დეზინფორმაცია: ჯანმო აცხადებს, რომ COVID-19 ჩინეთში არ წარმოშობილა

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

სოციალურ ქსელში კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, Facebook-ზე გამოცემა „ნიუსფრონტი“ სტატიას აქვეყნებს შემდეგი სათაურით: „ჯანმო ადასტურებს – „COVID-19“ ჩინეთში არ წარმოშობილა და ვირუსის წარმომავლობის გამოძიება მხოლოდ ახლა იწყება!“. სტატიის მიხედვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო), პირვანდელ ვერსიას ცვლის და აცხადებს, რომ COVID-19 ჩინეთში არ გაჩენილა. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში მსგავსი სახის ცნობას სხვადასხვა წყარო ავრცელებს.

„ნიუსფრონტის“ აღნიშნულ სტატიაში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ჯანმო პოზიციას იცვლის და აცხადებს, რომ კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოშობილა, ცნობილი გერმანული გაზეთის, Die Welt-ის სტატიის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

კერძოდ, Die Welt-ის სამეცნიერო მიმართულების მთავარი კორესპონდენტის, ნორბერტ ლოსაუს სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჯანმოს დოკუმენტების მიხედვით, მეცნიერები ამ დრომდე გამოუქვეყნებელ ანგარიშებზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ სანამ COVID-19 ჩინეთში ოფიციალურად დადასტურდებოდა, COVID-19-ით დაავადების შემთხვევები სხვა ქვეყნებში დაფიქსირდა. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ჯანმო SARS-CoV-2-ის ჩინეთში წარმოშობას, ან არ წარმოშობას ადასტურებს. პირიქით, ავტორი თავადვე აღნიშნავს და მიანიშნებს იმაზე, რომ ვირუსი შესაძლოა, ჩინეთში გაცილებით ადრე ცირკულირებდა, ვიდრე მას ოფიციალურად დაადასტურებდნენ და ვირუსმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაც კი მოასწრო.

ახალი კორონავირუსის წარმოშობის დრო და ადგილი ამ ეტაპისთვის ზუსტად ცნობილი არ არის, რადგან ეპიდემიის აფეთქების ადგილი (უჰანი), შესაძლოა, ვირუსის წარმოშობის ან ვირუსით ადამიანების ინფიცირების თავდაპირველ ადგილს, სულაც არ წარმოადგენდეს. ამ გარემოებების გასარკვევად და შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, ჯანმომ ჩინეთში მეცნიერთა გუნდის (10 ექსპერტის შემადგენლობით) გაგზავნის გადაწყვეტილებაც მიიღო, რაც Die Welt-ის სტატიაშიცაა აღნიშნული.

ჩინეთმა ჯანმოს მიერ წარგზავნილ მეცნიერთა ამ ჯგუფს თავდაპირველად ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, თუმცა, საბოლოოდ, საერთაშორისო ზეწოლისა და ჯანმოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჯგუფი ქვეყანაში მაინც შევიდა. ჯანმო იმედოვნებს, რომ მეცნიერთა ჯგუფის ვიზიტის შედეგად უფრო მეტი დეტალი გაირკვევა და ვირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების შემდეგი ფაზის უფრო ეფექტურად დაგეგმვა იქნება შესაძლებელი.

საწყის ეტაპზე, მეცნიერები ახალი კორონავირუსის გავრცელების (ადამიანის ინფიცირების) თავდაპირველ ადგილად, უჰანში მდებარე ზღვის პროდუქტების ბაზარს თვლიდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ცხოველებში, დიდი ალბათობით კი, ღამურებში წარმოშობილი კორონავირუსი, ადამიანზე პირველად სწორედ აღნიშნული ბაზრიდან გადავიდა. თუმცა მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარმა, შესაძლოა, ეპიდემიის გავრცელება უბრალოდ დააჩქარა.

Die Welt თავის სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ მკვლევართა ნაწილის აზრით, ღამურა კორონავირუსის მატარებელი (host) და არა ადამიანისთვის გადამცემი ორგანიზმია. ვინაიდან ადამიანის და ჩინეთში ღამურის ორგანიზმში აღმოჩენილ Sars-CoV-2-ისა და RaTG13-ის (ღამურებში აღმოჩენილი კორონავირუსის ტიპი) გენომი მხოლოდ 96%-ით ემთხვევა ერთმანეთს, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ უნდა არსებობდეს ე.წ. შუალედური გადამცემი (ტრანსმიტერი) ორგანიზმი ადამიანებსა და ღამურებს შორის (ანუ სხვა ცხოველი რომელსაც ღამურისგან გადაეცა ვირუსი და შემდეგ მისგან მოხდა ადამიანის ინფიცირება). თუმცა, ამ დრომდე ზუსტად დადგენა, თუ რომელი ორგანიზმი (ცხოველი) შეიძლება იყოს ვირუსის გადამცემი, ვერ ხერხდება. Die Welt ასევე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით, ღამურისგან ადამიანის კორონავირუსით ინფიცირების დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა, არ არსებობს, რაც მოსაზრებას, შუალედური ორგანიზმის არსებობის შესახებ, ამყარებს. ასევე, სანამ საბოლოოდ არ დადგინდება სიმართლე ვირუსის წარმოშობის და გავრცელების შესახებ, მანამდე ჯანმო ბოლომდე ვერ გამორიცხავს ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების [და არა ლაბორატორიაში შექმნის - ავტორის შენიშვნა] შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული საკითხების გამოსაკვლევად გაიგზავნა ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში.

„ნიუსფრონტი“ სტატიის ბოლოს ასევე საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში მათ სიმართლის გავრცელებაში ხელს უშლიდნენ, როდესაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე ამტკიცებდნენ, რომ კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოშობილა. „როგორ “გადაფრინდა” კორონავირუსი უჰანიდან პირდაპირ იტალიაში ისე, რომ გვერდი ჩინეთის დანარჩენ პროვინციებს აუარა, სოროსის ფონდის მიერ დაპროგრამებული ქართველი ლიბერალ-ფაშისტები ასეთი კითხვების გავრცელებაში ხელს გვიშლიდნენ“,- ვკითხულობთ სტატიაში. „ნიუსფრონტის“ ამ მანიპულაციურ მოსაზრებას, რომ თითქოს იტალიაში ან სხვა ქვეყნებში ვირუსის ჩინეთის სხვა პროვინციებზე უფრო ადრე გავრცელება, ადასტურებს, რომ ის ჩინეთში არ წარმოშობილა, არაფერი აქვს საერთო ავტორიტეტული გერმანული გამოცემის Die Welt-ის ზემოთ ნახსენებ სტატიასთან და ის „ნიუსფრონტის“ რედაქციის დაუსაბუთებელ მტკიცებას წარმოადგენს.

„ნიუსფრონტის“ Die Welt-ის სტატიაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯანმო ცვლის საკუთარ ვერსიას და აცხადებს, რომ ვირუსი ჩინეთში არ წარმოშობილა, სიმართლეს არ შეესაბამება. Die Welt-ის სტატიაში მოცემულ ინფორმაციას ქართული გამოცემა მკითხველს უზუსტოდ სთავაზობს.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი