დეზინფორმაცია: კორონავირუსის პანდემიის ანტი-პროპაგანდისტული შეტყობინებების შემცველი ბანერი ირლანდიაში

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

2020 წლის 21 იანვარს, Facebook-მომხმარებელმა Nina Marji პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, დუბლინში აღმართული ბანერი მოსახლეობას პირბადეების გადაყრისკენ მოუწოდებს. ბანერზე მოძრავი ინგლისურენოვანი წარწერები კორონავირუსის პანდემიას წინასწარ დაგეგმილ აფიორას, ხოლო კორონავირუსის ტესტებს ყალბს უწოდებს და ამასთანავე, ამტკიცებს, რომ უამრავი მეცნიერი ვაქცინაციაზე უარს ამბობს. ბანერზე განთავსებული წარწერები კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული პოსტი ფოტოებისა და ვიდეოების სახით Facebook-სივრცეში ვირუსულად გავრცელდა: „უშუალო დემოკრატიული მოძრაობა“, „სიცოცხლის დაცვისა და გენოციდის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ალიანსი“, „GEORGIA-ქართველები საბერძნეთში“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ 6504 ძვ წ“, „თავისუფლება & ადამიანობა & დებატები & Freedom & Humanity & Debate & Live“, „დედათა საერთაშორისო გაერთიანება“, „კორონა მაფია“, „Photo-Fact GEORGIA“, „საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!“, „COVID 19 - თამაში დამთავრებულია“, „საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!“, ""!!!დედათა ლაშქარი!!!"", „კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა“.

პორტატული ელექტრონული ბანერი სამხრეთ დუბლინში, ბენზინგასამართ სადგურ Maxol Templeouge-თან, უნებართვოდ იყო აღმართული. ვიდეოს გავრცელების შემდგომ, კომპანია აღნიშნულ ფაქტს მალევე გაემიჯნა და საკუთარ „ინსტაგრამზე“ განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც მომხდარი დაგმო.

განცხადებაში კომპანიამ განმარტა, რომ ვიდეოში წარმოდგენილი მოსაზრებები Maxol Templeogue-ის მენეჯმენტს და მომსახურე პერსონალს არ ეკუთვნის. ამასთანავე, კომპანია აღნიშნავს, რომ ის COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო დადგენილ წესებს ყოველთვის მისდევდა და პატივს სცემდა.

Instagram.com

ირლანდიული გამოცემის Irish Central-ის ცნობით, ბანერი ბენზინგასამართ სადგურთან გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა. თუმცა, მსგავსი ბანერი სხვა დროს დუბლინის ჩრდილოეთით, მალჰაიდშიც დაუფიქსირებიათ. ასევე Irish Central-ის თქმით, პანდემიის პერიოდში კორონავირუსის წესებისა და ლოქდაუნის მოწინააღმდეგე დაჯგუფებები ჩამოყალიბდა, რომლებიც ბენზინგასამართი სადგურებისა და დიდი მაღაზიების ავტოსადგომებზე პორტატული ელექტრონული ბანერების საშუალებით კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ავრცელებს.

კონკრეტული ფაქტი ირლანდიელმა პოლიტიკოსებმაც დაგმეს. მათი აზრით, მსგავსი დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება, ქვეყნის კორონავირუსთან გამკლავების მცდელობებს ხელს უშლის. პოლიტიკოსებმა მოსახლეობას კეთილგონიერებისკენ და ყველა აუცილებელი წესის დაცვისკენ მოუწოდეს. დღეისთვის, აღნიშნულ შემთხვევას ირლანდიის პოლიცია იძიებს.

რაც შეეხება ირლანდიის კორონავირუსის პოლიტიკას, ქვეყნის „დახურვების“ სისტემა კორონავირუსის კონტროლში მოქცევის ერთ-ერთი სამაგალითო მოდელი იყო. ირლანდია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მეორე საყოველთაო ლოქდაუნი გამოაცხადა, რათა ოქტომბრის ბოლოს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა თავიდან აეცილებინა. ნოემბრის ბოლოს ირლანდიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. ქვეყანამ გარკვეული შეზღუდვები საშობაო არდადეგების დროს მოხსნა, თუმცა დღესასწაულების დამთავრების შემდეგ ქვეყნაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი გახდა. შესაბამისად, ქვეყანაში სკოლები დაიხურა, მოსახლეობას კი აუცილებელი საჭიროების გარდა ქუჩაში გამოსვლა აეკრძალა. ეს და სხვა შეზღუდვები იანვრის ბოლომდე გასტანს. 2021 წლის 22 იანვრის მონაცემებით, ირლანდიაში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 181 922-ია, ხოლო გარდაცვლილთა - 2818. ცნობისთვის, ირლანდიაში ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის 29 დეკემბერს დაიწყო.

დეზინფორმაციები, რომლებიც ელექტრონულ ბანერზეა განთავსებული

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელექტრონული ბანერი კორონავირუსთან დაკავშირებულ არაერთ დეზინფორმაციას და ყალბ ამბავს ავრცელებს.

ერთ-ერთი წარწერის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ნიურბერგის კოდექს არღვევს. ნიურბერგის კოდექსი 1947 წელს დაიწერა, იმ ექიმთა სასამართლო პროცესის დროს, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრებზე 7000-ზე მეტი სამედიცინო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი ექსპერიმენტების გზით, ნაცისტი ჯარისკაცების ბრძოლის ველზე გადარჩენის უნარის გაუმჯობესებას, სამედიცინო პროცედურებისა და მედიკამენტების დატესტვას, ცდილობდნენ. აღნიშნული ექსპერიმენტები მასში მონაწილე პირების თანხმობის გარეშე განხორციელდა. შესაბამისად, ნიურბერგის კოდექსი 10 პუნქტისგან შედგება, რომელიც სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარებისას მასში მონაწილე პირებისადმი მოპყრობის წესებს განსაზღვრავს. კოდექსში დატესტილი/დამტკიცებული ვაქცინებისა თუ პაციენტების მკურნალობის შესახებ არაფერია ნათქვამი. ამასთანავე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობის პროცესში მონაწილეები ცდებში მოხალისეობრივად, საკუთარი ნება-სურვილით იყვნენ ჩართულნი. აქედან გამომდინარე, COVID-19-ის ვაქცინების შექმნა/გამოყენებას ნიურბერგის კოდექსთან კავშირი არ აქვს. შესაბამისად, ვაქცინა არც კოდექსის წესებს არღვევს.

ასევე წარწერის თანახმად, პანდემია გლობალური ეკონომიკის დასანგრევად დაიგეგმა. პანდემიის დასაწყისიდანვე კორონავირუსი ახალი მსოფლიო წესრიგისა და გლობალური მმართველობის დამყარების კონსპირაციებს დაუკავშირეს. მაგალითად, „დიდი გადატვირთვის“ კონსპირაციას. სინამდვილეში „დიდი გადატვირთვა” მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებული გეგმაა, რომლის მიზანი რეკომენდაციებისა და პრაქტიკული რჩევების მიცემაა ქვეყნებისთვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ კრიზისს განიცდიან. პანდემიის სხვადასხვა ეტაპზე გამოცხადებული საყოველთაო „ლოქდაუნებიც“ მსოფლიო ეკონომიკის დანგრევის განზრახ მცდელობად არაერთხელ მოიხსენიეს.

რაც შეეხება ვიდეოში გავრცელებულ სხვა მტკიცებებს - კორონავირუსის ტესტების 95% ცრუ დადებით შედეგს აჩვენებს (ბმული 1), პირბადეები მიკრობებს ავრცელებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3), ვაქცინები არ არის შემოწმებული და ვაქცინაციას მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები ახლავს ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4), მეცნიერები ბავშვების ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ ( ბმული 1, ბმული 2) - ყველა მათგანი ყალბი ამბავია, რომლის შესახებაც „ფაქტ-მეტრი“ აქტიურად წერდა (შესაბამის სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულებზე).

შესაბამისად, Facebook-სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ბენზინგასამართ სადგურთან დროებით უნებართვოდ დამონტაჟებული ელექტრონული ბანერით გავრცელებული მოსაზრებები პანდემიასთან დაკავშირებით არც ბენზინგასამართი კომპანიის და არც ირლანდიის პოზიციას წარმოადგენს. ბანერით გავრცელებული ინფორმაცია კი კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციას და ყალბ ამბებს შეიცავს.

-----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი