნებრივი იმუნიტეტი (მოსახლეობის რა ნაწილმა გადაიტანა დაავადება) განსაზღვრავს. საქართველოში ეს მაჩვენებელი, COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის თანახმად, არა მთლიანი მოსახლეობის, არამედ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ია (1 691 214 მოქალაქე). საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მტკიცება, რომ COVID-19-ის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო და ძალდატანებითი იქნება, არის ტყუილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5405 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი