მიხეილ სააკაშვილი: მალტამ ევროკავშირისგან 1 მილიონით მეტი ვაქცინა მიიღო და მზად არის ღარიბ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს გადაუნაწილოს. რატომ არ მიმართავთ მალტას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: თავდაპირველად არსებობდა მოლოდინი, რომ რამდენიმე სახელმწიფოს ვაქცინები მეტობით მიეღო, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. მეტიც, განცხადების გაკეთების მომენტში, მალტას არათუ მილიონი დოზით ზედმეტი ვაქცინა აქვს, არამედ პირიქით - საჭირო რაოდენობაც არ აქვს და ცდილობს დამატებითი შესყიდვები განახორციელოს. აქედან გამომდინარე, სიმართლეს არ შეესაბამება ის მსჯელობა, რომელსაც თავის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი ავითარებს. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „მალტამ ევროკავშირისგან ერთი მილიონით მეტი ვაქცინა მიიღო, ვიდრე სჭირდებოდა. მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინა ღარიბ ქვეყნებს გადაუნაწილოს, რომელთა კატეგორიაშიც საქართველოც შედის. შეუძლებელია, ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს. მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, ღია წყაროებიდან ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია. რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?“

ექსპრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით რომი) კოტე სურგულაძემ განაცხადა: „საქართველომ ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო კონსულტაციები მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე, კონსულტაციები დღესაც გრძელდება. სხვა ნებისმიერი ინფორმაცია ამ თემაზე სპეკულაციას წარმოადგენს“.

ამ ეტაპზე, მალტას არათუ ერთი მილიონით ზედმეტი დოზა, არამედ საკმარისი დოზებიც არ მოეპოვება. მალტას Moderna-ს ვაქცინის 100,000 დოზა და Pfizer-ის 670,000 დოზა აქვს შეკვეთილი. ამასთან, მალტას AstraZeneca-ს მილიონი ვაქცინის დოზა ჰქონდა შეკვეთილი, აღნიშნულ ვაქცინას გამოყენებისთვის ევროპის მარეგულირებელი (EMA) მიმდინარე კვირის ბოლოს დაამტკიცებს. თუმცა მწარმოებელი კომპანიებისგან მიწოდება შეფერხდა, განსაკუთრებით AstraZeneca-ს მხრიდან. გასულ კვირას AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდებას 60%-ით შეამცირებს. შესაბამისად, ევროკავშირის 27 ქვეყანა ჯამში 80 მილიონი დოზის ნაცვლად, 31 მილიონ დოზას მიიღებს.

2020 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც მალტამ COVID-19-ის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ზედმეტი დოზა ხელმისაწვდომი იქნებოდა მეზობელი ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ ვაქცინა. თუმცა ამ დროისთვის ვაქცინის საკმარისი დოზები საკუთარი ქვეყნისთვისაც არ აქვს.

26 იანვარის ინფორმაციით, მალტამ AstraZeneca-სგან მიწოდების შემცირების გამო, COVID-19-ის ვაქცინის დამატებით დოზები შეუკვეთა. პრემიერ-მინისტრის რობერტ აბელას განცხადებით, მალტამ Moderna-ს ვაქცინის კიდევ 80,000 დოზა შეუკვეთა. მან ასევე გამოაცხადა Pfizer-ის ვაქცინის 14000-ზე მეტი დოზის მიღების შესახებ. ორშაბათის მდგომარეობით, მალტაში ვაქცინის 21,172 დოზა ჩატარდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, იმისთვის რომ დეფიციტი არ შეიქმნას, მალტა ცდილობს, Moderna-ს ვაქცინების საერთო დოზა 270 000-მდე გაზარდოს.

როგორც მსჯელობიდან ჩანს, თავდაპირველად არსებობდა მოლოდინი, რომ რამდენიმე სახელმწიფოს ვაქცინები მეტობით მიეღო, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. მეტიც, განცხადების გაკეთების მომენტში, მალტას არათუ მილიონი დოზით ზედმეტი ვაქცინა აქვს, არამედ პირიქით - საჭირო რაოდენობაც არ აქვს და ცდილობს დამატებითი შესყიდვები განახორციელოს. აქედან გამომდინარე, სიმართლეს არ შეესაბამება ის მსჯელობა, რომელსაც თავის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი ავითარებს. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილი.

ფოტო:georgiatoday.ge

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი