ქუთაისის საუნივერსიტეტო ცენტრად გადაქცევის თაობაზე რომ გარკვეული გეგმები ჰქონდა, ეს ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს, არჩევნებამდე დააანონსა, 2015 წელს კი უკვე გადაჭრით განაცხადა, რომ ქუთაისში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საუნივერსიტეტო ქალაქს დააარსებდა. თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში მოქალაქეები მშენებლობის დაწყებას ამაოდ ელოდნენ.

2016 წელს, უკვე მომდევნო არჩევნების წინ, მმართველმა გუნდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყებოდა. იმავე შეხვედრაზე პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა და აღინიშნა, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი 1 მილიარდ ევროს შეადგენდა (კონკრეტულად ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისთვის 250 მლნ ევრო განისაზღვრა), ხოლო ერთადერთი დონორი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ფონდი „ქართუ“ იქნებოდა. მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდებოდა. 60 000 სტუდენტზე გათვლილი შენობების საერთო ფართი კი 1 მლნ კვ მ-ს მოიცავდა. პროექტის განსახორციელებლად ქუთაისის გარეუბანში მდებარე მუხრანის ტყის ტერიტორია შეირჩა.

მშენებლობის დაწყებამდე, 2017 წელს, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის დაფუძნებისა და დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საუნივერსიტეტო კომპლექსის რეგისტრაცია დაევალა.ამავე დადგენილებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილებები განისაზღვრა. ეს მაშინ, როცა მშენებლობა ჯერ კიდევ დაწყებული არ იყო. რექტორის მოვალეობის შემსრულებლად თეიმურაზ მურღულია დაინიშნა, რომელმაც ოთხ თვეში, აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ხელფასის სახით, 17 ათას ლარამდე ანაზღაურება აიღო. ზოგადად, უნივერსიტეტის დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა მხოლოდ 2018 წელს იყო გამოყოფილი. ჯერაც დაუსრულებელი დაწესებულების ასიგნებებისთვის 597 100 ლარი იყო განსაზღვრული, საიდანაც 385 300 ლარი შრომის ანაზღაურებას მოხმარდა. მომდევნო წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული მიზნით, თანხა გათვალისწინებული არ არის.

2017 წლის ივნისში თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა ხელი მოაწერესდოკუმენტს, რომლის თანახმადაც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების კომპლექსურ გეგმასა და კვლევით პროგრამებზე ქართული და გერმანული მხარე ერთობლივად იმუშავებდნენ.

შეთანხმების თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე მართვის, სამეცნიერო თუ ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, TUM International-ის ხარისხის მართვის სტანდარტები უნდა იყოს გამოყენებული. ამასთანავე, გერმანელი სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესში კონსულტაციებს გაუწევენ.

ხელშეკრულების თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის შემადგენლობაში ინოვაციების ცენტრის, ჰაბისა და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიებაა გათვალისწინებული. ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით.

თავდაპირველი ვერსიით, სსიპ ქუთაისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ასე ეწოდა ოფიციალურად) გახსნა 2017 წელს იგეგმებოდა. თუმცა იმ წელს, ნოემბერში, მხოლოდ მშენებლობა დაიწყო, რომელიც პერიოდულად შეჩერებული იყო. გახსნის თარიღმა კი 2019 წლამდე გადაიწია.

უნივერსიტეტი ვერც 2019 წელს გაიხსნა, რადგან მშენებლობა დასრულებული არ იყო. იმ წელს მხოლოდ მეორე პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტებს 2020 წლის სექტემბერში მიიღებდა. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მართვისა და სწავლის მოდელი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა და სასწავლო პროგრამებიც უცხოელ პარტნიორებთან ერთად შემუშავდება.

სანამ სტუდენტებს მიიღებდა, სსიპ ქუთაისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს და პროგრამებს, საქართველოს კანონების: „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ თანახმად, ავტორიზაცია და აკრედიტაცია უნდა გაევლო. თუმცა მთავრობამ ქუთაისის ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის სახელის შეცვლა გადაწყვიტა და მისთვის ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის განსხვავებული წესი დაუშვა. 2019 წლის ნოემბრიდან საგანმანათლებლო დაწესებულებას სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეწოდა. მთავრობამ მიიღო კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“, რომლის მე-3 მუხლში წერია:

„1. უნივერსიტეტი არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული და ამ კანონით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს.

2. უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულების, სტრუქტურა და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით, რომელსაც უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან (შემდგომ - საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო) და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსთან (შემდგომ - სამეცნიერო საბჭო) შეთანხმებით, უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის (შემდგომ - აღმასრულებელი დირექტორი) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. უნივერსიტეტი ავტორიზებულად ითვლება უნივერსიტეტის წესდებისა და სამეცნიერო საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე.“

პარალელურად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მე-4 და მე-5 თავების მოქმედება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე არ ვრცელდება, ხოლო „განათლების ხარისხის განვითარების“ შესახებ კანონში ჩაიწერა, რომ აღნიშნული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას „სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადის.

კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი, რომელიც აკადემიურ სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებელსა და სასადილოს მოიცავს, 2020 წლის დასაწყისში დასრულდა. იმავე წლის მაისში რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ სტუდენტების მისაღებად მზაობა დააანონსა და განაცხადა, რომ დასაწყისში უნივერსიტეტი სტუდენტებს სამ საბაკალავრო პროგრამაზე მიიღებს: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. მისივე განმარტებით, მშენებლობა და უნივერსიტეტის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი სახელმწიფოს ეკუთვნის, არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ მთლიანად საერთაშორისო ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსდება. რექტორის თქმით, პროექტი ახალი აკადემიური სივრცეების მშენებლობას ითვალისწინებს და შესაბამისად, უნივერსიტეტი სხვა პროგრამების დამატებას გეგმავს, მათ შორის, 2023 წლიდან - სამედიცინო მიმართულებით. ამასთანავე, მასწავლებლების საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

მოკლედ, 2020 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე ათი დღით ადრე, უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ. სწორედ იმ პერიოდში, საგანმანათლებლო დაწესებულებამ პირველი სტუდენტები მიიღო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი მხოლოდ 245 აბიტურიენტმა გადალახა, თუმცა მსურველი ბევრად მეტი იყო - 1112 პირი.

დაუსრულებელ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დაწყება (მართალია, დისტანციურად), ამასთანავე, ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვის ცალკე კანონის მიღება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის თემას ხელისუფლება სამი საპარლამენტო არჩევნების წინ აქტიურად იყენებდა. შორსმიმავალი გეგმები კი, რომელთა შესახებაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ოპოზიციის ნაწილს აფიქრებინებს, რომ თემა 2024 წლის არჩევნების წინ კიდევ ერთხელ გააქტიურდება.

ფოტო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი/Kutaisi International University

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი