დეზინფორმაცია: მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დაწყებას აღიარებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

სოციალურ ქსელში პოპულარულმა მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გაავრცელა პოსტი, რომელში მოცემულ ვიდეოშიც, მიხეილ სააკაშვილი, თითქოს, „ომის დაწყებას“ აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ვიდეო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საგამოძიებო კომისიის სხდომის ჩანაწერის ერთ-ერთი ფრაგმენტია. მოჭრილი ფრაგმენტი და ვიდეოზე თანდართული სათაური - „სააკაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში“ - მიზნად სოციალური ქსელის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ისახავს.

პოსტში მოცემულ ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი ამბობს: „კითხვაზე განვახორციელეთ, თუ - არა, ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“.

სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი საუბრობს იმ მოვლენებზე, რამაც საქართველოს სახელმწიფო აიძულა, რუსეთის აგრესიაზე პასუხი გაეცა. ამავე ციტატის ბოლოს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფასებს როგორც მძიმეს, მაგრამ გარდაუვალს. ბექა ვარდოსანიძის მიერ პოსტში ციტატის სახით მოწოდებული შემდეგი ფრაზა კი: „სააკაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში“, ყალბია, რადგან მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული რამ არ უთქვამს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამხედრო მოქმედებების წარმოებისა და განხორციელების გადაწყვეტილებაზე საუბრობს. აღნიშნული ციტატის გადაკეთებით, ბექა ვარდოსანიძეს შეცდომაში შეჰყავს პოსტის მკითხველი, რომელმაც შესაძლოა, ყურადღება არ მიაქციოს, თუ კონკრეტულად, სიტყვასიტყვით რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook-პოსტი ბექა ვარდოსანიძემ სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ 2018 წელს განათავსა, როდესაც გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობდა. პოსტში ვარდოსანიძე გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციასაც ისახავდა მიზნად და ამ მანიპულაციის წინასაარჩევნოდ გამოყენებას ცდილობდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გახდა პოპულარული და იმავე შინაარსის ვიდეო მსგავსი წარწერით სხვა გვერდებმაც გაავრცელეს (მაგალითად, იხილეთ ბმული). „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ვარდოსანიძის მიერ მოცემული მტკიცებები ყალბია.

------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი