სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოებისგან კომპანიების გათავისუფლების თაობაზე ფაქტ-მეტრმა კვლევა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაქვეყნა. ჩვენ მაშინ მკითხველს გარკვეული ინფორმაცია იმ კომპანიების მფლობელების შესახებაც მივაწოდეთ, რომლებმაც აღნიშნული შეღავათებით ისარგებლეს. საუბარია ოცდათვრამეტ ინვესტორზე, რომლებმაც, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის, დაკისრებული და/ან დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების მოთხოვნით, სამინისტროს მიმართეს.

2019 წელს ჩვენ სამინისტროსგან ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვეთ. როგორც აღმოჩნდა, სტატიაზე მუშაობის პერიოდში (2019 წლის აგვისტო), მთავრობის 29 მარტის №44 განკარგულების ფარგლებში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წარდგენილი იყო ოცდაცხრა პროექტზე, რომელთა საინვესტიციო ღირებულება, ჯამში, 394 139 564 აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა პირგასამტეხლოებისგან გათავისუფლებისა და სახელშეკრულებო ვადის გაგრძელებაზე მოთხოვნით განცხადება გაკეთებული ჰქონდა ოცდათვრამეტ კომპანიას.

2020 წლის ივლისში, პანდემიისას შექმნილი კრიზისის გამო, აჭარის ა/რ მთავრობამ კიდევ ერთი დადგენილება მიიღო, რომელშიც მოგვიანებით ცვლილებები შევიდა. ახალი დადგენილებით, ინვესტორებს, რომლებსაც სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (გარდა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა) შესრულების ვადა წარმოეშვათ 2020 წლის 1 მარტიდან, სამინისტროსთვის 2020 წლის 31 დეკემბრამდე პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების მოთხოვნით უნდა მიემართათ. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, ინვესტორებს დამატებით მიეცემოდათ 12 თვე და აღნიშნულ პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოებისგან სრულად გათავისუფლდებოდნენ.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რომელ კომპანიებს შეეხოთ შეღავათები და რამდენი ლარის პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა თითოეულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ჩვენ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთხელ მივმართეთ და განახლებული ინფორმაცია გამოვითხოვეთ. უწყებიდან გამოგზავნილი პასუხის თანახმად, მოცემული მდგომარეობით, პირგასამტეხლოებისგან გათავისუფლია ოცდაექვსი კომპანია, რომლებსაც ბიუჯეტში, ჯამში, 194 895 438 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო უნდა გადაეხადათ.

ცხრილი 1. ორგანიზაციები, რომლებიც დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდნენ

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (დანართი 1)( დანართი 2 )

აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხაა, რომელსაც მოვალე ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო იხდის. როგორც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, პირგასამტეხლოს დაკისრების შემდეგ, როგორც წესი, მოვალეები თანხას ნებაყოფლობით არ იხდიან და დავა სასამართლოში გრძელდება. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს მნიშვნელოვნად ამცირებს, რისი უფლებაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით აქვს მინიჭებული.

2019 და 2020 წლებში, სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნით, სამინისტრო თექვსმეტ საქმეზე სამართალწარმოებას ახორციელებდა. უწყების ინფორმაციით, იმავე პერიოდში, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოთხოვილია, ჯამში, 2 651 669 ლარისა და 350 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. თანხა აჭარის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩაირიცხა.

ინფორმაციისთვის: ამ კომპანიების ნაწილს შეღავათები გასულ წლებშიც შეეხო, სანამ პანდემიით გამოწვეული კრიზისით დაზარალდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ორგანიზაციას პირგასამტეხლო უკვე წლებია, რაც ერიცხება. საინტერესოა ისიც, რომ ამ კომპანიებიდან არაერთს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ლოკაციაზე, ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცა, მათ შორის, შპს „გლორიას“, სს „გომარდულს“, შპს „დს გრუპს“, შპს „მეტრო ატლას ჯორჯიას“, რომელთან დაკავშირებული სს „მეტრო გოდერძი“ 24 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა. ( დანართი 3 )

ფოტო: imedinews.ge

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი