იტვირთება

ირაკლი აბესაძე: 7 460 159 ლარი ერთჯერადი ხელთათმანებისთვის, რომლის ხმარება სავალდებულო არაა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთჯერადი ხელთათმანების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 7 737 819 ლარია, ხოლო საბოლოოდ შეთავაზებულმა თანხამ 7 460 159 ლარი შეადგინა. ტენდერი 22 იანვარს გამოცხადდა, 27 იანვარს წინადადებების მიღების ვადა ამოიწურა. ტენდერში ერთადერთმა კომპანიამ - სს „გეფამ“ მიიღო მონაწილეობა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან გამყრელიძის ვაჟია. ხელთათმანები 550 კომპანიისთვის არის განკუთვნილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება კოვიდ-19-ის პრევენციისთვის სავალდებულო არ არის. აქედან გამომდინარე, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტი გაავრცელა, სადაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შეძენილ ერთჯერად ხელთათმანებზე საუბრობს: „7 460 159 ლარი ერთჯერადი ხელთათმანებისთვის, რომლის ხმარება სავალდებულო არაა! ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო საჭიროდ არ თვლის და არ ყიდულობს ხელთათმანებს, სამაგიეროდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხელთათმანებს ყიდულობს ასეულობით სუბიექტისთვის“.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური გვერდის მიხედვით, დასახელებულმა სააგენტომ ერთჯერადი ხელთათმანების შესასყიდად ორი ტენდერი გამოაცხადა (CON210000069, CON210000070). ტენდერების ჯამური სავარაუდო ღირებულება 7 737 819 ლარია (6 783 310 ლარი და 954 509 ლარი), ხოლო საბოლოოდ შეთავაზებული თანხა - 7 460 159 ლარი.

ორივე ტენდერზე წინადადებების მიღება 27 იანვარს დასრულდა და ერთადერთი მონაწილე სააქციო საზოგადოება „გეფა“ იყო. ტენდერების პირობების მიხედვით, ხელთათმანების შემოტანა ეტაპობრივად, გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში უნდა დაიწყოს.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ვინილის (არასტერილური ტალკის გარეშე), ნიტრილის (ერთჯერადი, არასტერილური, სამედიცინო და ლაბორატორიული გამოყენებისთვის) და ლატექსის (არასტერილური, ტალკის გარეშე, ლაბორატორიული გამოყენებისთვის) ხელთათმანები უნდა შეიძინოს. ხელთათმანები 550 კომპანიისთვის არის განკუთვნილი და მათი საერთო რაოდენობა 11 548 250 წყვილს შეადგენს. ხელთათმანები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებისთვის, მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებებისთვის, მუნიციპლიტეტების მერიის სამსახურებისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, სს „გეფას“ (ს/კ 201991229) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან გამყრელიძის შვილი - ნიკოლოზ გამყრელიძეა.

როგორც ვიცით, კორონავირუსისგან თავდაცვის მთავარი საშუალება დისტანციის და ჰიგიენური წესების დაცვაა. კორონავირუსის გაიდლაინების მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა, ხელის ჰიგიენის დაცვას ენიჭება. თუმცა აღნიშნულია, რომ ერთჯერადი ხელთათმანის გამოყენება, ხელის დაბანის ალტერნატივა არ არის. აქედან გამომდინარე, კოვიდის პრევენციისთვის ხელთათმანების გამოყენება სავალდებულო არ არის.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი