დეკანოზი თადეოზი, 26 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქადაგებაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, რამდენიმე დეზინფორმაციას ავრცელებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

„ფაქტ-მეტრი“ 26 იანვარს, დეკანოზი თადეოზის ქადაგების ამსახველ ვიდეოს ეხმაურება. იმასთან ერთად, რომ დეკანოზმა, ქადაგების დროს, ქსენოფობიური, არმენოფობიური და დისკრიმინაციული იდეები გაავრცელა, მან კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე დეზინფორმაციული სახის განცხადება გააკეთა. დეკანოზ თადეოზის თქმით, დაწყებულია მუქარები იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის არ გაკეთების შემთხვევაში, საპენსიო და სოციალური დახმარების ბენეფიციარ პირებს როგორც პენსია, ისე სოციალური დახმარება, მოეხსნებათ. ამასთან ერთად, დეკანოზის განცხადებით, იმის მიზეზი, რომ მისმა მრევლმა კორონა მოიხადა, ღვთისმშობლის დახმარება და ქართველების გენეტიკური სიძლიერეა. იტალიასა და ესპანეთში კი, კორონავირუსის გამო, გარდაცვალების მაღალი ნიშნული, იმან გამოიწვია, რომ მათ, ქართველებისგან განსხვავებით, „გენეტიკა არ უვარგათ და ღვთის წყალობა არ აქვთ“.

მტკიცება 1: ვინც აცრას არ გაიკეთებს, პენსია და სოციალური დახმარება მოეხსნება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

საქართველოში, 2019 წლის 1 თებერვლიდან, რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვან სფეროში დასაქმებული პირებისთვის, როგორებიც არიან: ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგებისთვის და აღმზრდელებისთვის ცალკეული სავალდებულო იმუნიზაციის პროგრამა ხორციელდება: B ჰეპატიტზე, წითელაზე, წითურაზე, ტეტანუსზე, დიფტერიაზე, გრიპზე და ცოფზე. ზემოთ ხსენებული შემთხვევების გამოკლებით, საქართველოში არც ერთი სხვა ტიპის ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. ამასთან ერთად, „საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმა-ში“, რომელიც 2021 წლის 21 იანვარს საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმოწერით საბოლოოდ დამტკიცდა, ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ „ვაქცინაცია, მათ შორის, სამედიცინო პერსონალისთვის, იქნება ნებაყოფლობითი“.

რაც შეეხება დეზინფორმაციას პენსიის შეწყვეტისა და სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ, საქართველოში პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს „საქართველოს კანონი სახელმწიფო პენსიის შესახებ” განსაზღვრავს. კონკრეტული კანონის მე-17 მუხლის თანახმად, არანაირი პირობა არაა, რომლის მიხედვითაც პენსიონერს ვაქცინაზე ან რაიმე სამედიცინო პირობაზე უარის თქმის გამო შესაძლოა, პენსიის მიწოდება შეუწყდეს.

კანონის თანახმად, პირისთვის პენსიის შეწყვეტა მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმეს დაკმაყოფილების შემთხვევაშია შესაძლებელი:

ა) პირადი განცხადებით,

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში,

გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან,

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას,

ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას,

ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას,

ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ,

თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, საქართველოში სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, შეწყვეტისა და განახლების საკითხებს კანონი „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ არეგულირებს. კანონის მესამე თავის მე-15 და მე-16 მუხლების თანახმად, არ არსებობს პირობა, რომლის მიხედვითაც ბენეფიციარს ვაქცინაზე უარის თქმის გამო შესაძლოა, სოციალური დახმარების მიწოდება შეუჩერდეს ან შეუწყდეს.

მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია სავალდებულო ვაქცინაციასთან ან ვაქცინაციის პირობებთან დაკავშირებით აქამდეც გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება 2: იტალიასა და ესპანეთისგან განსხვავებით, სადაც „გენეტიკა არ უვარგათ და ღვთის წყალობა არ აქვთ“, კორონავირუსი ქართველებმა, ღვთისმშობლის დახმარებისა და გენეტიკური სიძლიერის გამო, ადვილად გადაიტანეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ბუნებრივია, „ფაქტ-მეტრი“ რელიგიურ რწმენაზე დაფუძნებულ მოსაზრებას არ ამოწმებს. ზემოთ მოყვანილი მტკიცების ფარგლებში, მხოლოდ ქართული გენეტიკის შესახებ მოყვანილ ინფორმაციას განვიხილავთ.

აღნიშნულ საკითხზე დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. Alternews.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ქართული სისხლი უნიკალურია“, სადაც ავითარებდა მტკიცებას, რომ ქართული სისხლი ისეთ განსაკუთრებულ ნაწილაკებს შეიცავს, რომელთა გამოყენებაც Covid-19-ის წინააღმდეგაა შესაძლებელი. გენეტიკის როლი Covid-19-ის ვირუსის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების საკითხში აქტიურად მას შემდეგ განიხილებოდა, რაც ვირუსმა 2020 წელს მასობრივი გავრცელება დაიწყო. ამასთან ერთად გამოიკვეთა ტენდენცია იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანებს კორონავირუსი ტენდენციურად უფრო ხშირად ან იშვიათად უდასტურდებოდათ. მაგალითად, აპრილის თვეში ნორვეგიაში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ სომალელებს, იმ დროინდელ დაინფიცირების საშუალო მაჩვენებელზე, 10-ჯერ მაღალი დაინფიცირების შემთხვევები ჰქონდათ. მსგავსი ტენდენციები დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაშიც გამოიკვეთა, სადაც ორივე ქვეყანაში ეთნიკურ და რასობრივ უმცირესობებს დაინფიცირების საშუალოზე ბევრად მაღალი მაჩვენებელი დაუდასტურდათ. ვირუსის გავრცელების პროცესისა და გენეტიკის კავშირის საკვლევად ჰელსინკის მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტმა გენეტიკის მკვლევართა დამაკავშირებელი პლატფორმა შექმნა, რომლის მიზანსაც Covid-19-ის ვირუსზე მგრძნობიარობის, სიმწვავესა და შედეგების დადგომაში გენეტიკური დეტერმინანტების კვლევა წარმოადგენდა. ამ ტენდენციის გამო, სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო კვლევითმა ცენტრებმაც გენეტიკისა და ვირუსის კავშირის შესწავლა დაიწყეს.

საბოლოოდ, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კონკრეტული ეთნიკური თუ რასობრივი ჯგუფების დაინფიცირების მაღალ რიცხვს, ადამიანის გენეტიკასთან კავშირი არ აქვს. კვლევების თანახმად დამტკიცდა, რომ დასავლურ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების კორონავირუსით ინფიცირების მაღალ რიცხვს და ინფიცირებისგან გამოწვეულ გართულებებს, ისეთი ფაქტორები განაპირობებს, როგორიცაა არათანაბარი შემოსავლები, საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, თანმდევი ჯანმრთელობის პრობლემები (მაღალი არტერიული წნევა, სასუნთქი სისტემის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი), არასათანადო სამედიცინო უზრუნველყოფა, ენის ბარიერი და გარემო პირობები. შესაბამისად, გენეტიკის როლი Covid-19-ის გავრცელებისა და ვირუსთან გამკლავების საკითხში საერთაშორისო კვლევების (ბმული 1; ბმული 2) შედეგად გაბათილებულია და შესაბამისად მტკიცებაც, რომ ეთნიკურად ქართველებს ვირუსი გენეტიკის გამო ადვილად გადააქვთ, ყალბია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი