დეზინფორმაცია: ვიდეო, რომელიც ნიდერლანდებშია გადაღებული, ვაქცინის საწინააღმდეგო დემონსტრაციას ასახავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28 იანვარს Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ხალხით სავსე, გადაკეტილ ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციაა ასახული. პოსტის ავტორის მტკიცებით, ვიდეო ნიდერლანდებში გამართულ ვაქცინის საწინააღმდეგო დემონსტრაციას ასახავს: „გამოსვლებია ჰოლანდიაში ვაქცინის წინააღმდეგ. მედია დუმს!!!“ დეზინფორმაციის პირველი წყარო ესპანელი ფეისბუქ-მომხმარებელი Mario Gomez-ია, რომელმაც 25 იანვარს საკუთარ Facebook-გვერდზე იგივე ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: „HOLANDA“.

მასალის InVID & WeVerify-ს საძიებო ხელსაწყოთი გადამოწმების შემდეგ მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში, ვიდეო 23 იანვარს სანკტ-პეტერბურგში ალექსეი ნავალნის დაკავების საწინააღმდეგო აქციაზეა გადაღებული. „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა მეთიუ ლაქსმურმა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, ვიდეო საკუთარ Twitter ანგარიშზე 23 იანვარს განათავსა აღწერით: „ვიდეო სანკტ-პეტერბურგში დღეს გამართული მასობრივი საპროტესტო აქციიდან“. ევროპარლამენტის უფროსმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ალექსანდერ კრაუსმა კი 24 იანვარს გამოქვეყნებულ იმავე მასალას შემდეგი აღწერა დაურთო თან: „სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2021 წლის 23 იანვარი. რაღაც უჩვეულო ხდება ამ ადგილას“. ვიდეო 23 იანვარს Youtube-ზეც გამოქვეყნდა, სადაც დემონსტრაციის ადგილმდებარეობად კვლავ სანკტ-პეტერბურგია მითითებული.

ფაქტების გადამოწმების ესპანურმა ორგანიზაციამ AFP factual-მა ვიდეოს გადამოწმებისთვის გეოლოკაციის მეთოდი გამოიყენა, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მასალაში არსებული შენობები რეალურად არა ნიდერლანდების რომელიმე ქალაქში, არამედ სანკტ-პეტერბურგში, ნევის გამზირზე მდებარეობს.

23 იანვარს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად ხალხი სანკტ-პეტერბურგში, ნევის გამზირზე მას შემდეგ გამოვიდა, რაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული ნავალნი დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. რაც შეეხება ნიდერლანდებს, მას შემდეგ, რაც 22 იანვარს ქვეყნის მთავრობამ 10 თებერვლამდე კომენდანტის საათი დააწესა, როტერდამში, ამსტერდამსა და ჰააგაში 24 იანვარს ასობით ადამიანი გასაპროტესტებლად ქუჩაში ნამდვილად გამოვიდა. თუმცა ნიდერლანდებში მიმდინარე დემონსტრაციებს მოცემულ ვიდეო-მასალასთან საერთო არაფერი აქვს.

ამრიგად, 28 იანვარს Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეო ნიდერლანდებში გამართულ ვაქცინის საწინააღმდეგო აქციას არ ასახავს. ვიდეოში 23 იანვარს სანკტ-პეტერბურგში, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართული დემონსტრაციის ამსახველი კადრებია წარმოდგენილი.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი