ბიძინა ივანიშვილი: არცერთი მიმართულებით პროფესიონალები არ გვყოფნის. ღარიბები ვართ, ათჯერ ჩამოვრჩებით ევროპას. 5 ან 10 %-ითაც რომ ზარდო ეკონომიკა, ამას ნახეთ რამხელა დრო სჭირდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის “დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: ინტერვიუში დასახელებული შედარების შესაფასებლად, მიზანშეწონილია, რეალური მშპ ერთ სულზე, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით (PPP), იქნას გამოყენებული. მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებით, 2019 წელს, საქართველოს რეალური მშპ ერთ სულზე[1] მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 14.9 ათასი საერთაშორისო დოლარია. ევროკავშირის მაჩვენებელი 44.4 ათასი საერთაშორისო დოლარია, რაც საქართველოს მონაცემს 3-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ინდიკატორის 5% ზრდით, საქართველო ევროკავშირის 2019 წლის დონის მიღწევას 2042 წელს შეძლებს, ხოლო 10%-იანი ზრდით, 2031 წელს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბოლო კვლევების მიხედვით, სიმართლეს შეესაბამება განცხადების ნაწილი პროფესიონალების ნაკლებობის შესახებაც. საქართველოში ბიზნესის კეთების ხელისშემშლელ მთავარ ფაქტორად 2013-2017 წლებში არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა დასახელდა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება სამუშაო ძალის კვალიფიკაციის თვალსაზრისით არსებული პრობლემების ნაწილში რეალობას შეესაბამება. ევროპის ქვეყნებთან ჩამორჩენის ნაწილში კი, შეფასება არსებითად გადაჭარბებულია. ამ ქვეყნებთან განსხვავების აღმოფხვრას ათწლეული დასჭირდება, თუნდაც 10%-იანი ზრდის (ორნიშნა ზრდა საქართველოს რეალობაში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში დაფიქსირებულა) პირობებში. შესაბამისად, „ ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სიღარიბესა და ქვეყანაში პროფესიონალების ნაკლებობას. „არცერთი მიმართულებით პროფესიონალები არ გვყოფნის, ყველაზე დიდი ტრაგედია ჩვენი სწორედ ესაა. ღარიბები ვართ, ეკონომიკაში იოლი დასათვლელია, რომ ათჯერ ჩამოვრჩებით ევროპას, ჩამოვრჩებით უხეშად რომ ვთქვათ. 5 ან 10 %-ითაც რომ ზარდო ეკონომიკა, ამას ნახეთ რამხელა დრო სჭირდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ყველა ქვეყანას ეროვნული ვალუტა გააჩნია, რომელშიც მათი მთლიანი შიდა პროდუქტი წლიდან წლამდე ითვლება. ასევე, სხვადასხვა ქვეყნებში ფასების დონე სხვადასხვანაირად იცვლება. მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის სტატისტიკური მიდგომები და მეთოდიკაც მეტნაკლებად განსხვავებულია. შესაბამისად, ზუსტი შედარების გაკეთება თითქმის შეუძლებელია. თუმცა სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკის შედარებისას, ოპტიმალური გზაა, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით გამოთვლილი, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის განხილვა ერთ სულზე. მსოფლიო ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, 2019 წელს, რეალური მშპ ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 14.9 ათასი საერთაშორისო დოლარია. შედარებისთვის, ევროკავშირისთვის აღნიშნული ინდიკატორი 44.4 ათასი საერთაშორისო დოლარის შეადგენს, რაც საქართველოს მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. რეალური მშპ-ს 10%-იანი ზრდით, საქართველო ევროკავშირის მიმდინარე დონეს 2031 წელს დაეწევა, 5%-იანი ზრდის შემთხვევაში კი - 2042 წელს.

გრაფიკი 1: ევროკავშირისა და საქართველოს რეალური მშპ (PPP) ერთ სულზე 2010-2019 წლებში, პროექციები ევროკავშირის 2019 წლის რეალური მშპ (PPP) ერთ სულზე და საქართველოს რეალური მშპ (PPP) ერთ სულზე 10%-იანი ყოველწლიური ზრდით (საერთაშორისო დოლარში)

წყარო: მსოფლიო ბანკი; ავტორის გამოთვლები

ყურადსაღებია ქვეყანაში პროფესიონალების ნაკლებობის პრობლემაც. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიზანია მაქსიმალურად ნეიტრალურად და ობიექტურად შეადაროს სხვადასხვა ეკონომიკების კონკურენტუნარიანობა და მათი მთავარი პრობლემები დაადგინოს. მოცემული კვლევის თანახმად, 2013-2017 წლებში, საქართველოში ბიზნესის კეთების ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს „არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა“ წარმოადგენდა.

ცხრილი 1: საქართველოში ბიზნესის კეთების ხელისშემშლელი ფაქტორები 2007-2017 წლებში

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოს სამუშაო ძალაში პროფესიონალების ნაკლებობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ასევე, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირისას და 10%-იანი ზრდითაც კი ევროკავშირის დღევანდელ დონესთან დასაწევად ერთ სულზე რეალური მშპ (PPP)-ს მიხედვით, საქართველოს 10 წელზე მეტი სჭირდება. თუმცა ეკონომიკური დონის შედარებისთვის გამოყენებული ამ ინდიკატორით, საქართველო ევროკავშირს 3-ჯერ ჩამოუვარდება და არა 10-ჯერ, როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

[1] ბუნებრივია, მოსახლეობის ცვლილება ჩამოთვლილ ქვეყნებში მშპ ერთ სულზე მაჩვენებელში გარკვეულ ცვლილებას შეიტანს, თუმცა საანალიზო მონაცემზე რომლებიც სტატიაში საორიენტაციო ხასიათს ატარებენ, აღნიშნულ ცვლილებას არსებით გავლენა ვერ ექნება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი