დეზინფორმაცია: ჯანმოს განცხადებით, COVID-19-ის ტესტების [დადებითი] შედეგები მნიშვნელოვნად აჭარბებს დაინფიცირებული ადამიანების რიცხვს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

22 იანვარს ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, ჯანმომ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, რომ COVID-19-ის ტესტების შედეგები დაინფიცირებული ადამიანების რიცხვს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. ტომარაძის მტკიცებით, დაინფიცირებულთა რიცხვს ტესტირებით ხელოვნურად ზრდიან.

20 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვებგვერდზე ნამდვილად გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელიც 2020 წლის 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას ანაცვლებს. როგორც პირველი, ისე მეორე განცხადება კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტების ჩატარებას და მასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ეხება. მასალაში აღნიშნულია, რომ ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალი PCR ტესტების ჩატარების ინსტრუქციას ყურადღებით უნდა გაეცნოს. სამედიცინო პერსონალმა კორონავირუსის დიაგნოსტირებისას PCR ტესტის პასუხები პაციენტის კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის, მისი სამედიცინო ისტორიის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით უნდა გააანალიზოს. 20 იანვარს ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არ წერია, რომ კორონავირუსის ტესტების შედეგები დაინფიცირებული ადამიანების რიცხვს აჭარბებს. ამასთანავე, ჯანმოს განცხადება ბაიდენის ინაუგურაციასთან ხელოვნურადაა დაკავშირებული.

დეზინფორმაცია პირველწყარო ამერიკული კონსერვარტიული გამოცემა „The Gateway Pundit“ მიერ 22 იანვარს გამოქვეყნებული სტატიაა, სათაურით - „ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან ერთი საათის შემდეგ, WHO-მ ტესტირების ცრუ დადებითი შედეგების მაღალი რაოდენობა აღიარა“. „The Gateway Pundit“-ის ცრუ მტკიცებას ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია PolitiFact გამოეხმაურა. COVID-19-ის ტესტირების ლაბორატორიაში მომუშავე ხუთმა ვირუსოლოგმა PolitiFact-თან საუბრისას განაცხადა, რომ WHO-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მთავარი მიზანი ლაბორატორიაში მომუშავეთათვის იმის შეხსენება იყო, რომ COVID-19-ის ტესტირების ჩატარების დროს ტესტის ინსტრუქციებს ზედმიწევნით უნდა მიჰყვნენ. განცხადებაში არ წერია, რომ კორონავირუსის ტესტები არაზუსტია.

დღეისთვის რესპირატორული დაავადებების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად სწორედ PCR ტექნოლოგიაზე (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციაზე) დაფუძნებული – მოლეკულური ტესტირება მიიჩნევა. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში COVID-19-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. მასალა, როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან გროვდება. შეგროვებული უჯრედებისგან გენეტიკურ მასალას ლაბორატორიაში აცალკევებენ და შემდეგ აანალიზებენ. ამ სადიაგნოზო რეაქციის აღმოჩენის იდეა ამერიკელ კ. მიულისს (1983) ეკუთვნის, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. PCR ტესტები რესპირატორული ვირუსების კვლევის ყველაზე ეფექტური ფორმაა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი