რომან გოცირიძე: 2020 წელს უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა წინა წელთან შედარებით 9 პროცენტით მოიმატა და სარეკორდო, 1,88 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს ზუსტად იმდენივეა, რამდენიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია ამავე პერიოდში. ეს არის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის ერთი წლის განმავლობაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე:

2020 წელს უცხოეთიდან გზავნილებმა 1.88 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 9%-ით აღემატებოდა. ამავდროულად, ბოლო 10 წლის უცხოეთიდან გზავნილების ჯამი, 14.3 მილიარდი აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამი კი 13.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. უცნობია, 2020 წელს, ოთხივე კვარტლის ჩათვლით, რა მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მეოთხე კვარტალში პუი-მ 700 მლნ აშშ დოლარი შეადგინოს. შესაბამისად, პუი-ს მაჩვენებელი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, როგორც მინიმუმ, უცხოეთიდან გადმორიცხვებს ჩამოუვარდება, რაც იმის მიუხედავად რომ განცხადებასთან თანხვედრაში არ არის, კონტექსტს, როგორც მინიმუმ აძლიერებს.

ზოგადად, 10 წლის კუმულატიური მაჩვენებლის შედარება 1 წლის მთლიან შიდა პროდუქტთან უტრირების ელემენტებს შეიცავს, რადგან წლების განმავლობაში ინფლაცია იზრდება, ანუ ფასების დონე და გაცვლითი კურსი. თუმცა პოლიტიკოსი მხოლოდ ზოგადი ანალიზით შემოიფარგლება და მონაცემებს პოსტის მკითხველისთვის ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ასახელებს. 2015-2019 წლებში, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (გამოსახული აშშ დოლარში), 14.9-17.7 მლრდ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ანალიზი:

პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით: „2020 წელს უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა წინა წელთან შედარებით 9 პროცენტით მოიმატა და სარეკორდო, 1,88 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს ზუსტად იმდენივეა, რამდენიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია ამავე პერიოდში. ეს არის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის ერთი წლის განმავლობაში“.

უცხოეთიდან ფულადი გზავნილები არის თანხა, რომელსაც ძირითადად ემიგრანტები საქართველოში აგზავნიან. ეროვნული ბანკის მონაცემი საქართველოს საბანკო სისტემაში მოქმედი ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებებით (Western Union, Money Gram, Anelik, Unistream და სხვა), საზღვარგარეთიდან საქართველოში და პირიქით ფულადი გზავნილების მოცულობას ასახავს. 2020 წელს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხვები 8%-ით გაიზარდა და 1,88 მილიარდ დოლარს მიაღწია. გადმორიცხვებში რუსეთი და იტალია ლიდერობენ,ხოლო ტოპ-ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი 1: საერთაშორისო გადმორიცხვების ათეული 2020 წელი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ასევე ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ათი წლის უცხოეთიდან გადმორიცხვების მაჩვენებლის ჯამი, მართლაც 14.3 მილიარდი ამერიკული დოლარის ტოლია. შესაბამისად, პოლიტიკოსის მიერ დასახელებული ეს მონაცემიც სიმართლეს შეესაბამება.

გრაფიკი 1: საერთაშორისო გადმორიცხვები 2011-2020 წლები

წყარო: ეროვნული ბანკი

რომან გოცირიძე განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) ბოლო 10 წლის მანძილზე უცხოეთიდან გადმორიცხვების ტოლია და ის 14.3 მილიარდი აშშ დოლარია.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამი ბოლო 10 წლის მანძილზე 13.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით). ეს ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, უცხოეთიდან გადმორიცხვები ბოლო 10 წლის პუი-ს მაჩვენებელს, 700 მილიონით აღემატება. თუმცა 2020 წლის ბოლო კვარტლის მონაცემი ჯერ კიდევ არ არის განახლებული და, შესაძლოა, ეს რიცხვები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდეს. შესაბამისად, გამოდის რომ გადმორიცხვების მოცულობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2011-2020 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

განცხადებაში პოლიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ჯამი საქართველოს 1 წლის აშშ დოლარში დათვლილი ეკონომიკის ტოლია. საქსტატის მონაცემებით საქართველოს ნომინალური მშპ 2019 წელს 17,7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გრაფიკი 3: ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2015-2019 წლებში, მლრდ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ზოგადად, 10 წლის კუმულატიური მაჩვენებლის 1 წლის მთლიან შიდა პროდუქტთან შედარება, უტრირების ელემენტებს შეიცავს, რადგან წლების განმავლობაში იზრდება ინფლაცია, ანუ ფასების დონე და გაცვლითი კურსი. თუმცა პოლიტიკოსი მხოლოდ ზოგადი ანალიზით შემოიფარგლება და მონაცემებს მკითხველისთვის გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად ასახელებს. 2015-2019 წლებში, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (გამოსახული აშშ დოლარში), 14.9-17.7 მლრდ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი